ბრაზილიელთა ტრიუმფი ლიბერტადორესის თასზე

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის კიდევ ორი საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა, რომლის შემდეგაც ჯგუფურ ეტაპზე ორი ბრაზილიური გუნდი გავიდა. "კორინთიანსს", "ფლუმინენსეს", "პალმეირასს" და "ატლეტიკო მინეიროს" ჯგუფურ ეტაპზე "გრემიო" და "სან პაულო" შეუერთდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტი, ექვსი გუნდი ეყოლებათ.

"სან პაულოს" ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვეტილი ჰქონდა, რადგან პირველ შეხვედრაში "ბოლივარს" 5:0 მოუგო. მიუხედავად ამისა, ლა პასში თამაში სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 38-ე წუთისთვის ანგარიში 0:3 იყო (ორი მატჩის ჯამში 0:8). შეხვედრის ამ მონაკვეთში გაიბრწყინა ჟადსონმა, რომელმაც ერთი გოლი თვითონ
გაიტანა, ორი კი პარტნიორებს გაატანინა.

ლუიშ ფაბიანომ ამჯერად ერთი გოლი იკმარა (პირველ მატჩში დუბლი შეასრულა). ასევე, გაიტანა ოსვალდომაც, ვინც ჟადსონის მსგავსად, თავი პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა. მოკლედ, "ბოლივარი" საპასუხო მატჩშიც იმ ფეხბურთელებმა დააქციეს, ვინც ეს პირველ შეხვედრაში გააკეთა - ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად როჟერიო სენის არ გაუტანია, სამაგიეროდ, თავად სენის გაუტანეს, თანაც არაერთხელ.

მოგეხსენებათ, ლა პასი ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გაიშვიათებულმა ჰაერმა და იმ ფაქტმა, რომ გუნდი ორი მატჩის ჯამში 8:0-ს იგებდა, ნეი ფრანკოს შეგირდები მოადუნა, რამაც გამოიწვია ის, რომ ბოლივიელებმა მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს და პრესტიჟის გამარჯვება მოიპოვეს.

"სან პაულო" ასპარეზობას მესამე ჯგუფში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქეები "არსენალი" (არგენტინა), "სტრონგესტი" (ბოლივია) და "ატლეტიკო მინეირო" (ბრაზილია) იქნებიან.

გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა "გრემიოს", რადგან პორტუალეგრელთა მეტოქე "ბოლივარზე" ორი თავით ძლიერი იყო. "ლდუ კიტო" ეკვადორის ერთ-ერთი გრანდია, რომელსაც სიტყვა მთლიანად კონტინენტზეც ეთქმის. პირველ შეხვედრაში, რომელიც კიტოში გაიმართა, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, რაც არცთუ ისე დიდ უპირატესობად მოჩანდა.

მასპინძლები მეტოქეს თავიდანვე ეკვეთნენ და ძალიან ბევრი მომენტიც შექმნეს, თუმცა რეალიზაციის მხრივ, ვანდერლეი ლუშემბურგოს შეგირდებს აშკარად პრობლემები ჰქონდათ. ბევრი საგოლე მომენტის გამოუყენებლობის გამო თითქოს "გრემიო" უნდა დასჯილიყო, მაგრამ სტუმრებს მარსელო გროეს შეწუხებაზე არც კი უფიქრიათ.

საბოლოოდ, შეხვედრის ერთადერთი გოლი ელანო ბლუმერმა გაიტანა. მატჩის 62-ე წუთზე "მანჩესტერ სიტის", "შახტარის" და "სანტოსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, მოედნის ცენტრი გადაკვეთა და ასე, 35 მეტრიდან შორეული კუთხისკენ დაარტყა... რამდენიმე წამში ახლად აშენებული, ულამაზესი "გრემიო არენა" აფეთქდა, რადგან ელანომ ბურთი სტუმართა კარის ცხრიანში ჩააჭედა. გოლი მართლაც არანორმალურად ლამაზი გამოვიდა.

ამ გოლის შემდეგ მასპინძლებს მომენტები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ სხვა ბევრი ეპიზოდის მსგავსად, ვერც ამ შემთხვევებში ივარგეს. დაინიშნა პენალტების სერია, სადაც პირველი 11-მეტრიანი ბრაზილიელმა საიმონმა ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ მას გამოცდილმა ნეისერ რეასკომაც მიბაძა. საბოლოოდ, როდესაც ანგარიში 5:4 გახდა, ნერვებმა ედუარდო მორანტეს უმტყუნა, რომელმაც ბურთი მარსელო გროეს გაარტყა.

"გრემიო" ბოლო, მერვე ჯგუფში მოხდა. ლუშემბურგოს გუნდის გარდა, ამ ჯგუფში ითამაშებენ: "კარაკასი" (ვენესუელა), "ფლუმინენსე" (ბრაზილია) და "უაჩიპატო" (ჩილე).

Sportall.Ge

ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები.

გრემიო-ლდუ კიტო 1:0 პენ. 5:4
(პირველი მატჩი: 0:1)
გოლი: 1:0 ელანო (62).
პენალტების სერია: 1:0 ანდრე ლიმა, 1:1 სარიტამა, 1:1 საიმონი (მეკარე), 1:2 ვიტი, 2:2 ვილიან ჟოზე, 2:2 ნ. რეასკო (ძელი), 3:2 პარა, 3:3 ველესი, 4:3 ე. ვარგასი, 4:4 კანუტო, 5:4 ალექს ტელესი, 5:4 მორანტე (მეკარე).

ბოლივარი-სან პაულო 4:3
(პირველი მატჩი: 0:5)
გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანო (2), 0:2 ჟადსონი (16), 0:3 ოსვალდო (35), 1:3 ვ. ფერეირა (38), 2:3 ნ. კაბრერა (59), 3:3 ნ. კაბრერა (69), 4:3 ვ. ფერეირა (75-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოპა ლიბერტადორესი: "ტიგრე" ჯგუფურ ეტაპზეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული