- იოლი შესამჩნევია, რომ კარგად მოწყობილხართ. ლონდონში ყველაზე მეტად რა გიყვართ?
დ. ლ. – "ჩელსის" თამაშების გარდა? ზოგადად, მიყვარს ეს ქალაქი, მიყვარს მრავალფეროვნება, გართობა, რესტორნები, კონცერტები. ის ძალიან განსხვავდება სამხრეთ ამერიკისგან. მაგალითად, ამას წინათ "ქოლდფლეის" კონცერტზე ვიყავი O2 Arena-ზე.
- როცა ლონდონში სტუმრები ჩამოდიან თქვენთან, სად
ჟ. ს. – ბუკინგემის სასახლეში, "ლონდონის თვალის" სანახავად, "ბიგ ბენში". ძალიან მიყვარს მუზეუმებში სიარული.
დ. ლ. – მე, მაგალითად, მადამ ტიუსოს მუზეუმში სამჯერ ვიყავი.
- იქ უკვე დგას თუ არა თქვენი ცვილის ფიგურები?
დ. ლ. – არა, ვფიქრობ, რომ ჯერ სეზარის გამოსახულება უნდა დადგან.
ჟ. ს. – არა, რადგან მე მხოლოდ მეკარე ვარ და არა ცნობილი ადამიანი.
- შეგიძლიათ ლონდონში მშვიდად სეირნობა?
დ. ლ. – დიახ, თუკი თავზე ქუდს დავიხურავ, რომელიც თმას მიფარავს. მიხარია, როცა გამვლელები მესალმებიან. რატომაც არა? მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
ჟ. ს. – ჩვეულებრივად ვსარგებლობ ავტობუსითა და მეტროთი. ამ მხრივ ლონდონი მილანს ნამდვილად მირჩევნია. ქუჩაში მხოლოდ ესპანელი და ბრაზილიელი ტურისტები თუ მცნობენ. თუკი ეს დამოკიდებულება შეიცვალა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ.
- მოგწონთ პრემიერლიგა?
ჟ. ს. – ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. ატმოსფერო, მინდვრები, სტადიონები - ყველაფერი გრანდიოზულია. "ქუინზ პარკში" თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მარკ ჰიუზის მადლობელი ვარ, რომ ეს შანსი მომცა. ალბათ, ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი ბრაზილიის ნაკრებში, ეს რომ არა. იმედი მაქვს, რომ ლიგაში დარჩენას მაინც მოვახერხებთ. ჰარი რედნაპი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
დ. ლ. – აქ თამაშები მსოფლიოს ჩემპიონატივით არის, ყოველ ქულას თავისი ვნება და დაძაბულობა ახლავს.
- კონკრეტულად მეკარისთვის რა არის საგრძნობი სხვაობა?
ჟ. ს. – თუნდაც ჩაწოდებები საჯარიმოში. ინგლისში ფეხბურთი უფრო ძალისმიერია. მაგალითად, შაბათს "ნორვიჩთან" გრანტ ჰოლტს შევუტრიალდი კუთხურის დროს და ვუთხარი, გეყოფა ხელის კვრა-მეთქი. მან კი მიპასუხა, მე კი არა, ამას შენი თანაგუნდელი აკეთებსო.
- თამაშის სტილის შეცვლა თუ მოგიხდათ?
დ. ლ. – ბრაზილიასა და პორტუგალიაში განსხვავებულად ვთამაშობდი. როცა "ჩელსიში" მოვხვდი, იმის კეთება დავიწყე, რასაც შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ფეხბურთის უფრო მაღალი დონის გამო ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, რადგან ამას არავინ გაპატიებს და დაგსჯის.
- ჩვენ შეჩვეულები ვართ ისეთი მებრძოლი მცველების ყურებას, როგორებიც ჯონ ტერი და ჯეიმი კარაგერი არიან. პასის ოსტატი მცველები, როგორიც თქვენ ხართ, იშვიათად გვინახავს. ალბათ, ალან ჰანსენისა და რიო ფერდინანდის გახსენება თუ შეიძლება.
დ. ლ. – ვფიქრობ, პრემიერლიგის სტილი ნელ-ნელა იცვლება, რადგან სხვადასხვა ეროვნების მცველები ჩამოდიან. ძველებურად მხოლოდ "სტოკ სიტი" თამაშობს, "სუონსი" კი დაცვაში ბევრად უფრო ტექნიკურად მოქმედებს.
- როგორ ხდება ბრაზილიელი მეკარე, განა თქვენს ქვეყანაში ყველას მეათე ნომრად თამაში არ უნდა?
ჟ. ს. – თავის დროზე არცთუ ურიგო მინდვრის მოთამაშე ვიყავი, თუმცა მერე მივხვდი, რომ კარში დგომა უფრო გამომდიოდა. მე მიყვარს ჩემი საქმე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავიდ ლუისის იმედები