ლიბერტადორესის თასი: უხვგოლიანი დღე

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის პირველი ტურის ხუთი მატჩი გაიმართა და ხუთივე უხვგოლიანი და რაც მთავარია, დაძაბული გამოდგა. "ველესის", "არსენალის" და "ბოკას" წაგების შემდეგ, არგენტინული კლუბები სირცხვილისგან "ნიუელს ოლდ ბოისმა" იხსნა. ხერარდო მარტინოს მეტოქე პარაგვაის "რეკორდმაისტერი" "ოლიმპია" იყო. მასპინძლები თავიდან ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ (სკოკო, ორსანი), რასაც სტუმართა ერთი საპასუხო გოლი მოჰყვა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ, გოლი მაქსი როდრიგესმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა გაუნაღდა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა პორტუ ალეგრიში, სადაც მოძლიერებული "გრემიო" "უაჩიპატოს" მასპინძლობდა. ჩილელებმა დაწინაურება 22 წლის არგენტინელის, ფედერიკო ფალკონეს
გოლის წყალობით შეძლეს, ვისაც საგოლე გადაცემა ურუგვაელმა ბრიან როდრიგესმა გაუკეთა. მეორე ტაიმში, თავი უკვე თავად ბრიან როდრიგესმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა, რომლებიც უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობდნენ (მოედანზე იყვნენ: კრისი, ელანო, ზე რობერტო, ბარკოსი, ედუარდო ვარგასი, ცვლილებაზე კი მარსელო მორენო და ველიტონი გამოვიდნენ), ჩილეს ჩემპიონს ვერაფერი მოუხერხეს და მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს – თავი გუნდის დებიუტანტმა ერნან ბარკოსმა გამოიჩინა, რომელმაც 11-მეტრიანი გამოიყენა. საბოლოოდ, "გრემიო" დამარცხდა, VII ჯგუფში კი "ფლუ" და "უაჩიპატო" გალიდერდნენ.

სხვა შეხვედრებიდან, ბარკოსის ყოფილი გუნდის, "პალმეირასის" გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ. საინტერესოა, რომ მორიგი გოლი გაიტანა ენრიკემ, რომელიც მცველი გახლავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში (შტატის პირველობაზე და ლიბერტადორესზე) უკვე 4 გოლი გაიტანა. მასპინძლების მხრიდან მეორე გოლის ავტორი ვეტერან ფრანგი პატრიკ ვიეირა არ გეგონოთ, პატრიკი 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველია, რომელიც "პალმეირასში" უკვე დიდი ხანია ირიცხება, მაგრამ რეგულარულად ძირითადში მხოლოდ 2013 წლიდან ხვდება.

როგორც აღვნიშნეთ, წააგო სარანდის "არსენალმაც", მაგრამ ეს გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რადგან არგენტინელები ბოლივიურ "სტრონგესტს" ლა პასში ეთამაშებოდნენ. საინტერესოა, რომ გამარჯვების მომტანი გოლი, მასპინძლებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიტანეს, რაც "არსენალი" მოედანზე ცხრა კაცით დარჩა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური.

II ჯგუფი
პალმეირასი-სპორტ. კრისტალი 2:1
გოლები: 1:0 ენრიკე (40), 1:1 ლობატონი (52-პენ), 2:1 პატრიკ ვიეირა (68).

III ჯგუფი
სტრონგესტი-არსენალი 2:1
გოლები: 1:0 ჩუმაკერო (18), 1:1 ბენედეტო (49), 2:1 მელგარი (87)
გაძევება: დ. პერესი (54. არსენალი), სელაია (78. არსენალი).

VI ჯგუფი
დეპორტეს ტოლიმა-სერო პორტენიო 2:1
გოლები: 1:0 ლ. კარდოსო (32-საკ. კარში), 2:0 დ. სილვა (59), 2:1 ვ. მარტინესი (77).

VII ჯგუფი
ნიუელსი-ოლიმპია 3:1
გოლები: 1:0 სკოკო (70-პენ), 2:0 ორსანი (76), 2:1 ბერეირო (88), 3:1 მაქსი როდრიგესი (90).

VIII ჯგუფი
გრემიო-უაჩიპატო 1:2
გოლები: 0:1 ფალკონე (17), 0:2 ბ. როდრიგესი (51), 1:2 ბარკოსი (54-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "ბომბონერა" დაეცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული