ლიბერტადორესის თასი: ბრაზილიელთა უიღბლო დღე

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის მორიგი სათამაშო დღის მთავარი შეხვედრა მექსიკაში გაიმართა - ქვეყნის ჩემპიონმა "ტიხუანამ", რომელიც ამ ტურნირზე პირველად მონაწილეობს და სულ რაღაც 6 წლის არის (2007 წელს დაარსდა), მოქმედ ჩემპიონს და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ "კორინთიანსს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ორი ტურის შემდეგ ორი მოგება ჰქონდათ და გოლიც არ ჰქონდათ გაშვებული, ფავორიტად მაინც ბრაზილიელები ითვლებოდნენ, მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა. არგენტინელი ანტონიო მოამედის შეგირდებმა მრისხანე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და კიდევ ერთი არგენტინელის, ხავიერ განდოლფის გოლით დაამარცხეს.

ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, ტიტეს
გუნდმა ბოლო დროს აშკარად მოუკლო. თავად განსაჯეთ: ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან "კორინთიანსმა" 1 მოიგო, 1 წააგო და 6 ფრედ დაასრულა. "ტიმაო" პაულისტას ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა, ჯგუფში კი მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ "ტიხუანას" უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

მექსიკელებს მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნით – 6 წლის ასაკის გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო, კარი სამივეჯერ მშრალად შეინახა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მე-8 ჯგუფში მე-4 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა და ისიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონმა და ლიბერტადორესის თასის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ფლუმინენსემ" საკუთარ მოედანზე "უაჩიპატოს" ვერ მოუგო. ანგარიში ფრედმა 31-ე წუთზე პენალტით გახსნა, მაგრამ ბრაზილიელებმა უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხეს, რის გამოც მეორე ტაიმში დაისაჯნენ – 71-ე წუთზე ნიკოლას ნუნიესმა წინასწორობა აღადგინა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

არგენტინულ-ბრაზილიური დუელი შედგა ბუენოს აირესში. "ტიგრემ", რომელსაც ორ ტურში გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, "პალმეირასს" უმასპინძლა და შეხვედრის ბოლო წუთზე გაბრიელ პენიალბას გოლით მოუგო. "არხენტინოს ხუნიორსის" ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა – "ტიგრემ", რომელიც "პალმეირასს" წამოეწია, ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

როგორც ხედავთ, ეს სათამაშო დღე ბრაზილიელთათვის საკმაოდ ცუდი გამოდგა – სამმა გუნდმა ჯამში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. "სპორტინგ კრისტალი" "ლიბერტადს" ორბურთიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ პერუელებმა ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ორი ქულა დაკარგეს. სტუმრები ირვენ ავილას დუბლის წყალობით იგებდნენ, მაგრამ პარაგვაელები არ დანებდნენ და ჯერ გუნდის ახალწვეულმა, ცენტრალურმა მცველმა პედრო ბენიტესმა ტურნირზე თავისი მეორე გოლი გაიტანა, 88-ე წუთზე კი გუნდის საუკეთესო ფორვარდმა არიელ ნუნიესმა წონასწორობა აღადგინა.

მართალია, "ლიბერტადმა" პირველი გოლები გაუშვა და პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, პარაგვაელები საბოლოოდ შედეგით უკმაყოფილონი არ დარჩენილან.

მესამე ტური დაიწყო "სიკვდილის ჯგუფში", სადაც "ტოლუკამ" ეკვადორის "ბარსელონას" უმასპინძლა და წაგებას შეხვედრის ბოლოსკენ გადაურჩა. გუაიაკილის გუნდი, რომელიც სანახევროდ არგენტინელებით არის დაკომპლექტებული, დამიან დიასის გოლით იგებდა, ვისაც საგოლე პასი არიელ ნაუელპანმა გაუკეთა, მაგრამ შეხვედრის 83-ე წუთზე წონასწორობა პანამელმა ლუის ტეხადამ აღადგინა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

I ჯგუფი. III ტური

ტოლუკა-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 დ. დიასი (36), 1:1 ტეხადა (83).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნასიონალი 2 1 1 0 5-4 4
2. ტოლუკა 3 1 1 1 5-5 4
3. ბოკა 2 1 0 1 3-3 3
4. ბარსელონა 3 0 2 1 4-5 2

II ჯგუფი. III ტური.

ლიბერტადი-სპორტ. კრისტალი 2:2
გოლები: 0:1 ავილა (25), 0:2 ავილა (65), 1:2 პ. ბენიტესი (68), 2:2 ა. ნუნიესი (88).

ტიგრე-პალმეირასი 1:0
გოლი: 1:0 პენიალბა (90).
გაძევება: ვილსონი (87. პალმეირასი).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიბერტადი 3 2 1 0 6-2 7
2. სპ. კრისტალი 3 1 1 1 5-4 4
3. პალმეირასი 3 1 0 2 2-4 3
4. ტიგრე 3 1 0 2 1-4 3

V ჯგუფი. III ტური.

ტიხუანა-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 განდოლფი (65).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ტიხუანა 3 3 0 0 6-0 9
2. კორინთიანსი 3 1 1 1 3-2 4
3. მილიონარიოსი 3 1 0 2 2-4 3
4. სან ხოსე 3 0 1 2 2-7 1

VIII ჯგუფი. IV ტური

ფლუმინენსე-უაჩიპატო 1:1
გოლები: 1:0 ფრედი (31-პენ), 1:1 ნ. ნუნიესი (71).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 4 2 1 1 4-5 7
2. გრემიო 3 2 0 1 8-3 6
3. უაჩიპატო 4 1 1 2 5-7 4
4. კარაკასი 3 1 0 2 4-6 3

ბომბარდირები: 3 – ბარეირო (ოლიმპია), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: ზე რობერტო არ ბერდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული