ლიბერტადორესის თასი: არგენტინული "ველესი" მომდევნო ეტაპზეა

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა ლიბერტადორესის თასი, სადაც მე-4 ჯგუფში უკვე მე-5 ტურის მატჩები გაიმართა და 1/8-ფინალში გასული კიდევ ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა. ეს გუნდი "ველეს სარსფილდი" გახლავთ, რომელმაც სტუმრად "დეპორტეს იკიკეს" 3:1 მოუგო და 12 ქულა მოაგროვა.

არგენტინელთა მხრიდან ანგარიში ვეტერანმა მცველმა სებასტიან დომინგესმა გახსნა, რასაც ცოტა ხანში ახალგაზრდა ლუკას რომეროს გოლი მოჰყვა. აქვე აღვნიშნოთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ მასპინძელი გააქტიურდა და სხვაობის შემცირება ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, მანუელ ვილიალობოსის წყალობით შეძლო, თუმცა
მეორე ტაიმის დებიუტში ემილიანო პაპას გადაცემით ხონათან კოპეტემ ისარგებლა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

"ატლეტიკო მინეიროს" შემდეგ "ველეს სარსფილდი" გახდა მეორე კლუბი, რომელმაც მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. "დეპორტეს იკიკეს" კი საშინელი პერიოდი აქვს - ჩილელებმა ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩი წააგეს, ხოლო უკანასკნელი 11 შეხვედრიდან 1 მოიგეს ("ემელეკთან", ლიბერტადორესის თასზე) და 10 წააგეს! ამ საშინელი სერიის გამო "იკიკე" ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ჩილეს ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა.

ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს "ემელეკი", რომელმაც უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში "პენიაროლს" მოუგო. ე.წ. 6-ქულიან დაპირისპირებაში ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, რაც ურუგვაელთათვის შესანიშნავი შედეგი იქნებოდა, მაგრამ მატჩის ბოლო 10 წუთში გუაიაკილის წარმომადგენლებმა ორი გოლი გაიტანეს და მეტოქეს სამი ქულით გაასწრეს.

ახლა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს, "პენიაროლმა" "დეპორტეს იკიკეს" უნდა მოუგოს, ხოლო "ემელეკმა" უმოტივაციო "ველესთან" წააგოს. თავად განსაჯეთ, რამდენად რეალურია მოვლენათა ასეთი განვითარება...

სხვა მატჩები მეოთხე ტურის იყო. მე-2 ჯგუფში "პალმეირასმა" "ტიგრეს" უმასპინძლა და რევანში აიღო. არგენტინაში ამ გუნდების მატჩი მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით (1:0) დასრულდა. გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ. კაიომ და ჩარლზმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და საკუთარი გუნდი მეორე ადგილზე გადაიყვანეს.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ვინისიუსმა, რომელსაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა.

ამ ჯგუფში ჯერ გარკვეული არაფერია და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.

მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა მე-6 ჯგუფშიც, სადაც ერთი აუტსაიდერი გაირკვა - "სერო პორტენიომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და უკვე უშანსოდ არის. პარაგვაელები ამჯერად ბოგოტაში დამარცხდნენ, სადაც მათი მასპინძელი კოლუმბიური "სანტე ფე" იყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯეფერსონ კუერომ გაიტანა და საკუთარი გუნდი გაალიდერა.

"სანტა ფეს" გალიდერებაში თავისი წვლილი მეორე კოლუმბიურმა გუნდმა, "დეპორტეს ტოლიმამაც" შეიტანა, რომელმაც სტუმრად "რეალ გარსილასო" გაანადგურა. უფრო სწორედ, პერუელებს ერთმა ფეხბურთელმა მოუგო - პარაგვაელმა როხერიო ლაიხტვაისმა ჰეთ თრიქი შეასრულა და ტურის გმირი გახდა. სტუმართა რიგებში ასევე გამოირჩეოდა 24 წლის "ენგანჩე" ანდრეს ანდრადე, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა.

ამ ჯგუფში კოლუმბიური დუეტი ლიდერობს და ბევრი რამ მომდევნო ტურში გადაწყდება, როდესაც "დეპორტეს ტოლიმა" "სანტა ფეს" უმასპინძლებს.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

II ჯგუფი. IV ტური

პალმეირასი-ტიგრე 2:0
გოლები: 1:0 კაიო (19), 2:0 ჩარლზი (53).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიბერტადი 4 2 2 0 7-3 8
2. პალმეირასი 4 2 0 2 4-4 6
3. სპ. კრისტალი 4 1 2 1 6-5 5
4. ტიგრე 4 1 0 3 1-6 3

IV ჯგუფი. V ტური

დეპ. იკიკე-ველესი 1:3
გოლები: 0:1 ს. დომინგესი (7), 0:2 რომერო (19), 1:2 ვილიალობოსი (40), 1:3 კოპეტე (51).

ემელეკი-პენიაროლი 2:0
გოლები: 1:0 ნასუტი (81), 2:0 გაიბორი (90).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 5 4 0 1 10-3 12
2. ემელეკი 5 3 0 2 5-4 9
3. პენიაროლი 5 2 0 3 4-7 6
4. დეპ. იკიკე 5 1 0 4 5-10 3

VI ჯგუფი. IV ტური

რეალ გარს.-დეპ. ტოლიმა 0:3
გოლები: 0:1 რ. ლაიხტვაისი (54), 0:2 რ. ლაიხტვაისი (66), 0:3 რ. ლაიხტვაისი (84).

სანტე ფე-სერო პორტენიო 1:0
გოლი: 1:0 კუერო (23).
გაძევება: კ. ვალდესი (75. სანტე ფე), ფ. ოვიედო (75. სერო პორტენიო)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სანტა ფე 4 2 2 0 5-3 8
2. დეპ. ტოლიმა 4 2 1 1 6-3 7
3. რეალ გარს. 4 2 1 1 3-4 7
4. სერო პორტენიო 4 0 0 4 2-6 0

ბომბარდირები: 4 – ბარეირო (ოლიმპია), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე); 3 – ავილა (სპორტინგ კრისტალი), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო), გერერო (კორინთიანსი), ლაიხტვაისი (დეპორტეს ტოლიმა), ა. პენია (კარაკასი), საუსედო (სან ხოსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "ბოკამ" ურუგვაიში მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული