ტორნეო ფინალი. VIII ტური: კლასიკოში "რივერ პლეიტმა" იმარჯვა

AutoSharing Option
კლასიკო
ე.წ. დიდი ხუთეულის ორი წევრი დაუპირისპირდა ერთმანეთს ხუან პერონის სახელობის სტადიონზე. აველიანედას "რასინგი", რომელსაც 4-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მასპინძლობდა "რივერ პლეიტს", ვისაც ბოლო ორ შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

შეხვედრა "რივერის" შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე ლეანდრო გონსალეს პირესმა კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. მთელი მატჩი სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, რამონ დიასის შეგირდებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

"რასინგის" მხრიდან ყველაზე მეტად 36 წლის მაურო ხერმან კამორანეზი აქტიურობდა. გუნდის თამაში გამოაცოცხლა ცვლილებაზე შემოსულმა დიეგო ვილიარმაც, მაგრამ ვეტერანების კარგი თამაში თუნდაც ქულის
ასაღებად საკმარისი არ გამოდგა.

მეორე ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი ბრუნო სუკულინის ჰქონდა, მაგრამ "რასინგის" 20 წლის ნახევარმცველმა ხუთი მეტრიდან ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი "რივერმა" კონტრშეტევა განახორციელა და მანუელ ლანსინიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა. საბოლოოდ, 0:2 და რამონ დიასის გუნდმა ლიდერ "ლანუსთან" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.

ლანუსი კვლავ დაუმარცხებელია
ლიდერი "ბომბონერას" ეწვია და იქიდან ქულა წამოიღო. შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, რასაც ხელი ხელოვნური განათების მწყობრიდან გამოსვლამაც შეუწყო. კარლოს ბიანკის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა, მაგრამ "ბოკას" საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს. ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გუნდზე არ უნდა აისახოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რიკელმე და კომპანია ტორნეო ფინალში ძალიან ცუდად გამოიყურებიან.

ამ შეხვედრის წინ "ბოკას" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომლის დასრულებაც გუნდმა ვერ მოახერხა. როგორც აღვნიშნეთ, მატჩი მოსაწყენი იყო, საგოლე მომენტი თითქმის არ ყოფილა და შესაბამისად, 0:0 ლოგიკური შედეგია.

"ლანუსმა" უახლოეს მდევართან სხვაობა კი გაზარდა, მაგრამ "რივერს" და "არსენალს" მიახლოების საშუალება მისცა.

ჟიგლიოტი შესანიშნავ ფორმაშია
7 გოლი 8 ტურში - ემანუელ ჟიგლიოტი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია. 25 წლის ფორვარდი, რომელმაც ტორნეო ინისიალის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა, ამჯერად ლიდერია და სკოკო-რომეროს დუეტს ორი გოლით უსწრებს.

რობერტო ნესტორ სენსინის გაგდების შემდეგ "კოლონმა" მეორე თამაში ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. წინა ტურში სანტაფელებმა "ტიგრეს" სძლიეს, ამჯერად კი მეორე ადგილზე მყოფ "ნიუელს ოლდ ბოისს" მოუგეს. მასპინძლები მოედანზე პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით გამოვიდნენ, რადგან რამდენიმე დღეში "ოლიმპიასთან" ლიბერტადორესის თასის მატჩი ელით.

მართალია, "ნიუელსის" ჯგუფში ჩარჩენა თითქმის წარმოუდგენელია (დიდი ანგარიშით უნდა წააგოს, ხოლო პარალელურად ასევე დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს "უნივერსიდად დე ჩილემ"), მაგრამ როგორ ჩანს, ხერარდო მარტინოს გარისკვა არ სურს. შედეგად, "ნიუელსმა" სეზონში მეორე მარცხი განიცადა, მაგრამ მაინც მეორე პოზიციაზე დარჩა.

ინდეპენდიენტეს არაფერი შველის
შავ დღეში მყოფმა "ინდეპენდიენტემ" მორიგი მარცხი განიცადა და მეორე დივიზიონისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. "ბოკა ხუნიორსთან" ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ (1:1) "ინდეპენდიენტეს" გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, მაგრამ მომდევნო ტურში ამერიკო გალიეგოს გუნდი "ოლ ბოისთან" დამარცხდა, თანაც მომავალი შეხვედრისთვის კლაუდიო მორელიც დაკარგა, ვინც წითელი ბარათი მიიღო.

არგენტინული ფეხბურთის გრანდი უკვე კატასტროფულ მდგომარეობაშია და სასწაული უნდა მოხდეს იმისთვის, რომ "ინდეპენდიენტემ" ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
აქვე ვთქვათ ისიც, რომ მეორე დივიზიონში დამაჯერებლად ლიდერობს "როსარიო სენტრალი" და არგენტინის კიდევ ერთ ისტორიულ გუნდს მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით, პრიმერაში ვიხილავთ.

ტორნეო ფინალი. VIII ტური

ოლ ბოისი-ინდეპენდიენტე 2:0
გოლები: 1:0 სარმიენტო (8), 2:0 ვილდოსო (90).
გაძევება: მორელი (90. ინდეპენდიენტე)

ტიგრე-ატლ. რაფაელა 1:3
გოლები: 0:1 ს. კარერა (7), 1:1 სისტერნა (51), 1:2 ხ. ლოპესი (83), 1:3 ხ. ლოპესი (90).
გაძევება: პერეს გარსია (59. ტიგრე)

ველესი-სან ლორენსო 1:1
გოლები: 1:0 რესკალდანი (55), 1:1 ლ. ნავარო (80).

რასინგი-რივერი 0:2
გოლები: 0:1 გონსალეს პირესი (12), 0:2 ლანსინი (89).

ნიუელსი-კოლონი 1:2
გოლები: 0:1 ჟიგლიოტი (52), 0:2 ჟიგლიოტი (56), 1:2 ორსანი (58).

არსენალი-ესტუდიანტესი 1:0
გოლი: 1:0 როლე (88).
გაძევება: ლ. ხარა (38. ესტუდიანტესი)

უნიონი-არ. ხუნიორსი 0:0
გოდოი კრუსი-ბელგრანო 0:0
კილმესი-სან მარტინი 0:0
ბოკა ხუნიორსი-ლანუსი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 7 - ჟიგლიოტი (კოლონი); 5 - სილვიო რომერო (ლანუსი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 4 - პერეს გარსია (ტიგრე), დ. საპატა (ესტუდიანტესი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
14. ატლ. რაფაელა 65 82 1.262
15. არ. ხუნიორსი 103 128 1.243
16. სან ლორენსო 103 127 1.233
17. კილმესი 27 32 1.185
18. ინდეპენდიენტე 103 115 1.117
19. სან მარტინი 65 69 1.062
20. უნიონი 65 66 1.015

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. VII ტური: "ლანუსის" უპირატესობა შემცირდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული