მარცხი 110 წლით უმცროსთან

AutoSharing Option
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა მონტევიდეოში, სადაც "ნასიონალმა" "რეალ გარსილასოს" 1:0 კი მოუგო, მაგრამ, ვინაიდან ურუგვალებს პირველი შეხვედრა ანალოგიური ანგარიშით ჰქონდათ წაგებული, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, სადაც უფრო მტკიცე ნერვები გამოუცდელ პერუელებს აღმოაჩნდათ.

ლიბერტადორესის თასის 3-გზის გამარჯვებული და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი გრანდი ტურნირს გამოეთიშა, დებიუტანტი "რეალ გარსილასო", რომელიც სულ რაღაც 3 (!) წლის არის, მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "გრემიო"-"სანტა ფეს" წყვილში გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.

90 წუთის განმავლობაში (ლიბერტადორესის თასზე დამატებითი დრო არ ინიშნება) უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მათ არაერთი გოლის გატანა
შეეძლოთ, თუმცა შესანიშნავად ირჯებოდა პერუელთა არგენტინელი მეკარე დიეგო კარანსა, ვინც უძლური მხოლოდ ერთხელ იყო - 53-ე წუთზე, 20 წლის გონსალო ბუენომ, დიეგო არისმენდის გადაცემის შემდეგ, ანგარიში გახსნა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. ამის მერე, როდოლფო არუაბარენამ ("ვილიარეალის" ყოფილი ფეხბურთელი "ნასიონალის" დამრიგებელია), თამაშში ზეგამოცდილი სებასტიან აბრეუ (36 წლის) და ალვარო რეკობა (37 წლის) ჩართო, თუმცა გადამწყვეტი გოლის გატანა ვერც მათ შეძლეს; ეს კი არა, რეკობამ მატჩის შემდეგ დანიშნული 11-მეტრიანების სერიაში პენალტი ვერ გამოიყენა და საკუთარი გუნდის მარცხს ხელი შეუწყო.

აი, ასე - 113 წლის "ნასიონალმა" 3 წლის "რეალ გარსილასოსთან" წააგო, რომელიც 2009 წელს ქალაქ კუსკოს სტუდენტებმა დააარსეს. "გარსილასო" უმაღლეს ლიგაში გატარებულ პირველივე სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ისიც პერუს ჩემპიონატის უცნაური სისტემის გამო - გუნდმა ფინალში "სპორტინგ კრისტალს" 1:0 მოუგო, საპასუხო მატჩი 0:1 წააგო, მაგრამ ჩემპიონი "სპორტინგი" გახდა, რადგან რეგულარულ ჩემპიონატში მეტი ქულა მოაგროვა. "სპორტინგ კრისტალი" ლიბერტადორესის თასზე ჯგუფში ჩარჩა, "გარსილასო" კი უკვე 1/4 ფინალშია და 2013 წლის მთავარი სენსაციის ავტორია.

ლიბერტადორესის თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი

ნასიონალი-გარსილასო 1:0 პენ. 1:4
(პირველი მატჩი: 0:1)
გოლი: 1:0 გ. ბუენო (56).
პენალტების სერია: 0:1 ფ. რამოსი, 0:1 რეკობა (მეკარე), 0:2 ვ. ფერეირა, 1:2 რომერო, 1:3 კ. ვილდოსო, 1:3 დ. არისმენდი (ააცილა), 1:4 გამარა.
ნასიონალი (4-4-2): ბავა, პ. ალვარესი, რომერო, კორტესი, ხ. დიასი - დე პენია, დამონტე, დ. არისმენდი, ვ. სანჩესი (75. რ. სესარი) - მედინა (59. აბრეუ), გ. ბუენო (59. რეკობა).
რეალ გარსილასო (4-4-1-1): დ. კარანსა - ხ. ერერა, ბოგადო, გუადალუპე, სანტილიანი - კამარინო (87. მ. მონტესი), რეტამოსო, სალასარი (75. კ. ვილდოსო), გამარა - ფ. რამოსი - ვ. ფერეირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ატლეტიკომ" "სან პაულო" შეარცხვინა; "ფლუს" გაუჭირდა, მაგრამ მაინც გავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული