"სანტოსის" ჰეგემონია დაემხო

AutoSharing Option
დასრულდა სან პაულოს შტატის ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც "კორინთიანსი" გახდა.

ტიტეს გუნდმა "სანტოსს" საპასუხო შეხვედრაშიც აჯობა და ამ კლუბის სამწლიანი ჰეგემონია დაამხო. ნეიმარი და კომპანია პაულისტას ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულნი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ იქამდე ბოლო ტურნირი სწორედ "კორინთიანსს" ჰქონდა მოგებული (2009 წელს).

პირველ შეხვედრაში მოპოვებული მინიმალური უპირატესობის შემდეგ (2:1) "ვილა ბელმიროზე" სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა უშედეგოდ. აი, "სანტოსმა" პირველივე ნორმალური შეტევით იხეირა - სტანდარტულის შემდეგ, ერთი კვირის წინ "სანტოსის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა დურვალმა, თავით
ბურთი სისეროს დაუგდო, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. გაშვებული გოლიდან ზუსტად ორ წუთში შეტევაზე "კორინთიანსი" გადავიდა და ანგარიში გაათანაბრა. თავი გამოიჩინა დანილომ, ვინც რაფაელ კაბრალის კარი ახლო მანძილიდან აიღო. ამის შემდეგ გოლის გატანა ისევ და ისევ სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ "ტიმაოს" ხან არ უმართლებდა, ხან კი კარგად თამაშობდა რაფაელი, რომელიც 2013 წლის პაულისტას საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

მეორე ნახევარი საკმაოდ მოსაწყენი იყო და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. "კორინთიანსი" თამაშს ბოლომდე აკონტროლებდა და მასპინძლებს არაფერს აბედვინებდა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონმა საკუთარი შტატის ჩემპიონატიც მოიგო. "კორინთიანსი" პაულისტას გამარჯვებული 27-ედ გახდა, რაც საუკეთესო შედეგია.

აქვე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს და სიმბოლურ ნაკრებს შემოგთავაზებთ:

პაულისტას საუკეთესო ფეხბურთელი: ნეიმარი (სანტოსი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: როდრიგო ბირო (პენაპოლენსე)
საუკეთესო ბომბარდირი: ვილიამი (პონტე პრეტა) - 13 გოლი

სიმბოლური ნაკრები (4-4-2): რაფაელი (სანტოსი) - ალესანდრო (კორინთიანსი), ჟილი (კორინთიანსი), კლებერი (პონტე პრეტა), როდრიგო ბირო (პენაპოლენსე) - ჟადსონი (სან პაულო), პაულინიო (კორინთიანსი), რალფი (კორინთიანსი), დანილო (კორინთიანსი) - გერერო (კორინთიანსი), ნეიმარი (სანტოსი).

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს. სულ ნეიმარმა სან პაულოს შტატის ჩემპიონატში ხუთჯერ ითამაშა. მისმა გუნდმა სამჯერ იმარჯვა, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა და ორივე შემთხვევაში "სანტოსის" მეტოქე "კორინთიანსი" იყო (2009 და 2013 წლებში).

სანტოსი-კორინთიანსი 1:1 (1:2)
გოლები: 1:0 სისერო (27), 1:1 დანილო (29).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: "ბოტაფოგო" რიოს ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული