ბრაზილია. სერია A. IV ტური: უცნაური ტური

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-4 ტური ძალიან უცნაური გამოდგა - ათი წყვილიდან ცხრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირა, მათგან ზოგიერთს შეგვიძლია სენსაციურიც ვუწოდოთ.

ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გამარჯვება ფავორიტს დარჩა, "გრემიოს" და "ვიტორიას" მატჩი იყო. ხმაურიან სენსაციათა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ "სან პაულოს" და "ფლამენგოს" მარცხი...

ჩემპიონის პირველი მარცხი
ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ, პირველი მარცხი განიცადა "ფლუმინენსემ", რომელმაც კურიტიბაში წააგო. მასპინძლები ამ გამარჯვებით პირველ პოზიციაზე გადავიდნენ, თუმცა პირველობის პოტენციური ლიდერი "გრემიოა", პოტენციურად მეორე კი "ფლუა" - ორივე ამ გუნდს 3-3 მატჩი აქვს ჩატარებული.

"კორიტიბასთან" შეხვედაში
(ქალაქს კურიტიბა ჰქვია, კლუბს კი "კორიტიბა") აბელ ბრაგას გუნდი საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ველინგტონ ნემი და ფრედი არ თამაშობდნენ. ეს უკანასკნელი ნაკრებთან ერთად არის, ველინგტონი კი "შახტარში" გადავიდა და ამიტომაც არ იყო განაცხადში. მასპინძლები რობინიომ დააწინაურა, თუმცა კარლინიოსმა წონასწორობა სწრაფად აღადგინა.

ამის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ "ფლუმ" არამარტო ვერ მოიგო, არამედ სულაც წააგო. 88-ე წუთზე, 35 წლის ალექსმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და შორეულ ცხრიანში დაუმიზნა. დიეგო კავალიერი უძლური იყო, გოლი კი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. "ფენერბაჰჩეს" ყოფილმა გამთამაშებელმა ალექსმა, ვინც პარანაენსეს ჩემპიონატში (პარანას შტატის პირველობა) 15 გოლი გაიტანა, მიმდინარე სერია A-ში თავი პირველად გამოიჩინა და საკუთარი გუნდი გაალიდერა.

გამორჩეული მატჩები
"ვასკო და გამა"-"ატლეტიკო მინეირო" და "კრუზეირო"-"კორინთიანსი" ამ ტურის ორი გამორჩეული შეხვედრა იყო. ორივე მატჩში ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, მაგრამ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

ლიბერტადორესის თასის წლევანდელი გათამაშების მთავარმა ფავორიტმა ცდა არ დააკლო, მაგრამ მასპინძელთა დაცვის ხაზს და კიპერ მიშელ ალვეშს ვერაფერი მოუხერხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია რონალდინიოს, რომელსაც გადატვირთული გრაფიკის გამო დასვენება სჭირდებოდა. საბოლოოდ, 19 წლის ალისონის და აბუდას გოლების წყალობით, "ვასკომ", ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ, საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტირება შეძლო და 2:0 მოიგო.

"ატლეტიკო მინეირო" ბოლო ადგილზეა და სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ რონალდინიო და კომპანია სიტუაციას მალე გამოასწორებენ. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით მათ მეზობლებზე, განსაკუთრებით "ფლამენგოზე", თუმცა ამ გუნდზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ.

ლიბერტადორესის თასის შარშანდელი გამარჯვებული კი "კრუზეიროსთან" დაეცა, ეს ყველაფერი კი ელბერის დაცემამ გამოიწვია. 83-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსული 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც მატჩში ძალიან აქტიურად ჩაერთო, მეტოქის საჯარიმოში, კასიოსთან პირისპირ აღმოჩნდა, სადაც ის ფაბიო სანტოსმა წააქცია. სანტოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, "კორინთიანსის" კარში კი პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი გოლად დაგობერტომ აქცია, სეზონში პირველი გოლი გაიტანა და "კრუზეირო" მეორე ადგილზე გადაიყვანა.

შერცხვენილები
შერცხვა "ფლამენგო" - ბრაზილიის ყველაზე პოპულარული გუნდი შინ იმ "ნაუტიკოსთან" დამარცხდა, რომელმაც სტუმრად თამაში უბრალოდ არ იცის და გასვლაზე გამარჯვება ამ გუნდისთვის ლამის ისტორიული მოვლენაა. თავად განსაჯეთ: შარშან, "ნაუტიკომ" 19 გასვლითი მატჩიდან 1 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 14 წააგო, ის ერთი გამარჯვებაც გავარდნილ "ატლეტიკო გოიანენსესთან" მოიპოვა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ლიგაში ყველაზე ცუდი იყო.

რა გასაკვირია და "ნაუტიკომ" "ფლას" სტუმრად პირველად მოუგო. აქამდე რიოში გამართული 12 მატჩიდან 10 "ფლამენგოს" ჰქონდა მოგებული, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი როჟერიომ 82-ე წუთზე გაიტანა, ოთხ წუთში კი მასპინძლებს ერთ-ერთი ლიდერი რენატო აბრეუ გაუძევეს, რომელიც თავის გუნდს მომდევნო ტურში ("კრისიუმასთან", სტუმრად) ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, თამაშის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ფლას" ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან ჟორჟინიო გაათავისუფლეს. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის (ფეხბუთელის რანგში) შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა ჭორებს თუ ვენდობით, მთავარი კანდიდატი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, მანო მენეზეში გახლავთ.

სახლში წააგო "სან პაულომაც", თანაც ნეი ფრანკოს გუნდი "გოიასთან" დამარცხდა, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე წუთზე გაიტანა - თავი მცველმა როდრიგომ გამოიჩინა. ამის შემდეგ, ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონის მხრიდან ლუიშ ფაბიანო, განსო და ოსვალდო აქტიურობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ისე, საინტერესოა, რომ "გოიასმა" "სან პაულოს" ზედიზედ მეოთხედ (!) მოუგო, რაც მართლაც უცნაური რამ გახლავთ და საერთოდ, ამ გუნდების ბოლო 16 შეხვედრას თუ გადავხედავთ, ასეთ შედეგს მივიღებთ: "სან პაულო" - 7 მოგება, "გოიასი" - 8 მოგება, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"კრისიუმასთან" წააგო "სანტოსმა", თანაც ნეიმარის ყოფილი გუნდი დიდი ანგარიშით მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა, როდესაც 0:3-ზე თავი 19 წლის ნეილტონმა გამოიჩინა. მართალია, მისი გუნდი ლიგის დებიუტანტთან დამარცხდა, მაგრამ ნეილტონს ეს დღე ყოველთვის კარგად გაახსენდება, რადგან მან პროფესიონალურ ფეხბურთში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ყველაზე სანახაობრივი მატჩი
ტურის ყველაზე სანახაობრივი მატჩი "მოიზეს ლუკარელიზე" გაიმართა. "პონტე პრეტამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" უმასპინძლა და 3:4 წააგო. მასპინძელთა მხრიდან დუბლი პაულისტას საუკეთესო ბომბარდირმა ვილიანმა შეასრულა, სტუმართა მხრიდან კი ორი ფეხბურთელი უნდა გამოვყოთ: ედერსონი, რომელმაც სეზონში უკვე სამი გოლი დააგროვა, ხოლო გუნდს გამარჯვება მატჩის ბოლო წამებზე მოუტანა და 38 წლის პაულო ბაიერი, ვინც ამ მატჩში ანგარიში გაათანაბრა.

წააგო "ბოტაფოგომაც", რომელიც "ბაიასთან" ფავორიტი იყო და 19 წლის ვიტინიოს გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ ფერნანდაოს დუბლის წყალობით 3 ქულა ბრაზილიის 2-გზის (1959 და 1988) ჩემპიონს დარჩა, ვინც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეშვიდე ადგილზე დამკვიდრდა.

სერია A. IV ტური

სან პაულო-გოიასი 0:1
გოლი: 0:1 როდრიგო (2)

კრისიუმა-სანტოსი 3:1
გოლები: 1:0 ჟოაო ვიტორი (15), 2:0 ჯანკარლო (57-პენ), 3:0 მატეუს ფერაზი (66), 3:1 ნეილტონი (90)

პორტუგეზა-ინტერნასიონ. 1:1
გოლები: 0:1 რაფაელ მოურა (25), 1:1 კანიეტე (55)
გაძევება: ფერდინანდო (68. პორტუგეზა)

ვასკო-ატლ. მინეირო 2:0
გოლები: 1:0 ალისონი (70), 2:0 აბუდა (90)

გრემიო-ვიტორია 1:0
გოლი: 1:0 ელანო (70)

პონტე პრეტა-ატლ. პარანაენსე 3:4
გოლები: 1:0 ჩიკინიო (24), 1:1 პაულო ბაიერი (36), 2:1 ვილიამი (46), 2:2 ედერსონი (57), 2:3 ევერტონი (64), 3:3 ვილიამი (86), 3:4 მარკაო (90)

ფლამენგო-ნაუტიკო 0:1
გოლი: 0:1 როჟერიო (82)
გაძევება: რენატო აბრეუ (86. ფლამენგო)

ბაია-ბოტაფოგო 2:1
გოლები: 0:1 ვიტინიო (9), 1:1 ფერნანდაო (41), 2:1 ფერნანდაო (68)

კრუზეირო-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 დაგობერტო (85-პენ)
გაძევება: ფაბიო სანტოსი (83. კორინთიანსი)

კორიტიბა-ფლუმინენსე 2:1
გოლები: 1:0 რობინიო (16), 1:1 კარლინიოსი (23), 2:1 ალექსი (88)

სატურნირო მდგომარეობა


ბომბარდირები: 3 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ბიანკუჩი (ვიტორია), ვილიამი (პონტე პრეტა), ფერნანდაო (ბაია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. III ტური: ჩემპიონი ქულებს არ კარგავს, ვიცე-ჩემპიონი კი ვერ იგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული