რონალდინიო
"ატლეტიკო მინეირომ" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი რონალდინიომ შეიტანა.
გაუჩომ თავისი ყოფილი, აღმზრდელი კლუბი არ დაინდო და მასთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მასპინძლებს არ ჰყავდათ ჟო, რომელიც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახა. ძირითადში მისი ადგილი ალეკსანდრომ დაიკავა და სწორედ 32 წლის ვეტერანმა მოუპოვა საკუთარ გუნდს პენალტის შესრულების უფლება - მე-60 წუთზე "ატლეტიკოს" ფორვარდი
მასპინძლები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და ლოგიკური იყო ის, რომ ბოლო წუთზე "დინიომ" მეორე გოლიც გაიტანა. 2:0 და "გრემიომ" სეზონში პირველი მარცხი განიცადა, "ატლეტიკო მინეირო" კი ბოლო ადგილს მოშორდა და მე-16 პოზიციაზე დამკვიდრდა.
აღსანიშნავია, რომ პორტუ ალეგრის წარმომადგენელს "მამლების" ("ატლეტიკოს" მეტსახელი) კარში გოლი უკვე 4 მატჩია, არ გაუტანია და მეტოქე 5 შეხვედრაა, არ დაუმარცხებია. რონალდინიომ კი ჩემპიონატში თავისი პირველი გოლები გაიტანა.
დეივიდი
კვლავ შეუჩერებელია რონალდინიოს ყოფილი პარტნიორი ("ფლამენგოში, 2011 წელს) დეივიდი, რომელმაც თავისი მორიგი გოლი გაიტანა, "კორიტიბამ" კი "ნაუტიკოს" მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. 33 წლის თავდამსხმელმა თავის გამოჩენა პირველივე წუთზე შეძლო, რის შემდეგაც ამ შეხვედრაში გოლი აღარ გასულა. "კორიტიბამ" მეტოქე ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა, დეივიდს კი ამ გუნდში ჩატარებულ 18 შეხვედრაში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი.
ბიანკუჩი
ორმატჩიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიტანა ლიონელ მესის ბიძაშვილმა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. "ვიტორიამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" უმასპინძლა და ხუთგოლიან ტრილერში ლეგიონერების გოლების წყალობით მოუგო.
ანგარიში პარაგვაელმა ლუის კასერესმა გახსნა, ვინც "ვიტორიაში" "ოლიმპიადან" გადავიდა და ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა კი მას ბიანკუჩიმ გაუკეთა. ამის შემდეგ ჩემპიონატში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა ედერსონმა და წონასწორობა აღადგინა. ედერსონს არ ჩამორჩა ბიანკუჩი და მანაც თავისი მეოთხე გოლი შეაგდო.
მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე სტუმრებმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, თუმცა 87-ე წუთზე "ვიტორიას" მეორე არგენტინელმა ლეგიონერმა დამიან ესკუდერომ იაქტიურა და ქალაქ სალვადორის გუნდს მესამე გამარჯვება მოუტანა. ყველასთვის მოულოდნელად, ლიგის დებიუტანტი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.
ზეედორფი
რონალდინიოს და დეივიდს არ ჩამორჩა კიდევ ერთი ვეტერანი და გოლის გატანა მანაც მოახერხა. "პონტე პრეტასთან" შეხვედრაში კლარენს ზეედორფმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა, რასაც 4 წუთში ანტონიო კარლოსის გოლი მოჰყვა. "ბოტაფოგომ" ასევე 10 ქულა მოაგროვა და წინა ტურში "ბაიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა.
მეოთხე ადგილზეა ჩემპიონი "ფლუმინენსე", რომელსაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზი აქვს - "გოიასთან" გამართული მატჩის 45-ე წუთზე მასპინძლებს რაინერი გაუძევეს, მეორე ტაიმში კი დაწინაურება ლიგის დებიუტანტმა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ აგებდა და მინდორზე კაცნაკლული იყო, "ფლუმ" უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრის შემოტრიალება შეძლო.
მატჩის გმირად 17 წლის დენილსონი უნდა შევრაცხოთ - თინეიჯერმა ნახევარმცველმა "ფლუმინენსეს" რიგებში და საერთოდ, "დიდების ფეხბურთში" პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა. ეს ყველაფერი 87-ე წუთზე მოხდა, 5 წუთით ადრე კი ანგარიში გამოცდილმა რაფაელ სობისმა გაათანაბრა.
"ფლამენგოს" პირველი გამარჯვება
"ატლეტიკო მინეიროს" მსგავსად, სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა "ფლამენგომ". ბრაზილიის ყველაზე პოპულარული კლუბის მეტოქე დებიუტანტი "კრისიუმა" იყო, რომელსაც შეხვედრის მე-18 წუთზე ფაბინიო გაუძევეს. აქედან მოყოლებული, უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და "ფლამ" დიდი ანგარიშით იმარჯვა. ერთი ბურთი ერნანმა გაიტანა, ხოლო "ბაიადან" გადასულმა გაბრიელმა დუბლი შეასრულა.
თავად "ბაია", მიუხედავად კაცნაკლულობისა, "ვასკო და გამასთან" არ დამარცხდა და ცხრილის ზედა ნაწილში დარჩა.
"ბრაზილეირაოს" უახლოესი მატჩები 13 ივნისს გაიმართება, რის შემდეგ ჩემპიონატი 7 ივლისამდე დაგვემშვიდობება, რადგან 15 ივნისს ბრაზილიაში კონფედერაციის თასი იწყება და სერია A-სთვის არავის ეცლება.
13 ივნისს კი მე-5 და მე-3 ტურის გამოტოვებული მატჩები გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან: "სანტოსი"-"ატლეტიკო მინეირო", "პორტუგეზა"-"ფლუმინენსე", "გრემიო"-"სან პაულო".
სერია A. V ტური
კრისიუმა-ფლამენგო 0:3
გოლები: 0:1 ერნანი (38), 0:2 გაბრიელი (53), 0:3 გაბრიელი (79)
გაძევება: ფაბინიო (18. კრისიუმა)
კრუზეირო-ინტერნასიონ. 2:2
გოლები: 0:1 ოტავინიო (23), 1:1 ელბერი (38), 2:1 ევერტონ რიბეირო (63-პენ), 2:2 გაბრიელი (74)
გაძევება: რიკარდო გულარი (79. კრუზეირო)
ვასკო-ბაია 1:1
გოლები: 0:1 ფერნანდაო (8), 1:1 კარლოს ალბერტო (22)
გაძევება: დიონესი (57. ბაია)
პონტე პრეტა-ბოტაფოგო 0:2
გოლები: 0:1 ზეედორგი (32), 0:2 ანტონიო კარლოსი (36)
ატლ. მინეირო-გრემიო 2:0
გოლები: 1:0 რონალდინიო (60-პენ), 2:0 რონალდინიო (90)
ფლუმინენსე-გოიასი 2:1
გოლები: 0:1 ვიტორი (71), 1:1 რაფაელ სობისი (82), 2:1 დენილსონი (87)
გაძევება: რაინერი (45. ფლუმინენსე)
ვიტორია-ატლ. პარანაენსე 3:2
გოლები: 1:0 ლ. კასერესი (28), 1:1 ედერსონი (30), 2:1 ბიანკუჩი (36), 2:2 ლუის ალბერტო (80), 3:2 დ. ესკუდერო (87)
კორიტიბა-ნაუტიკო 1:0
გოლი: 1:0 დეივიდი (1)
კორინთიანსი-პორტუგეზა 0:0
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 4 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ბიანკუჩი (ვიტორია), ფერნანდაო (ბაია); 3 - დეივიდი (კორიტიბა), ვილიამი (პონტე პრეტა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. IV ტური: უცნაური ტური