ამ სამეულიდან, ყველაზე უკეთეს სიტუაციაში "ატლეტიკო" იყო. იმისთვის, რომ გავარდნილიყო, "რაფაელას" საკუთარი მატჩი უნდა წაეგო, ხოლო ორივე კონკურენტს ემარჯვა. მოვლენების ასეთი განვითარება ძნელად წარმოსადგენი გახლდათ, ამიტომ მთავარი ბრძოლა მაინც "სან მარტინსა" და დიეგო მარადონას ყოფილ გუნდს შორის უნდა გამართულიყო.
სიტუაცია მართლაც საინტერესო გახლდათ - თუ ორივე გუნდი მოიგებდა, ლიგაში ადგილს "სან მარტინი" შეინარჩუნებდა; თუ ორივე
სამივე კონკურენტს რთული მატჩი ელოდა. "სან მარტინი" "რივერს" ეწვია, "არხენტინოსი" ტორნეო ფინალის გამარჯვებულს, "ატლეტიკო რაფაელა" კი ტორნეო ინისიალის ტრიუმფატორს.
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზული და დაძაბული ბრძოლა ვერ ვიხილეთ. ჩემპიონი "ნიუელსი", რომელსაც 29-ში გაურკვეველი დანიშნულების თამაში ელის "ველეს სარსფილდთან" (წლის ჩემპიონის უცნაური ტიტულის მფლობელის გამოსარკვევად), ხოლო შემდეგ ლიბერტადორესის თასის 1/2-ფინალი, რამდენიმე ლიდერის გარეშე (ჰაინცე, სკოკო, პაბლო პერესი, სანტიაგო ვერხინი) თამაშობდა და დიდად თავსაც არ იკლავდა.
"არხენტინოსმა" თავიდან შეტევა კი სცადა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ პარალელურად, "მონუმენტალზე", "სან მარტინმა" გაუშვა, წინ წასვლა აღარც უფიქრია.
"რივერი" შეხვედრის მე-13 წუთზე ლეონელ ვანხიონიმ დააწინაურა, 24-ეზე კი მასპინძლების უპირატესობა კარლოს სანჩესმა გაზარდა. ამით უზომოდ გაიხარეს "ატლეტიკო რაფაელას" ფეხბურთელებმა, რომლებიც "ველესთან" კი აგებდნენ, მაგრამ მათი გავარდნა უკვე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა.
სანხუანელებს იმედი გასტონ კაპრარიმ დაუბრუნა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ერთი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა. იმისთვის, რომ გადათამაშება დანიშნულიყო, "სან მარტინს" კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა.
საბოლოოდ, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლამ ინტრიგა მატჩების 87-ე წუთამდე შეინარჩუნა. სწორედ ამ დროს, მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე, "არხენტინოს ხუნიორსი" ცვლილებაზე შემოსულმა პაბლო ერნანდესმა დააწინაურა, პარალელურად, "მონუმენტალზე" კი "რივერმა" სტუმრებს მესამე ბურთი გაუტანა და ყველაფერი გადაწყდა.
საბოლოოდ, "არხენტინოსმა" საჩემპიონო ზეიმისთვის გამზადებული "ნიუელსი" დაამარცხა და კარუსო ლომბარდის გუნდი ლიგაში დარჩა, თუმცა მომავალი სეზონის სტარზე ეს გუნდი ერთ-ერთი აუტსაიდერი იქნება და კარდინალური ცვლილებები თუ არ მოხდა, 1985 წლის ლიბერტადორესის თასის მფლობელი "ინდეპენდიენტეს" ბედს გაიზიარებს და ქვედა დივიზიონს დააგემოვნებს.
"სან მარტინმა" ბოლომდე იბრძოლა. ბოლო ტურის წინ უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
მოკლედ, პრიმერა დივიზიონი "სან მარტინმა", "ინდეპენდიენტემ" და "უნიონმა" დატოვეს, მათ ადგილს კი მომავალ სეზონში "როსარიო", "ხიმნასია ლა პლატა" და "ოლიმპო" დაიკავებენ.
სკოკო და ჟიგლიოტი
როგორც უკვე ვთქვით, ბოლო ტურში არ უთამაშია იგნასიო სკოკოს, რომელიც ხერარდო მარტინომ დაასვენა. ამით ისარგებლა ემანუელ ჟიგლიოტიმ, თავისი მე-11 გოლი გაიტანა და "ნიუელსის" ფორვარდს წამოეწია. ტორნეო ინისიალის მსგავსად, სკოკომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ტორნეო ფინალშიც გაინაწილა. შეგახსენებთ, რომ წლის პირველი ტურნირის სნაიპერები, 13-13 გოლით, სკოკო და ფაკუნდო ფერეირა გახდნენ.
თუ ორივე ტურნირს დავაჯამებთ, ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, სკოკომ გაიტანა - 24. მეორე ადგილზე, 21 გოლით, ჟიგლიოტი გავიდა. 16 გოლი ფაკუნდო ფერეირამ შეაგდო, 14 მარტინ კაუტერუჩიომ, 13-13 კი ლუსიანო ვიეტომ, დუვან საპატამ და სილვიო რომერომ გაიტანეს.
6-გზის ჩემპიონი
1974 წლის მეტროპოლიტანო, 1987/88, 1990/91, 1992 წლის კლაუსურა, 2004 წლის აპერტურა და 2013 წლის ტორნეო ფინალი - "ნიუელს ოლდ ბოისი" არგენტინის ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ყველას აჯობეს და ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე მოიპოვეს.
"ნიუელსმა", საჩემპიონო ტიტულთან ერთად, 2014 წლის ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის საგზურიც მიიღო. გარდა ამისა, 29 ივნისს მარტინოს გუნდი ტორნეო ინისიალის გამარჯვებულ "ველეს სარსფილდს" შეხვდება და ამ გუნდების დუელში წლის ჩემპიონი გაირკვევა. ამ წოდების მოგებას ერთადერთი პრაქტიკული დანიშნულება აქვს - გამარჯვებული 2013 წლის კოპა სუდამერიკანაზე ითამაშებს.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ კოპა სუდამერიკანაზე არგენტინის ღირსებას, წლის ჩემპიონის გარდა, "ლანუსი", "რივერ პლეიტი", "რასინგი", "ბელგრანო" და "სან ლორენსო" დაიცავენ.
ტორნეო ფინალი. ბოლო ტური
რასინგი-უნიონი 3:0
გოლები: 1:0 ვიეტო (42-პენ), 2:0 დ. ვილიარი (66), 3:0 სენტურიონი (90)
ესტუდიანტესი-ბელგრანო 1:1
გოლები: 0:1 მელანო (12), 1:1 კარილიო (46)
ტიგრე-კილმესი 2:3
გოლები: 1:0 დონატი (6), 1:1 სებასტიან რომერო (8), 1:2 კაუტერუჩიო (17), 2:2 გ. დიასი (40), 2:3 კანეო (53)
კოლონი-ინდეპენდიენტე 1:1
გოლები: 0:1 მუნი (21-საკ. კარში), 1:1 ჟიგლიოტი (36)
ნიუელსი-არ. ხუნიორსი 0:1
გოლი: 0:1 პ. ერნანდესი (87)
რივერი-სან მარტინი 3:1
გოლები: 1:0 ვანხიონი (13), 2:0 კ. სანჩესი (24), 2:1 კაპრარი (43), 3:1 იტურბე (88)
გაძევება: დ. ლედესმა (69. სან მარტინი)
ველესი-ატლ. რაფაელა 2:1
გოლები: 1:0 რესკალდანი (16), 1:1 ე. დომინგესი (37), 2:1 რესკალდანი (54)
არსენალი-ოლ ბოისი 4:0
გოლები: 1:0 ხ. ორტისი (3-პენ), 2:0 ფურჩი (31), 3:0 კარბონერო (58), 4:0 როლე (87)
გაძევება: ლეკი (64. ოლ ბოისი)
სან ლორენსო-ლანუსი 2:2
გოლები: 0:1 სილვიო რომერო (17-პენ), 0:2 ბლანკო (27), 1:2 ი. პიატი (54), 2:2 ა. კორეა (72)
გოდოი კრუსი-ბოკა 1:1
გოლები: 0:1 ვიატრი (32), 1:1 კასტელანი (45-პენ)
გაძევება: პარედესი (90. ბოკა ხუნიორსი)
საბოლოო მდგომარეობა
ბომბარდირები: 11 - იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ემანუელ ჟიგლიოტი (კოლონი); 9 - სილვიო რომერო (ლანუსი); 8 - ლუსიანო ვიეტო (რასინგი); 7 - მარტინ კაუტერუჩიო (კილმესი), ესეკილ რესკალდანი (ველეს სარსფილდი), დუვან საპატა (ესტუდიანტესი).
სარელეგაციო ცხრილი
თ ქ საშ.
16. არ. ხუნიორსი 114 140 1.228
17. ატლ. რაფაელა 76 93 1.224
------------------------------------------------------------
18. სან მარტინი 76 91 1.197
19. ინდეპენდიენტე 114 129 1.132
20. უნიონი 76 74 0.974
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. XVIII ტური: "ნიუელსი" - 99%, "ინდეპენდიენტე" - 100%