ბრაზილია. სერია A. VII ტური: დიეგო ფორლანმა კუთხურიდან ჩაახვია

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-7 ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ შეიცვალა ლიდერი, ამ ტურში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ზოგი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, ზოგ შემთხვევაში კი მოულოდნელი გამარჯვებული მივიღეთ...

ჩემპიონმა ისევ წააგო
ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა ჩემპიონმა "ფლუმინენსემ", რომელიც უკვე მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. აბელ ბრაგას გუნდის მორიგი მეტოქე "ინტერნასიონალი" იყო, რომელმაც წინა ტურში გულშემატკივრები "ვასკო და გამასთან" გამართული უხვგოლიანი მატჩით გაამხიარულა, როდესაც მეტოქეს 5:3 მოუგო. ამჯერად 8 არა, მაგრამ 5 გოლი კი ვიხილეთ.

სტუმართა რიგებში შესანიშნავად გაისარჯა დიეგო
ფორლანი - 34 წლის ურუგვაელმა დუბლი შეასრულა და გარდა ამისა, მე-20 წუთზე საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ანგარიში სწორედ ფორლანის შესანიშნავი პასის და ანდრეს დალესანდროს უზადო დარტყმის შემდეგ გაიხსნა, რამდენიმე წუთში კი ურუგვაელმა "ფლუს" მცველების შეცდომით ისარგებლა, დიეგო კავალიერისთან პირისპირ გავიდა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე გოლიდან ერთ წუთში მასპინძლებმა სხვაობა კარლინიოსის დარტყმის წყალობით შეამცირეს; შეხვედრის გადამწყვეტი და ყველაზე ლამაზი ეპიზოდი კი 41-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ფორლანმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. მართალია, კავალიერი და კარლინიოსი ერთმანეთს შეეჯახნენ და რომ არა ეს შეჯახება, გოლი არ გავიდოდა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რადგან ურუგვაელმა ულამაზესი ბურთი გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ფრედმა სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ ჩემპიონმა მეტი ვერაფერი შეძლო, პირიქით, კონტრშეტევაზე რამდენიმე მომენტი "ინტერნასიონალს" შეექმნა და დუნგას შეგირდებს მატჩისთვის ინტრიგის მოკვლა ნაადრევად შეეძლოთ.

საბოლოოდ, 2:3 და "ინტერმა" მეტოქესთან 7-მატჩიანი მოუგებელი სერია (3 ფრე და 4 წაგება) შეწყვიტა, სულ კი ეს პორტუ ალეგრის გუნდისთვის (ბრაზილიის ჩემპიონატში) "ფლუს" წინააღმდეგ მოპოვებული მე-20 გამარჯვება იყო (15 მატჩი "ფლუმინენსემ" მოიგო, 16 კი ფრედ დასრულდა).

ზეედორფის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა
კლარენს ზეედორფმა ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა, მაგრამ ამჯერად მისი გოლი "ბოტაფოგოს" არ ეყო და ჩემპიონატის ლიდერი პორტუ ალეგრის მეორე გუნდთან, "გრემიოსთან" დამარცხდა. შეხვედრის გმირი გახდა ედუარდო ვარგასი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

37 წლის ზეედორფმა მორიგი მინი-შედევრი შემოგვთავაზა: საჯარიმოს მისადგომებთან გვერდი ორ მეტოქეს აუარა და მოჭრილი დარტყმით ყოფილ თანაგუნდელს, მასზე 2 წლით უფროს დიდას შანსი არ დაუტოვა - ბურთი პირდაპირ "ცხრიანში" შეფრინდა.

ლამაზი იყო ვარგასის პირველი გოლიც - ალექს ტელესის ჩაწოდების შემდეგ ჩილელმა ბურთს მიწაზე დაშვება არ აცადა და ისე გაუტანა ჟეფერსონს.

"ვიტორიას" ვიქტორია
სალვადორის "ვიტორიამ" მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა და ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე დაამარცხა. "სან პაულოსთან" გამართულ ბოლო 11 მატჩში სალვადორელებს მხოლოდ 1 მოგება (2010 წელს) და 10 მარცხი ჰქონდათ. მიუხედავად სამწვრთნელო გადაადგილებებისა (ნეი ფრანკო პაულო აუტუორიმ შეცვალა) და ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაში ყოფნისა, შეხვედრის ფავორიტად მაინც სტუმრები მიიჩნეოდნენ.

მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა 40 წლის როჟერიო სენიმ. "სან პაულოს" კარის დარაჯმა არაერთი რთული ბურთი და ერთიც 11-მეტრიანი მოიგერია, ხოლო შეხვედრის 36-ე წუთზე გოლი გაიტანა. სენიმ კარიერაში 112-ე, ბრაზილიის ჩემპიონატში კი 53-ე ბურთი შეაგდო. მიუხედავად ამისა, შეხვედრის გმირი არა ის, არამედ მაქსი ბიანკუჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მისი მეორე გოლი გამოდგა. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში კი "ვიტორიას" ნახევარმცველმა რენატო კაჟამ პენალტი ვერ გამოიყენა. ამის გამო ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმართა მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, სალვადორელთა სწრაფი კონტრშეტევა მესის ბიძაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ გოლით "ვიტორიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონატის დებიუტანტმა "ბოტაფოგოს" გადაასწრო და ისევე, როგორც საწყის ტურებში, ამჯერადაც მეორე ადგილზე დამკვიდრდა. "სან პაულო" კი მძიმე მდგომარეობაშია - ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონს უკვე 6 შეხვედრაა, არ მოუგია (2 ფრე და 4 წაგება), ბოლო 3 კი ზედიზედ წააგო.

"ვასკოს" "ფლამენგოს" კომპლექსი აქვს
ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დერბი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა და ნომინალური სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. "ვასკოს" და "ფლამენგოს" 292-ე დერბის გადამწყვეტი გოლი "XV დე პირასიკაბას" ყოფილმა ფეხბურთელმა პაულინიომ გაიტანა და "ფლას" მეტოქესთან 114-ე გამარჯვება მოუტანა (85 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 95 მატჩი კი "ვასკომ" მოიგო).

"ფლამენგომ" მანო მენეზეშის ხელში აშკარად გამოიღვიძა და ბოლო 3 ტურში 7 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ჩემპიონატში "ვასკო და გამას" თავისი ყველაზე საძულველი მეტოქე 2006 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. ამ პერიოდში გამართული 11 მატჩიდან 5 "ფლამენგომ" მოიგო, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

რონალდინიოს გარეშე
ლიბერტადორესის თასის ფინალში გასული "ატლეტიკო მინეირო" "კორინთიანსს" ეწვია და ბევრისთვის მოულოდნელად, შინ სამი ქულით დაბრუნდა. სტუმართა დამრიგებელმა კუკამ რამდენიმე ლიდერი სათადარიგოთა სკამზე დასვა, რონალდინიო კი სულაც განაცხადს მიღმა დატოვა, რადგან "ატლეტიკოს" რამდენიმე დღეში (17-ში, თბილისის დროით 18-ში) სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველი ფინალური მატჩი ელის.

ამის მიუხედავად, სტუმრებმა მასპინძლებს აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი როზინეიმ გაიტანა, ვისაც საგოლე გადაცემა ბერნარდმა გაუკეთა. გაშვებული ბურთის შემდეგ "კორინთიანსი" ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მასპინძლებმა ვიქტორს და "მამლების" დაცვის ხაზს ვერაფერი დააკლეს.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო "სანტოსმა", შეხვედრის გმირი კი 19 წლის ნეილტონი გახდა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 3 ბურთია და ის საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

კორიტიბა ისევ გალიდერდა
ბოლოს კი ლიდერზეც ვთქვათ: "კორიტიბა" ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და მისი ლიდერობა სრულიად ლოგიკურია. მე-7 ტურში "მწვანეებმა" ერთ-ერთი აუტსაიდერი "ატლეტიკო პარანაენსე" დაამარცხეს და პირველი პოზიცია დაიბრუნეს.

ამჯერად თავი არც ალექსს გამოუჩენია და არც დეივიდს - შეხვედრის ერთადერთი გოლი 21 წლის ჟერალდომ (სრული სახელი: ერმენეჟილდო და კოშტა პაულო ბარტოლომეუ) გაიტანა, რომელიც ანგოლის მოქალაქე გახლავთ და ამ ქვეყნის ნაკრებში 9 თამაშიც აქვს ჩატარებული.

ბრაზილია. სერია A. VII ტური

ფლუმინენსე-ინტერნასიონ. 2:3
გოლები: 0:1 დალესანდრო (20), 0:2 ფორლანი (34), 1:2 კარლინიოსი (35), 1:3 ფორლანი (41), 2:3 ფრედი (53)

სანტოსი-პორტუგეზა 4:1
გოლები: 1:0 ნეილტონი (2), 2:0 ვილიან ჟოზე (11), 3:0 ნეილტონი (76), 3:1 ბრუნო მორაეში (88), 4:1 ჟივა (90)

კორინთიანსი-ატლ. მინეირო 0:1
გოლი: 0:1 როზინეი (36)

ვიტორია-სან პაულო 3:2
გოლები: 0:1 ალოიზიო (10), 1:1 დინეი (21), 2:1 ბიანკუჩი (29), 2:2 როჟერიო სენი (36), 3:2 ბიანკუჩი (56)
გაძევება: ველინგტონი (68. სან პაულო)

გრემიო-ბოტაფოგო 2:1
გოლები: 1:0 ე. ვარგასი (13), 1:1 ზეედორფი (20), 2:1 ე. ვარგასი (34)

კორიტიბა-ატლ. პარანაენსე 1:0
გოლი: 1:0 ჟერალდო (56)

ვასკო-ფლამენგო 0:1
გოლი: 0:1 პაულინიო (30)

კრუზეირო-ნაუტიკო 3:0
გოლები: 1:0 რიკარდო გულარტი (10), 2:0 ვინისიუს არაუჟო (54), 3:0 ვინისიუს არაუჟო (70)

პონტე პრეტა-ბაია 0:0

კრისიუმა-გოიასი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 6 - ბიანკუჩი (ვიტორია); 5 - ფორლანი (ინტერნასიონალი); 4 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ვილიამი (პონტე პრეტა), ფერნანდაო (ბაია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. VI ტური: "ბოტაფოგო" კლარენს ზეედორფმა გაალიდერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული