"ბრაზილეირაოს" მე-6 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რესიფეში გაიმართა, სადაც "იტაიპავა არენა პერნამბუკოზე" ერთმანეთს რიოს ორი კლუბი, "ბოტაფოგო" და "ფლუმინენსე" დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ბრაზილიის მოქმედი ჩემპიონი ფლობდა, გამარჯვება რიოს შტატის ჩემპიონს დარჩა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კლარენს ზეედორფმა მატჩის 84-ე წუთზე, შორეული დარტყმით გაიტანა და "ბოტაფოგო" სერია A-ში გაალიდერა.
აღსანიშნავია, რომ "ფოგომ" მეტოქეს ზედიზედ მეორედ სძლია. ცოტა ხნის წინ ამ გუნდებმა "ტაკა რიოს" (რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის მეორე ეტაპი) ფინალშიც ითამაშეს, სადაც ასევე მინიმალური სხვაობით "ფოგომ"
მაშინ, 5 მაისს, გადამწყვეტი გოლი ფორვარდმა რაფაელ მარკეშმა ("ატლეტიკო მინეიროს" მცველ რაფაელ მარკეშში არ აგერიოთ) გაიტანა, ვინც ამჯერად თავი საგოლე პასით გამოიჩინა, თუმცა 37 წლის ზეედორფმა ისეთი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემის ავტორზე საუბარი ცოტათი უხერხულიც კია.
"ფლუს" ვერც კონფედერაციათა თასიდან დაბრუნებულმა ფრედმა და ვერც შეწყალებულმა (დოპინგზე გამოიჭირეს) დეკუმ უშველეს. საბოლოოდ, 285-ე დერბიში 91-ე გამარჯვება "ბოტაფოგომ" მოიპოვა (88 მატჩი ფრედ დასრულდა, 106 "ფლუმ" მოიგო), ბრაზილიის ჩემპიონატებში კი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა და ახლა ორივე გუნდის აქტივში 14 გამარჯვებაა (17 ფრე).
სან პაულოს დერბი
მწვრთნელის შეცვლამ ვერ უშველა "სან პაულოს". ნეი ფრანკოს გაგდების შემდეგ ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონმა პირველი მატჩი "სანტოსთან" გამართა და მორიგი მარცხი იწვნია.
გუნდების 244-ე დაპირისპირებამ მასპინძელთა შეტევებით ჩაიარა - "სან პაულომ" რეალური მომენტები შექმნა, ცდა არ დააკლო, მაგრამ რაფაელ კაბრალის (რომელიც "ნაპოლიში" გადადის) შემცვლელ არანას კარი ვერ აიღო, 59-ე წუთზე კი იქით გაუშვა.
ცვლილებაზე სულ რამდენიმე წამის წინ გამოსულმა ჟივამ ვალტერ მონტილიოს გადაცემა მიიღო და სერია A-ში პირველი მატჩი გოლით აღნიშნა. ამის მერე მატჩის სცენარი დიდად არ შეცვლილა, "სან პაულო" უტევდა, გოლი კი როჟერიო სენის კარში გავიდა - 82-ე წუთზე, 19 წლის ემერსონის პასით სისერომ იხეირა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ჩემპიონატში ამ გუნდების მიერ გამართული ბოლო 14 მატჩიდან "სანტოსმა" მხოლოდ მეორე მოიგო. ზოგადად კი, პელეს გუნდმა მეტოქე 76-ედ დაამარცხა, 61 მატჩი ფრედ დასრულდა, 107 შეხვედრა კი "სან პაულომ" მოიგო.
პატოს პირველი დუბლი
ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა ალეშანდრე პატომ და ჩემპიონატშიც პირველი გოლები გაიტანა. "ტიმაომ" გასვლაზე "ბაია" დაამარცხა და 9 ქულა მოაგროვა.
ასევე 9 ქულა აქვს "ინტერნასიონალს", ვინც "ვასკო და გამას" უმასპინძლა და გულშემატკივრები უხვგოლიანი მოგებით გაახარა. "ინტერის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ჟორჟე ენრიკეს, რომელიც პორტუ ალეგრიში "კორინთიანსიდან" გადავიდა, თუმცა მან გოლი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, თავი გუნდის ყველა ლიდერმა გამოიჩინა. დიეგო ფორლანმა, რაფაელ მოურამ, ანდრეს დალესანდრომ და 38 წლის ინდიომ დუნგას გუნდის 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
ანგარიში კი ამ შეხვედრაში ნეიმ გახსნა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა. ეს ფეხბურთელი წლების განმავლობაში "ინტერის" ღირსებას იცავდა, ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულიც მოიგო და ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას ატარებდა. როგორც ხედავთ, "ინტერნასიონალის" გულშემატკივრების გახარება 27 წლის მცველმა "ვასკოს" ფეხბურთელის რანგშიც მოახერხა...
გრძელდება "ფლამენგოს" კრიზისი. ბრაზილიის ყველაზე პოპულარულმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და გასავარდნი ზონა ვერ დატოვა. ანგარიში მე-9 წუთზე მარსელო მორენომ გახსნა, მაგრამ მანვე 34-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
მიუხედავად ამისა, მასპინძლები არ გატყდნენ და მეორე ნახევრის დებიუტში "ფლამ" მეორე ბურთის გატანა მაინც შეძლო - თავი ვიქტორ კასერესმა გამოიჩინა. აი, ამის მერე კი მანო მენეზეშის გუნდი დაიშალა და კინაღამ წააგო. ჩიკომ (53) და ალექსმა (60) ანგარიში გაათანაბრეს და საკუთარი გუნდის დაუმარცხებელი სერია გააგრძელეს - "კორიტიბა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგებათა გრაფაში "ნული" უწერია. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "ფლამენგო" კვლავ გასავარდნ ზონაშია, "კორიტიბამ" კი ლიდერობა დათმო.
ლიბერტადორესის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ მეორე შემადგენლობით ითამაშა "ატლეტიკო მინეირომ" და ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა. კუკას გუნდში კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გილერმე გამოირჩეოდა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბრაზილია. სერია A. VI ტური
ფლამენგო-კორიტიბა 2:2
გოლები: 1:0 მ. მორენო (9), 2:0 ვ. კასერესი (48), 2:1 ჩიკო (53), 2:2 ალექსი (60)
ნაუტიკო-პონტე პრეტა 1:3
გოლები: 0:1 დიეგო საკომანი (11), 0:2 ვილიამი (44), 0:3 რილდო (56), 1:3 კაიონი (72)
ატლ. პარანაენსე-გრემიო 1:1
გოლები: 1:0 პედრო ბოტელიო (77), 1:1 ბარკოსი (83)
პორტუგეზა-კრუზეირო 1:1
გოლები: 1:0 ვალდომირო (5), 1:1 ბრუნო როდრიგო (17)
სან პაულო-სანტოსი 0:2
გოლები: 0:1 ჟივა (59), 0:2 სისერო (82)
ბაია-კორინთიანსი 0:2
გოლები: 0:1 პატო (33), 0:2 პატო (43)
ინტერნასიონალი-ვასკო 5:3
გოლები: 1:0 ნეი (16-საკ. კარში), 2:0 ფორლანი (39), 2:1 ანდრე (45), 3:1 ინდიო (56), 3:2
რაფაელ ვასი (64), 4:2 რაფაელ მოურა (72), 5:2 დალესანდრო (76), 5:3 ფელიპე ბასტოსი (86)
გოიასი-ვიტორია 1:0
გოლი: 1:0 ვალტერი (53)
ბოტაფოგო-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 ზეედორფი (84)
ატლ. მინეირო-კრისიუმა 3:2
გოლები: 1:0 როსინეი (11), 1:1 ლუანი (25-საკ. კარში), 2:1 ალეკსანდრო (48), 3:1 ლელეუ (83), 3:2 ველინგტონ პაულისტა (90)
ბომბარდირები: 4 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), მაქსი ბიანკუჩი (ვიტორია), ვილიამი (პონტე პრეტა), ფერნანდაო (ბაია); 3 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), დეივიდი (კორინთიანსი), ფორლანი (ინტერნასიონალი), რაფაელ სობისი (ფლუმინენსე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A: "სანტოსის" და "პორტუგეზას" პირველი გამარჯვებები