ბრაზილიამ ავსტრალიასთან გაილაღა [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და ავსტრალიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები მიწასთან გაასწორა. შვეიცარიასთან წაგების (0:1) შემდეგ "სელესაო" ბევრმა სპეციალისტმა გააკრიტიკა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ამ კრიტიკოსებს პასუხი შესანიშნავი თამაშით გასცეს.

დედაქალაქში ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღეს გამართული მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. შესანიშნავად ითამაშეს ჟომ და ნეიმარმა - "ატლეტიკო მინეიროს" ფორვარდმა დუბლი შეასრულა, "ბარსელონას" ვარსკვლავმა კი პირველ ტაიმში ერთი გოლი გაიტანა, მეორე ნახევარში კი ორი საგოლე პასი გააკეთა. თავი გამოიჩინა ნაკრებში დაბრუნებულმა ალეშანდრო პატომაც - "კორინთიანსის" შემტევმა ეროვნულ გუნდში ერთწლიანი პაუზის
შემდეგ გაიტანა.

მსგავსი შედეგი ამ ორი გუნდის შეხვედრაში უკვე მეორედ დაფიქსირდა. პირველად ბრაზილიამ "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლებს ექვსი უპასუხო გოლი 16 წლის წინ, 1997 წლის კონფედერაციათა თასის ფინალში გაუტანა.

"სელესაოს" მთავარი მწვრთნელი გუნდის თამაშით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა და განსკუთრებით, ბერნარდის და რამირესის კარგი გარჯა გამოჰყო.

"ის ძალიან სწრაფი და მოქნილია. რამირესის გამოყენება შეიძლება როგორც შემტევი, ასევე დაცვითი სტილის ნახევარმცველის პოზიციაზე. მე უნივერსალი მოთამაშეები მიყვარს და რაც უფრო მეტი ასეთი ფეხბურთელი გვეყოლება ნაკრებში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი გუნდი," - განაცხადა რამირესის შესახებ სკოლარიმ.

როგორც აღვნიშნეთ, 64 წლის სპეციალისტმა ბერნარდიც შეაქო:

"ბერნარდმა შესანიშნავად ითამაშა. მას თამაში შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე. ის თანდათან უმატებს და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაშიც იმკვიდრებს ადგილს".

მომდევნო შეხვედრას ბრაზილია ბოსტონში, 10 სექტემბერს გამართავს - სკოლარი ყოფილ გუნდს, პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ბრაზილია-ავსტრალია 6:0
გოლები: 1:0 ჟო (8), 2:0 ჟო (34), 3:0 ნეიმარი (36), 4:0 რამირესი (58), 5:0 პატო (73), 6:0 ლუის გუსტავო (84)
ბრაზილია (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი (77. მარკოს როჩა), ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი (61. დანტე), მარსელო (46. მაქსველი) - ლუის გუსტავო, რამირესი, პაულინიო (62. ერნანესი) - ბერნარდი (61. ლუკას მოურა), ნეიმარი - ჟო (67. პატო)
ავსტრალია (4-5-1): შვარცერი - ნილი, ოგნენოვსკი, მაკეი, მაკგოვანი - ბრეშიანო, კრუსი, ოარი (59. ა. ტომპსონი), იედინაკი (64. მილიგანი), ჰოლმანი (70. როგიჩი) - კენედი (78. დიუკი).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეიმარი ბრაზილიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-18 ადგილზე გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული