ბრაზილია. სერია A. XXI ტური: ლიდერთა დუეტი გამოიკვეთა

AutoSharing Option
21-ე ტურის შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში ორი გუნდის, "კრუზეიროს" და "ბოტაფოგოს" უპირატესობა გამოიკვეთა. დღევანდელი გადასახედიდან, ჩემპიონობისთვის სწორედ ამ დუეტმა უნდა იბრძოლოს.

ძალიან დაიძაბა სიტუაცია ცხრილის მეორე ნახევარში, სადაც უკიდურესი სიმჭიდროვეა - მე-6 ადგილზე მყოფ "კორინთიანსს" და გასავარდნ ზონაში მყოფ "ვასკო და გამას" შორის სხვაობა მხოლოდ 6 ქულაა...

შესანიშნავი შვიდეული
21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბელუ ორიზონტიში გაიმართა, სადაც "კრუზეირომ" "ატლეტიკო პარანაენსეს" უმასპინძლა და ამ უკანასკნელის ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. ამ მატჩამდე სტუმრებს 13 შეხვედრის განმავლობაში არ ჰქონდათ წაგებული, რის გამოც გასავარდნი ზონიდან
მეოთხე ადგილამდე აღზევდნენ. ზედიზედ 6 შეხვედრა ჰქონდა მოგებული ჩემპიონატის ლიდერსაც, რომელმაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა და საკუთარი გულშემატკივრები არც ამჯერად გააწბილა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე, ვილიანის და ნილტონის კომბინაციის შედეგად გავიდა. "ვასკოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ახალ კლუბში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, გუნდის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ არაუჟოს და ლუანს დაეწია, პირველზე კი 6 გატანილი ბურთით რიკარდო გულარტი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ "კრუზეიროს" მეტოქე უკანასკნელ 6 შეხვედრაში არ ჰყავდა დამარცხებული და საერთოდ, ბოლო წლებში "ატლეტიკო" "მელიებისთვის" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. თავად განსაჯეთ - 2003 წლიდან მოყოლებული, გამართულ 18 შეხვედრაში "კრუზეირომ" კურიტიბელებს მხოლოდ მესამედ მოუგო.

ამ გამარჯვების შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, რაც "ატლეტიკოს" შანსს, რომ ისტორიაში მეორედ გახდეს ჩემპიონი, მიზერულს ხდის.

"ბოტაფოგო" დევნას აგრძელებს
18 მოგება, 18 ფრე და 18 მარცხი - ასეთია "სანტოსის" და "ბოტაფოგოს" ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა (სერია A-ში) 16 სექტემბრის მატჩის შემდეგ. შეხვედრის გმირი გახდა ელიასი (მადრიდის "ატლეტიკოს" და ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილ ფეხბურთელში არ აგერიოთ. "ის" ელიასი "ფლამენგოში" თამაშობს), რომელმაც დუბლი შეასრულა. თავის გამოჩენა კვლავ მოახერხა იურიმ, ვინც ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა.

"სანტოსმა" ამ ჩემპიონატში შინ პირველი მატჩი წააგო. საინტერესოა, რომ ბოლო საშინაო მარცხი კლაუდინეი ოლივეირას გუნდს თითქმის ერთი წლის წინ, 2012 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა განცდილი, როდესაც თანაშტატელ "პორტუგეზასთან" 1:3 წააგო.

"ბოტაფოგომ" მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთან 4-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. მომდევნო ტურში ბრაზილიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა უნდა გაიმართოს: 18 სექტემბერს (ჩვენი დროით 19-ში) "კრუზეირო" "ბოტაფოგოს" უმასპინძლებს.

ტურის სენსაცია
ტურის მთავარი სენსაცია "პაკაემბუზე" დაფიქსირდა. "კორინთიანსმა" "გოიასთან" წააგო და ლიბერტადორესის თასის ზონაში მყოფ გუნდებთან მიახლოების საშუალება გაუშვა ხელიდან. რთული სათქმელია, რა უფრო მოულოდნელი იყო - ის, რომ "ტიმაო" დამარცხდა, თუ ის, რომ ტიტეს გუნდმა საკუთარ კარში ორი გოლი გაუშვა. დიახ, ამ სეზონში ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა - ერთ შეხვედრაში "კორინთიანსს" ერთზე მეტი ბურთი მიღებული არ ჰქონდა და როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, ამის გაკეთება მაინცდამაინც "გოიასმა" მოახერხა.

სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის სან პაულოში გამართული ბოლო 5 მატჩიდან "გოაისმა" უკვე მესამე მოიგო. ზოგადად კი, ურთიერთშეხვედრებში, "სანტოსი"-"ბოტაფოგოს" დაპირისპირებისა არ იყოს, აქაც თანაფარდობაა: 12 მატჩი "ტიმაომ" მოიგო, 12 "გოიასმა", 16 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"ფლუმ" და "სან პაულომ" გამოიღვიძეს
"ფლუმინენსემ" ბოლო 4 შეხვედრაში 8 ქულა მოაგროვა და სახიფათო ზონას (დროებით მაინც) მოშორდა. ამ ტურში ვანდერლეი ლუშემბურგოს შეგირდებმა უკვე ხსენებულ "პორტუგეზას" სძლიეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი რაფაელ სობისი გახდა, რომელმაც კარგი ფორმა აკრიფა.

"ბეტისის" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, რამდენიმე წუთში კი ვაგნერს გაატანინა. სობისის ანგარიშზე უკვე 7 გოლია და ის "ფლუს" საუკეთესო სნაიპერია.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "სან პაულომ", რომელმაც "ვასკო და გამას" მოუგო და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა. მურისი რამალიომ გუნდს მეორედ უხელმძღვანელა და მოედანი კვლავ გამარჯვებულმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ "ვასკოს" ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე 2005 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია (3 ფრე და 4 წაგება).

იმარჯვა "ინტერნასიონალმაც". ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანდრეს დალესანდრომ ამჯერად ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ერთადერთ გოლში მონაწილეობა მაინც მიიღო და თავი საგოლე პასით გამოიჩინა. გოლი კი 18 წლის ოტავინიომ გაიტანა, ვისთვისაც ეს ბურთი ამ სეზონში უკვე მესამე იყო.

XXI ტური

კრუზეირო-ატლ. პარანაენსე 1:0
გოლი: 1:0 ნილტონი (36)

ფლუმინენსე-პორტუგეზა 2:1
გოლები: 0:1 დიოგო (34), 1:1 რაფაელ სობისი (60-პენ), 2:1 ვაგნერი (72)

ვასკო-სან პაულო 0:2
გოლები: 0:1 როდრიგო კაიო (31), 0:2 ანტონიო კარლოსი (70)

კორინთიანსი-გოიასი 1:2
გოლები: 0:1 უგო (57), 1:1 პატო (78), 1:2 ამარალი (85)

პონტე პრეტა-ფლამენგო 1:1
გოლები: 1:0 არტური (68), 1:1 ანდრე სანტოსი (87)
გაძევება: სამირი (65. ფლამენგო), სეზარი (90. პონტე პრეტა)

კრისიუმა-ინტერნასიონ. 0:1
გოლი: 0:1 ოტავინიო (51)

კორიტიბა-ბაია 2:2
გოლები: 0:1 ვალისონი (20), 0:2 ვილიამ ბარბიო (53), 1:2 ტიტი (65-საკ. კარში), 2:2 ალექსი (90)

ვიტორია-ნაუტიკო 2:1
გოლები: 0:1 უგო (14), 1:1 დინეი (20), 2:1 დინეი (71)

გრემიო-ატლ. მინეირო 0:1
გოლი: 0:1 ფერნანდინიო (62)

სანტოსი-ბოტაფოგო 1:2
გოლები: 0:1 ელიასი (39), 0:2 ელიასი (57), 1:2 სისერო (67)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 13 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ალექსი (კორიტიბა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია), დალესანდრო (ინტერნასიონალი), ვალტერი (გოიასი), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ანდრე (ვასკო და გამა), ფერნანდაო (ბაია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული