ბრაზილია. სერია A. XXIII ტური: "ბოტაფოგოს" მოულოდნელი მარცხი

AutoSharing Option
14 გოლი 10 შეხვედრაში - ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგი ტური ძალიან მწირგოლიანი გამოდგა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინტერესო მოვლენებს და შემთხვევებს ადგილი მაინც უხვად ჰქონდა...

"კრუზეირომ" ვერ მოიგო, მაგრამ...
ჩემპიონატის ლიდერმა ქულები დაკარგა და 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მდევართან სხვაობა მაინც გაზარდა. "კრუზეიროს" მთავარმა კონკურენტმა შინ "ბაია" მიიღო და ძალიან მოულოდნელად, 1:2 დამარცხდა.

თავიდან ყველაფერი ლოგიკურად დაიწყო - ოსვალდო დე ოლივეირას გუნდი უპირატესობას ფლობდა და 31-ე წუთზე ედილსონის გოლით დაწინაურა კიდეც. პირველი ტაიმის შემდეგ მოედანი კლარენს ზეედორფმა დატოვა და
მის ნაცვლად თამაშში ახალგაზრდა იური ჩაერთო.

სიტუაცია ამის შემდეგ შეიცვალა. თამაშმა მასპინძელთა ნახევარზე გადაინაცვლა, რაზეც დარტყმების რაოდენობაც მეტყველებს: 23 11-ის წინააღმდეგ, "ბაიას" სასარგებლოდ.

საბოლოოდ, სტუმართა შეტევებმა შედეგი მატჩის ბოლო 10 წუთში გამოიღო. ჯერ გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ფერნანდაომ იხეირა, რამდენიმე წუთში კი გოლი "პალმეირასიდან" გადმოსულმა ობინამ გაიტანა.

აღსანიშნავია ვალისონის კარგი თამაში, რომელმაც ორივე ეპიზოდში საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ბოტაფოგოს" მარცხი სენსაციად კი შევრაცხეთ, მაგრამ თუ ამ გუნდების ბოლო წლების შეხვედრებს გადავხედავთ, შესაძლოა, ასე აღარც ვიფიქროთ. "ბაიამ" "ფოგოს" ზედიზედ მესამედ მოუგო და საერთოდ, ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობას სწორედ ბრაზილიის 2-გზის ჩემპიონი ფლობს: 35 მატჩიდან "ბაიამ" 12 მოიგო, "ბოტაფოგოს" ანგარიშზე კი 10 გამარჯვებაა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი გოლების გარეშე დასრულდა. "კორინთიანსი" და "კრუზეირო" ერთმანეთს 57-ედ ხვდებოდნენ და აბსოლუტურად თანაბარი ბალანსი (21-21 მოგება და 14 ფრე) არ შეცვლილა.

თუ "კრუზეიროს" ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა, "ტიმაო" აშკარად კრიზისშია. ამ შეხვედრის ჩათვლით, ტიტეს გუნდს უკვე 6 მატჩია, არ უმარჯვია, თანაც საკმაოდ კარგი თავდამსხმელების ყოლის მიუხედავად; "კორინთიანსმა" ამ 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ვეტერანის წყალობით
"ატლეტიკო პარანაენსემ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა. ახლა ვაგნერ მანჩინის შეგირდები "ბოტაფოგოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მორიგ ტურში სერია A-ს დებიუტანტმა ერთ-ერთ აუტსაიდერ "პონტე პრეტას" უმასპინძლა და 38 წლის პაულო ბაიერის გოლის წყალობით მოუგო.

ვეტერანმა ნახევარმცველმა სეზონში უკვე მეხუთე ბურთი გაიტანა და საკუთარი გუნდის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიცია გაიმყარა. ისევ ვერ მოახერხა თავის გამოჩენა ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერმა ედერსონმა, ვინც ბოლო 6 ტურში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

"ვასკოს" თავისუფალი ვარდნა
მიჯრით მეოთხე მატჩი წააგო "ვასკო და გამამ" და გავარდნაზე სერიოზული განაცხადა გააკეთა. დორივალ ჟუნიორის გუნდი "ატლეტიკო მინეიროსთან" დამარცხდა, რომლის რიგებშიც თავი ფერნანდინიომ და რონალდინიომ გამოიჩინეს.

გაუჩო საერთოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, რადგან გოლის გარდა, აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა.

ბოლო 4 ტურში მოპოვებული სამი გამარჯვების წყალობით, 2013 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული უკვე მე-8 ადგილზე გადავიდა და მეხუთეზე მყოფ "ინტერნასიონალს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ამ უკანასკნელის არასტაბილური თამაში კი მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა. რეალურად, დუნგას ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ "ინტერი" მიჯრით რამდენიმე მატჩის მოგებას ვერაფრით ახერხებს.

ამჯერად ბრაზილიის სამგზის ჩემპიონი "პორტუგეზასთან" დამარცხდა, რაც ტურის ერთ-ერთ სენსაციად უნდა მივიჩნიოთ. მართალია, "ინტერს" ტრავმირებული დიეგო ფორლანი აკლდა, მაგრამ შემადგენლობაში იყვნენ "ბაიერის" და "რომას" ყოფილი მცველი ჟუანი, "სპარტაკის" და "კორინთიანსის" ყოფილი ნახევარმცველი ალექსი, ლეანდრო დამიაოა, ანდრეს დალესანდრო, ცვლილებაზე გამოვიდა არგენტინის ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იგნასიო სკოკო... გუნდმა კი მაინც წააგო.

"პორტუგეზას" მხრიდან გოლი გუნდის ახალწვეულმა ვენდერსონმა გაიტანა, რომელიც ახალ კლუბში მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა. სხვათა შორის, ამ გუნდს "ინტერთან" უკვე 4 მატჩია არ წაუგია, რისი წყალობითაც ურთიერთშეხვედრებში ბალანსი გათანაბრდა: 13 მატჩი "ინტერნასიონალმა" მოიგო, 13 - "პორტუგეზამ", 6 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ბრაზილია. სერია A. XXIII ტური
ფლუმინენსე-კორიტიბა 1:1
გოლები: 0:1 ლინკოლნი (31), 1:1 გუმი (51)
გაძევება: რაფინია (90. ფლუმინენსე)

ბოტაფოგო-ბაია 1:2
გოლები: 1:0 ედილსონი (31), 1:1 ფერნანდაო (81), 1:2 ობინა (86)

ინტერნასიონ.-პორტუგეზა 0:1
გოლი: 0:1 ვანდერსონი (86)
გაძევება: ინდიო (49. ინტერნასიონალი)

გოიასი-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 როდრიგო (90)

ატლ. მინეირო-ვასკო 2:1
გოლები: 1:0 ფერნანდინიო (3), 2:0 რონალდინიო (19), 2:1 დაკსონი (72)

ატლ. პარანაენსე-პონტე პრეტა 1:0
გოლი: 1:0 პაულო ბაიერი (11)

სანტოსი-კრისიუმა 2:1
გოლები: 1:0 ტიაგო რიბეირო (20), 2:0 ვილიან ჟოზე (42), 2:1 ლეონარდო მოურა (79)

ვიტორია-გრემიო 0:0
კორინთიანსი-კრუზეირო 0:0
ნაუტიკო-ფლამენგო 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 13 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ალექსი (კორიტიბა), ფერნანდაო (ბაია); 9 - ანდრე (ვასკო და გამა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXII ტური: ლიდერი მდევრებს გაექცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული