ბრაზილიური გასეირნება მაიამიში [VIDEO]

AutoSharing Option
მაიამიში, 71 124 მაყურებლის წინაშე (საფეხბურთო მატჩზე დასწრების რეკორდი ფლორიდის შტატში), ბრაზილიის ნაკრებმა ჰონდურასი გაანადგურა და მოგებათა სერია 5 შეხვედრამდე გაზარდა. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კარში არა ჟულიო სეზარი, არამედ "ატლეტიკო მინეიროს" მეკარე ვიქტორი გაამწესა, თუმცა ლიბერტადორესის თასის მფლობელს საქმე, პრაქტიკულად, არ ჰქონია.

მეორე ნახევარში ცვლილებაზე რობინიო და მარკინიოსი გამოვიდნენ. "მილანის" შემტევი ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა (ბოლოს 2011 წლის კოპა ამერიკაზე ითამაშა), 19 წლის მარკინიოსს კი "სელესაოში" დებიუტი ჰქონდა.

პირველ ტაიმში "სელესაომ" მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა. 22-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე
მყოფმა პაულინიომ საჯარიმოში ჩააწოდა. გადაცემას ბერნარდი გამოეხმაურა და ნაკრებში თავისი სადებიუტი გოლი შეაგდო - 0:1. შესვენებამდე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გულშემატკივრებმა ოთხი გოლი იხილეს, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავი მეოთხე და მეხუთე ბურთები იყო.

70-ე წუთზე ვილიანმა, ბერნარდის მსგავსად, ნაკრებში თავისი პირველი გოლი შესანიშნავი დარტყმით გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ბრაზილიელებმა ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც რობინიოს ქუსლით გაკეთებული პასით და ჰალკის უზუსტესი დარტყმით დასრულდა.

ანგარიში შეიძლებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო, მაგრამ ლუის გუსტავომ და იმავე ჰალკმა ჰონდურასის გოლკიპერ ვალიადარესს ვერ აჯობეს.

ჰონდურასი-ბრაზილია 0:5
გოლები: 0:1 ბერნარდი (22), 0:2 დანტე (55), 0:3 მაიკონი (66), 0:4 ვილიანი (70), 0:5 ჰალკი (74)
ბრაზილია (4-2-3-1): ვიქტორი - მაიკონი, დავიდ ლუისი (72. მარკინიოსი), დანტე, მაქსველი (71. ლუკას ლეივა) - ლუის გუსტავო, პაულინიო - ბერნარდი (46. რობინიო), ოსკარი (64. რამირესი), ნეიმარი (67. ჰალკი) - ჟო (46. ვილიანი)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული