არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის მე-17 ტურში არაერთი სენსაცია დაფიქსირდა, რის გამოც "სან ლორენსომ", რომელმაც ქულები დაკარგა, პირველი პოზიცია შეინარჩუნა და ტორნეო ინისიალის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პიცის გუნდი კვლავ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

პიატი რომ არა...
..."სან ლორენსოს" "ნიუელსი" წამოეწეოდა და "ატლეტიკო რაფაელაც" პოტენციური თანალიდერი გახდებოდა.

ამ ტურში ლიდერს სწორედ ეს უკანასკნელი მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა კიდეც - ლუკას ალბერტენგომ მე-11 წუთზე გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში ხორხე ბურუჩაგას შეგირდებმა უპირატესობა განავრცეს და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ამჯერად, თავი გუნდის საუკეთესო
ბომბარდირმა, დიეგო ვერამ გამოიჩინა.

აქედან მოყოლებული, "ატლეტიკომ" მეტოქეს უპირატესობა დაუთმო, რითაც ხუან ანტონიო პიცის შეგირდებმა ისარგებლეს. უფრო სწორად, ისარგებლა იგნასიო პიატიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ერთი ქულის წყალობით, ალმაგროელები "პოულ პოზიციაზე" დარჩნენ, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ ორი მატჩია.

სენსაციები
გილერმო ბაროს შელოტოს გუნდმა რამდენიმე დღის წინ კოპა სუდამერიკანას 1/2-ფინალში ითამაშა და ოდნავ გადაღლილი იყო. მიუხედავად ამისა, მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ენდო და როგორც ჩანს, შეცდა კიდეც.

მასპინძლებმა "ხიმნასიას" ვერაფერი დააკლეს და ბოლო წამებზე კინაღამ წააგეს კიდეც - მარჩეზინმა თანაგუნდელები აშკარა გოლისგან იხსნა. არადა, მოგების შემთხვევაში "ლანუსი" თანალიდერი გახდებოდა.

ტურის მთავარი სენსაცია კი "ლა ბომბონერაზე" დაფიქსირდა, სადაც სტუმრად "ოლ ბოისი" ჩავიდა. მასპინძლებს პრობლემები მატჩის დასაწყისშივე შეექმნათ, ვინაიდან შესაცვლელი გახდა ხუან რომან რიკელმე. "ბოკას" აუცილებლად უნდა მოეგო და პირველ ტაიმში ბიანკის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა ნიკოლას კამბიასოს ვერაფერი დააკლეს.

მეორე ტაიმის დებიუტში კი წინ სტუმრები გავიდნენ - რობერტო ბატიონმა "ოლ ბოისის" რიგებში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

7 წუთში "ბომბონერას" ბინადართა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, მაურო მატოსმა გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. კარლოს ბიანკის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და მისი ჩემპიონობის შანსები მიზერული გახდა.

ფრე "სან ლორენსოს" სასარგებლოდ
ლიდერებიდან ყველაზე ბოლოს კი "ნიუელს ოლდ ბოისმა" და "არსენალმა" ითამაშეს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა, რითაც ყველაზე მეტად ხუან ანტონიო პიცის გუნდმა გაიხარა.

ორივე გუნდის მხრიდან თავი მცველმა გამოიჩინა. 35-ე წუთზე ანგარიში პარაგვაის ნაკრების წევრმა მარკოს კასერესმა გახსნა, მეორე ტაიმის დებიუტში კი "ტიგრეს" ყოფილმა მცველმა, მარიანო ეჩევერიამ კუთხურის შემდეგ იხეირა.

17 ტურის შემდეგ ჩემპიონობის რეალურ შანსს ხუთი გუნდი ინარჩუნებს. მომდევნო ტურში "სან ლორენსო" - "ესტუდიანტესს", "ლანუსი" - "ბოკას", ხოლო "არსენალი" "ბელგრანოს" უმასპინძლებს, დარჩენილი ორი კანდიდატი კი სტუმრად ითამაშებს - "ნიუელსი" "ოლ ბოისს" ხვდება, "ატლეტიკო " კი - "ტიგრეს".

XVII ტური

ველესი-გოდოი კრუსი 2:1
გოლები: 0:1 ობოლო (3), 1:1 ალიონე (57), 2:1 პრატო (85)

არ. ხუნიორსი-კილმესი 1:1
გოლები: 0:1 გარნიერი (22), 1:1 რ. გომესი (41)

ოლიმპო-როსარიო 1:0
გოლი: 1:0 ჯისი (77)

ატლ. რაფაელა-სან ლორენსო 2:2
გოლები: 1:0 ალბერტენგო (11), 2:0 დ. ვერა (51), 2:1 ი. პიატი (66), 2:2 ი. პიატი (86)

ბოკა-ოლ ბოისი 0:2
გოლები: 0:1 ბატიონი (47), 0:2 მატოსი (54-პენ)

ნიუელსი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 მ. კასერესი (35), 1:1 ეჩევერია (50)

რასინგი-რივერი 1:0
გოლი: 1:0 ბ. სუკულინი (13)
გაძევება: ე. ალვარესი (90. რივერ პლეიტი)

ესტუდიანტესი-კოლონი 1:0
გოლი: 1:0 დესაბატო (17)

ბელგრანო-ტიგრე 2:0
გოლები: 1:0 ს. პერეირა (2), 2:0 ხ. გარსია (90-საკ. კარში)
გაძევება: პაპარატო (63. ტიგრე)

ლანუსი-ხიმნასია 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. სან ლორენსო 17 9 4 4 29-17 31
2. ნიუელსი 17 8 6 3 24-16 30
3. ლანუსი 17 8 5 4 28-14 29
4. არსენალი 17 7 8 2 20-14 29
5. ველესი 17 7 6 4 22-16 27
6. ბოკა 17 8 3 6 22-21 27
7. ესტუდიანტესი 17 6 8 3 16-12 26
8. ატლ. რაფაელა 16 7 4 5 22-21 25
9. არ. ხუნიორსი 17 7 4 6 16-16 25
10. გოდოი კრუსი 17 6 6 5 17-14 24
11. ბელგრანო 17 6 5 6 23-19 23
12. როსარიო 17 6 4 7 19-22 22
13. ხიმნასია 17 5 7 5 17-21 22
14. კილმესი 17 5 5 7 11-19 20
15. ოლ ბოისი 17 4 7 6 16-17 19
16. ტიგრე 17 5 4 8 15-20 19
17. რივერი 17 4 5 8 10-13 17
18. ოლიმპო 17 4 5 8 17-25 17
19. რასინგი 17 3 3 11 9-23 12
20. კოლონი 16 3 3 10 8-21 6*

შენიშვნა: "კოლონი" -6 ქულა
შენიშვნა: ჩემპიონის გამოსავლენად თუ 2 გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, მაშინ გადათამაშება დაინიშნება; ხოლო თუ პირველ ადგილს რამდენიმე გუნდი გაიყოფს, მაშინ მინი-ტურნირი ჩატარდება.

ბომბარდირები: 9 - მატოსი (ოლ ბოისი); 8 - ი. პიატი (სან ლორენსო), ს. პერეირა (ბელგრანო), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVI ტური: რომის პაპი კმაყოფილია - "სან ლორენსო" გალიდერდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული