40 ფაქტი ნეიმარზე - ყველაფერი, რაც ბრაზილიელზე უნდა ვიცოდეთ

AutoSharing Option
დოსიე

ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი

დაიბადა 1992 წლის 5 თებერვალს, მოჟი დაშ კრუზესში (ბრაზილია)
სიმაღლე: 1.75 მ
წონა: 70 კგ
პოზიცია: ფორვარდი/გარემარბი
კლუბი: ბარსელონა
ნომერი: 11

კლუბები
2009-13 სანტოსი 103 (54)
2013-დან ბარსელონა 14 (6)

ნაკრებები
2009 ბრაზილიაU17 3 (1)
2011 ბრაზილიაU20 7 (9)
2012 ბრაზილიაU23 7 (4)
2010-დან ბრაზილია(ერ) 46(27)


1. 2013 წლის ივლისში ნეიმარმა აღაშფოთა პლანეტის ტოლერანტული ნაწილი, როცა Lupo-ს ფირმის ქვედა საცვლების რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. აჟიოტაჟი ატყდა ვიდეორგოლის პროვოკაციული შინაარსის გამო. საზოგადოებამ ის ჰომოფობიის გამოვლენად აღიქვა. კლიპის არსი შემდეგში მდგომარეობს: ქვე
და საცვლების მაღაზიაში შედიან კლიენტები, ითხოვენ საქონლის ჩვენებას და გამყიდველი მათ ნეიმარს უჩვენებს. ფეხბურთელი გოგონებს უღიმის, მაგრამ, როგორც კი ნეიმარის ნახვას მამაკაცი ითხოვს, მოთამაშე სახის შესაბამისი გამომეტყველებით ჩუმად ტოვებს მაღაზიას. კრიტიკაზე პასუხად, გაკვირვებულმა ნეიმარმა, შესაძლოა, ისევ ჰომოფობიურად გაიღიმა.

2. "სანტოსის" აკადემიაში იზრდებოდა სამი მეგობარი: ნეიმარი, განსო და ალან პატრიკი. და სამივენი კარგად იყვნენ, სანამ ნეიმარს მსოფლიო დიდება და პოპულარობა არ ეწვია. 2010 წლის ბოლოს მან ალან პატრიკთან ვარჯიშზე იჩხუბა. ამის შემდეგ, ნეიმარი კლუბის პრეზიდენტის კაბინეტში შევიდა და პატრიკის გუნდიდან გაგდება მოითხოვა. გასაკვირია, მაგრამ ალანი მართლაც გააგდეს და ახლა დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის.

3. პაოლო ენრიკე განსოს, რომლის პასებითაც გახდა ნეიმარი "სანტოსის" სახელგანთქმული ბომბარდირი, ხშირად აწუხებდა ტრავმები. და ნეიმარს ძალიან აღიზიანებდა თანაგუნდელის ხშირ შემთხვევაში არაოპტიმალური ფორმა. 2012 წლის შუაში მათ შორის ხმამაღალი საუბარი გაიმართა, რომლის შედეგი იყო "სანტოსიდან" ნეიმარის ბოლო მეგობრის წასვლა: განსო "სან პაულუში" გადავიდა.

4. "ბარსელონაში" ნეიმარის ტრანსფერიდან 40 მილიონი ევრო მიიღო მისმა მამამ, "სანტოსს" კი 9.4 მილიონი ევრო ერგო. საზეიმო მატჩში, რომელიც ფეხბურთელის ეპიკურ ტრანსფერს მიეძღვნა, "სანტოსმა" თავისი ვარსკვლავის გარეშე 0:8 წააგო.

5. 2010 წლის 16 სექტემბერს, ნეიმარმა პენალტი მოიპოვა "გოიანენშესთან" მატჩში. "სანტოსის" მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა კატეგორიული ფორმით აუკრძალა პენალტის დარტყმა ახალგაზრდა მოთამაშეს. ბურთთან მარსელო მივიდა, მაგრამ პუბლიკის ყურადღება სხვა მიზანსცენამ მიიპყრო. ჭირვეულმა ბრაზილიელმა დემონსტრაციულად შეაქცია ზურგი მწვრთნელს, შემდეგ კი მინდვრიდან გასვლა სცადა. დორივალი თავისი ფეხბურთელის დაჯარიმებასა და თამაშებისგან მოკვეთას აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად, თავად გაათავისუფლეს.

Sportall.Ge

6. 2011 წელს ნეიმარმა მოიგო პუშკაშის პრემია წლის ყველაზე ლამაზი გოლისთვის. ლაპარაკია "ფლამენგოსთან" ფანტასტიკურ შეხვედრაზე (5:4), რომლის დროსაც ნეიმარმა ფენომენალური დრიბლინგი შეასრულა. საინტერესოა, რომ ერთი წლის შემდეგ, ნეიმარმა ზუსტად ასეთი გოლი გაიტანა იმავე "ფლამენგოს" კარში, მაგრამ ამან უკვე ძველებური აჟიოტაჟი აღარ გამოიწვია. მისი შესრულებით ლამაზ გოლებს სწრაფად მიეჩვივნენ.

7. 2011 წელს შოტლანდიისა და ბრაზილიის შეხვედრაში მინი-სკანდალი მოხდა. ნეიმარის გოლის შემდეგ, მოედანზე ბანანი ისროლეს. "ძალიან რთულია თამაში მუდმივი დაცინვისა და რასიზმის გამოვლინებების ფონზე", - განაცხადა ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ. მოულოდნელად გაირკვა, რომ ბანანი ისროლა გერმანელმა სტუდენტმა - და ამაში არანაირი რასისტული გამოვლინება არ ყოფილა. რაც შეეხება მუდმივ სტვენას, შოტლანდიელმა ჩინოვნიკებმა ეს ახალგაზრდა ვარსკვლავის მუდმივი წაქცევებით ახსნეს. ამიტომაც, ბრაზილიის ფედერაცია, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, ბოდიშს ვერ ეღირსა.

8. "ყველა ლაპარაკობს მესის შესახებ, მაგრამ იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდე, ჯერ ნეიმარს უნდა აჯობო", - ეს არის პელეს სიტყვები, რომელზეც ნეიმარმა მარტივად თქვა: "მინდა, რომ მას მადარებდნენ".

9. ნეიმარი 19 წლის ასაკში გახდა მამა. მის ვაჟს დავი ლუკა ჰქვია. ბედნიერმა ნეიმარმა პუბლიკას განუცხადა, რომ მას ჰყავს 2810 გრამი "ბედნიერება", მაგრამ პრესას უფრო აინტერესებდა - ვინ იყო ბავშვის დედა. ნემარი მალავდა მის სახელს და მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა ფარდა ახადეს ამ საიდუმლოს. ეს იყო 17 წლის გოგონა, სახელად კაროლინა, რომელთანაც ნეიმარს ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა. დავი ლუკას ნათლია გახდა ის განსო, ნეიმარმა "სანტოსიდან" რომ მოიშორა.

10. "სითამამე და სიხარული" (Ousadia & Alegria) - ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია ნეიმარის ლექსიკონში. ეს არის აგრეთვე სიმღერის ტექსტი, რომელიც ფეხბურთელმა ცნობილ ბრაზილიელ საესტრადო შემსრულებელ ტიაგინიოსთან ერთად შეასრულა. აგრეთვე, ეს ორი სიტყვაა საღეჭი კანფეტების – Mentos-ის სარეკლამო კამპანიის სლოგანი. ამ რეკლამაში სწორედ ნეიმარია გადაღებული. და საერთოდაც, ფეხბურთელი თავისი თამაშის მანერას ამ ორი სიტყვით გამოხატავს.

11. "ბარსელონაში" გადასვლის მომენტიდან ნეიმარმა შვიდი კილოგრამი დაიკლო ანემიის (რკინის დეფიციტი სისხლში) გამო. ნეიმარის მამის ვერსიით, ეს უკავშირდებოდა ყელზე გადატანილ ოპერაციას.

12. ნეიმარის ამჟამინდელი შეყვარებულია 18 წლის მსახიობი და მოდელი ბრუნა მარკეზინი. ეს ქალბატონი იმით არის უნიკალური, რომ მოდელად მუშაობა ხუთი წლისამ დაიწყო, შვიდი წლის ასაკიდან კი იღებდნენ კინოსა და ტაბლოიდებში. თავისი სრულწლოვანობა მან გამომწვევი ცეკვით აღნიშნა ერთ-ერთ გასართობ შოუში.

13. გასული წლის აგვისტოში ერთ-ერთი გაზეთის პაპარაციმ განაცხადა - გამაჩნია მტკიცებულება, რომ ნეიმარი "გრემიოსთან" გამარჯვებას მეძავების გარემოცვაში აღნიშნავდაო. "პრესა ცდილობს ნეიმარისგან "ცუდი ბიჭის" იმიჯის შექმნას! მისი ბრაზილიიდან გაგდება უნდათ!" - მაშინვე დაიცვა ფეხბურთელი "სანტოსის" პრეზიდენტმა ლუის რიბეირუმ.

14. 2011 წელს, ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებით მატჩში, ნეიმარმა მხოლოდ 35 წუთი ითამაშა. და ეს იმიტომ, რომ მას მოედნის ყველა წერტილში "პენიაროლის" ხისტი მცველი ნიკოლას ფრეიტასი ავიწროებდა. შედეგად, ნეიმარმა მთელი ბრაზი და ბოღმა ალეხანდრო გონსალესზე გადაიტანა. ურუგვაელი საავადმყოფოში წაიყვანეს, ჩვენი გმირი კი, რომელიც მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯეს, ერთი გოლის ავტორი გახდა.

15. 2012 წელს ნეიმარმა ექვსი ჰეთ-თრიკი შეასრულა (მათ შორის ერთი ბრაზილიის ნაკრებში), სულ კი 54 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

16. 2011 წელს, ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე, არგენტინისა და ბრაზილიის (2:1) მატჩის შემდეგ, ნეიმარმა განაცხადა: "იმედია, პირველად და უკანასკნელად ვითამაშე 11 ცხვრის წინააღმდეგ". ნეიმარისა და ლუკაშ მოურას წინააღმდეგ არგენტინელები მართლაც ძალიან ბინძურად თამაშობდნენ, მაგრამ თანამემამულეები დაიცვა ფეხბურთის მეფემ მარადონამ. მან მოითხოვა პატივისცემით მოიხსენიონ გუნდი, რომელმაც სამყაროს ამდენი მსოფლიოს ჩემპიონი აჩუქა.

17. თავის კარიერაში ერთადერთი "პენტათრიკი" (ხუთი გოლი მატჩში) ნეიმარმა 2010 წლის 15 აპრილს შეასრულა, როცა მონაწილეობა მიიღო "გუარანის" განადგურებაში (8:1).

18. თავისი პირველი "თამამი და მხიარული" ვარცხნილობა ნეიმარმა 2010 წელს, სან პაულუს შტატის ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ დაიყენა. "უსაქმოდ ვიყავი და იმიტომ", - აუხსნა მან შემდეგ ჟურნალისტებს. მანამდე ნეიმარი ჩვეულებრივ გრძელ თმას ატარებდა.

19. ნეიმარს ორი პოკერი აქვს შესრულებული - ორივეჯერ იმ შეხვედრებში, როცა "სანტოსში" სხვას არავის გაუტანია გოლი.

20. ნეიმარის კარიერაში ხუთი გაძევებაა. აქედან სამი - პირდაპირი წითელი ბარათებით.

21. 56 499 მაყურებელი მიესალმა ნეიმარს "ბარსელონაში" ოფიციალური პრეზენტაციის დროს.

22. "ბარსელონაში" ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ, გამოცემა Panda Books-მა გამოუშვა ნეიმარის პირველი წიგნი -Neymar Jr. de A a Z. მარტივად, მისაღები ალფავიტური ფორმით ნეიმარმა მოყვა მშობლებზე, შვილზე, ვარცხნილობებზე, თავის ლამაზ გოლებზე, დასამახსოვრებელ მატჩებსა და საკუთარ ჰობიზე.

23. ნეიმარი საყვარელ გასართობად ასახელებს მეგობრებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელებში "ჯდომას".

24. ნეიმარს "ტვიტერზე" 8 074 036 ხელმომწერი ჰყავს.

25. ნორჩ ნეიმარს ბრაზილიურმა პრესამ თავიდან "ახალი რობინიოს" ტიტული მიანიჭა. მოგვიანებით ნეიმარი დაუმეგობრდა თავის უფროს პროტოტიპს და მასთან ერთად "სანტოსისა" და ბრაზილიის ნაკრების ბაზებზე მუზიცირებდა კიდეც. ნეიმარი დღემდე უწოდებს რობინიოს თავის კერპს.

26. 2011 წლის 7 აპრილს 40 წლის ურუგვაელმა არბიტრმა რობერტო სილვამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ლიბერტადორესის თასზე "სანტოსი" იოლად ამარცხებდა "კოლო კოლოს". 52-ე წუთზე 19 წლის ნეიმარმა მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, ლამაზი გოლი გაიტანა და გაამყარა ბრაზილიელთა უპირატესობა - 3:0. ფეხბურთელმა ორიგინალურად გადაწყვიტა გოლის აღნიშვნა და ამისთვის სახეზე გაიკეთა ნიღაბი... საკუთარი გამოსახულებით. რობერტო სილვამ ის ყვითელი ბარათით დასაჯა, რომელიც მეორე იყო ბრაზილიელისთვის. მის გარეშე "სანტოსმა" კინაღამ ხელიდან გაუშვა გამარჯვება.

27. თუ Google-ს ძიებაში მიუთითებთ neymar scandals-ს, შედეგი იქნება 36 700 000 გვერდი.

28. პელეს აზრით, ნეიმარი ვერ ხვდება "სანტოსის" ყველა დროის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის -. პელე, ვასკონსელოსი და კოუტინიო. ამ სამეულში ნეიმარს არაფერი ესაქმება.

29. სულ რაღაც 8 მილიონი ევრო ღირდა ნეიმარი იუნიორებს შორის მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ბრაზილია ჯგუფიდან ვერ გავიდა.

30. 10 000 რეალი - ასეთი იყო 15 წლის ნეიმარის პირველი ოფიციალური ხელფასი "სანტოსში". სანამ ნეიმარი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა, ის, მისი დედა, მამა და და რაფაელა სან ვისენტში ბებიის პატარა სახლში ცხოვრობდნენ. პირველი სოლიდური ხელფასის მიღების შემდეგ, ოჯახმა "სანტოსის" სტადიონ "ვილა ბელმიროსთან" ახლოს შეიძინა ბინა, ორი წლის შემდეგ კი ის უფრო ღირსეულ საცხოვრებელზე გადაცვალა.

31. ბრიტანული ფეხბურთის ექსცენტრული წარმომადგენელი ჯოი ბარტონი და ნეიმარი, სავარაუდოდ, ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ნეიმარს მისგან მუდმივად ხვდება. ბრაზილიელმა არ იცის, ვინ არის ბარტონი, სამაგიეროდ, ბარტონმა იცის, რომ ნეიმარია - "ჯასტინ ბიბერი", "კატის შარდი", "შოუ-პონი" და ა. შ.

32. ნეიმარი მორიგ, ამჯერად რელიგიურ სკანდალში მაშინ გაეხვია, როცა ჟურნალ Placar-ის გარეკანისთვის გადაიღო ფოტო. ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახე არ მოეწონათ მორწმუნე ბრაზილიელებს. კათოლიკურ ეკლესიასაც კი არ დაეზარა ინტერნეტში ონლაინ-პეტიციის შექმნა გარეკანის გაუქმების მოთხოვნით, რადგან ის შეურაცხყოფდა მორწმუნეთა გრძნობებს. შეგროვდა ათი ათასამდე ვირტუალური ხელმოწერა, მაგრამ ჟურნალმა არაფრის შეცვლა არ მოისურვა.

Sportall.Ge

33. კონფედერაციათა თასზე ბრაზილიისა და იაპონიის მატჩში ნეიმარის მიერ გატანილი გოლი თურმე ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს დაუფიქსირებია, რომელმაც იმ დროს, შემთხვევით სტადიონს გადაუფრინა. როგორც გაირკვა, ახლა საიდუმლო სამხედრო არქივებში ინახება იმ გოლის ფოტო, რომელიც ნეიმარმა გაიტანა.

34. 2010 წელს ნეიმარს დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის ნაკრებში აშშ-ის წინააღმდეგ (2:0) და გოლი გაიტანა.

35. 14 ათასი წერილობითი თხოვნა გაუგზავნეს ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დუნგას, რათა მას მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე წაეყვანა ნორჩი ნეიმარი.

36. "ფრანს ფუტბოლის" ვერსიით, ნეიმარი მეშვიდე ადგილზე იმყოფება მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების სიაში (არასაფეხბურთო შემოსავლების გაუთვალისწინებლად).

37. 2013 წლის აპრილში კარიკატურისტმა მაურისიო დე სოუზამ ნეიმარი Monica's Gang-ის კომიქსების გმირთა სიაში შეიყვანა. ეს სერია 1959 წლიდან გამოდის. უმცროსი ნეიმარი - ასე ჰქვია ნახატ გმირს.

38. მინიმუმ სამი წელი ნეიმარი იქნება მსოფლიოს ათ ყველაზე ლიკვიდურ სპორტსმენთა სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეიმარში, როგორც ეკონომიკურ ერთეულში ფულის ჩადება პოტენციურ ინვესტორს მოგებას მოუტანს. ასეთია SportsPro Journal-ის კვლევის შედეგი.

39. 43 ინდივიდუალური პრიზი შეაგროვა ნეიმარმა პროფესიულ ფეხბურთში ოთხი წლის განმავლობაში.

40. ნეიმარს დებიუტი "სანტოსში" 2009 წლის 7 მარტს ჰქონდა (ერთი თვით ადრე გახდა 17 წლის). უკვე ერთი კვირის შემდეგ, ნეიმარმა თავისი პირველი გოლი გაიტანა "მოჟი მირიმის" კარში.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 4 /
სტატიის ავტორი ვინაა?
0
მომავალი ლეგენდაა ნეყმარიიი
zura
14:35 29-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული