იმპერატორის დაბრუნება - ადრიანო "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავიდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო მინდორს უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მას ფეხბურთი თითქმის ორი წელია, 2012 წლის მარტიდან არ უთამაშია.

"იმპერატორს" კონტრაქტი "ატლეტიკო პარანაენსემ" გაუფორმა და 31 წლის ფორვარდიც, რომელიც 17 თებერვალს 32-ის შესრულდება, დიდი ოპტიმიზმით ეკიდება თავის ახალ თავგადასავალს და კლუბს ემადლიერება გამოცხადებული ნდობისთვის.

როგორც იცით, ადრიანოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომლებიც მას მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო. ამას ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება მოჰყვა. ბრაზილიელ ფეხბურთელებს მსგავს რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება შველით ხოლმე, მაგრამ ადრიანოს შემთხვევაში ამან არ გაჭრა. პირიქით, ბრაზილიაში მის თავსატეხებს
ჭარბი წონის პრობლემაც დაემატა.

ადრიანომ ვერც ერთ გუნდში ვერ მოიკიდა ფეხი და ალბათ, აღარავის ეგონა, რომ ის მინდორს დაუბრუნდებოდა, მაგრამ "იმპერატორმა" მოინდომა და დეკემბრიდან მოყოლებული, ფორმის აღსადგენად "კურიტიბას" ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა და აი, შედეგიც...

"ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტია. ამდენხნიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, "ატლეტიკოს" წყალობით, მინდორზე დაბრუნების საშუალება მაქვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ გუნდმა კონტრაქტი გამიფორმა.

მთელ ამ პერიოდში, ეს კლუბი გვერდში მედგა და ყველა მამხნევებდა. აქ ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. ლიბერტადორესის თასი ერთადერთი ტიტულია, რომელიც არ მომიგია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს მის მოგებაში დავეხმარო.

მართლაც ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ფეხბურთს დავბრუნებოდი და ის გამეკეთებინა, რაც ყველაზე უკეთ ვიცი - გოლები გამეტანა. მინდა "ატლეტიკოს" დავეხმარო და ფანები გავახარო"
, - განაცხადა ადრიანომ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" გარდა, "იმპერატორს" "ფლამენგოში", "პარმაში", "ფიორენტინაში", "რომაში", "სან პაულუსა" და "კორინთიანსში" უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული