რობერტო კარლოსის აღსარება: ექვსი თუ შვიდი ქალისგან სულ რვა შვილი მყავს

AutoSharing Option
რობერტო კარლოსის სახელოვანი კარიერა 2011 წელს მოულოდნელად განვითარდა. 38 წლისამ სამშობლოდან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა წასვლა და თანაც სად? მახაჩყალის "ანჟიში", სადაც მას მოთამაშე-მწვრთნელობა შესთავაზეს. საერთო ჯამში, სამხრეთამერიკელმა რუსეთში ორი წელი გაატარა. ამჟამად ის თურქული "სივასფორის" მთავარი მწვრთნელია. მასთან ინტერვიუ უკრაინულმა ფოოტბალლ.უა-მ მოამზადა.

- გახსოვთ პირველი საქმე, რომელშიც ანაზღაურება მიიღეთ?
- 12 წლისა ვიყავი, ბრაზილიაში ერთ-ერთ საფეიქრო საწარმოში ვმუშაობდი. თვეში დაახლოებით 200 ევროს მიხდიდნენ, რაც ნამდვილად მიღირდა, რადგან სწორედ იქ მუშაობდნენ ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგოები. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი,
რათა ანაზღაურებისთვის ყურადღება არ მიმექცია.

- დღემდე ვერ მოვახერხეთ იმის დადგენა, რამდენი ცოლი გყავდათ...
- ძალიან მარტივად - მხოლოდ ორი, მაგრამ მეტნი არიან ქალები, რომელთაც ჩემგან შვილი ჰყავთ. ექვსი თუ შვიდი ქალისგან სულ რვა შვილი მყავს.

- ექვსი თუ შვიდი? ზუსტად არ იცით?
- ზუსტად არ მახსოვს. მაცალეთ, დავფიქრდები. ერთი მექსიკელი იყო, ერთი უნგრელი, დანარჩენები ბრაზილიელები. ოთხს პლუს ორი, ანუ ექვსი.

- თუმცა იტალიაში, ყველაზე მეტად, მაინც როი ჰოჯსონთან თქვენი არშემდგარი "ქორწინება" ახსოვთ...
- მას უნდოდა, რომ ნახევარდაცვაში მეთამაშა, მე კი უკანა ხაზში მერჩივნა. თუმცა მისი ბრალი მაინც არ ყოფილა, რომ "ინტერში" მხოლოდ ერთი წელი გავჩერდი.

- ყველაზე მოდური ფეხბურთელი ვინ იყო, ვისაც იტალიაში შეხვედრიხართ?
- ფრანჩესკო ტოტი. თუკი უცხოელებზეც მეკითხებით, მაშინ ზიდანი და რონალდო. მადრიდში ერთხელ რესტორნიდან გამოვედი, ქალი მომვარდა და მთხოვა, რონალდო, ავტოგრაფი თუ შეიძლებაო. ცხადია, დავთანხმდი და დავუწერე - სიყვარულით, რო-ნალ-დო. მხოლოდ მერე მიხვდა, რომ შეეშალა. ამის გამო პოლიციაში მიჩივლა, სადაც ძლივს ავუხსენი, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

- შეგიძლიათ ყველაზე გადარეული ფეხბურთელი დაასახელოთ?
- რა თქმა უნდა, თომას გრავესენი, ვისთან ერთადაც "რეალში" ვთამაშობდი. ის არანორმალური რიტმით ცხოვრობდა და მასთან ერთად ვარჯიში ბევრად უფრო ხალისიანი იყო. ვარჯიშებზეც კი ფეხებში უხეში ვარდნა სჩვეოდა, შემდეგ კი იდგა და იცინოდა. თომასი შესანიშნავი ადამიანია.

- "რეალთან" ერთად სამჯერ მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ხართ მსოფლიოს ჩემპიონი. ყველაზე ბედნიერი დღე რომელი იყო თქვენთვის?
- დღე, როცა ჩემი შვილობილი რობერტო კარლოსი-უმცროსი გადარჩა. მას ხუთი თვისას გულზე სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა. ოპერაციის გარეშე რამდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ახლა კი ის უკვე 12 წლისაა.

- კლარენს ზეედორფთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ. მიგაჩნიათ, რომ მისგან კარგი მწვრთნელი დადგება?
- დიახ, რადგან მინდორზე ყოველთვის ლიდერი იყო და მუდამ იმას ცდილობდა, სხვებისთვის რაღაც ესწავლებინა. კაკა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კლარენსივით ფეხბურთელებთან ურთიერთობა არავის შეეძლო.

ჩვენ წელიწად-ნახევარი ერთად ვცხოვრობდით. მახსოვს, რომ დღის განმავლობაში აბაზანაში, მინიმუმ, სამ საათს ატარებდა, რათა თმები მოეწესრიგებინა, რაც ჩემთვის აუტანელი იყო.

- ზეედორფი ყოველთვის ასეთი სერიოზული იყო?
- სერიოზული რომ ყოფილიყო, რა უჭირდა?! ხანდახან მეზობლებს ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მათთვის პიცა ჰქონდა გადასაცემი. ჩვენ, ყველანი, ხანდახან მართლა პატარა ბავშვებივით ვიქცეოდით.

- კლარენსს ყველაფერი წინ აქვს, თქვენ კი აღიარება უკვე მოიპოვეთ. "სივასფორთან" ერთად, ალბათ, ამბიციური გეგმები გაქვთ.
- აქ მაქსიმუმ ორი სეზონი დავრჩები და მერე ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება, ერთი წელი გავჩერდე. მომდევნო სეზონისთვის უკვე მაქვს რამდენიმე კონკრეტული შეთავაზება, ველაპარაკე 4-5 კლუბის წარმომადგენელს. დავრჩები თუ სადმე წავალ, ამას მაისში გადავწყვეტ. შეიძლება, თურქეთში გავჩერდე ან ესპანეთში გადავიდე.

- "ბუგატი ვეირონი" კიდევ გყავთ?
- მადრიდში გარაჟში მიდგას. კონტრაქტის თანახმად, საჭესთან დაჯდომის უფლება მხოლოდ მე მაქვს. წარმოიდგინეთ, მანქანას 1000 ცხენის ძალაზე მეტი აქვს, ფორმულა 1-ის ბოლიდებს კი - რვაასამდე, რაც, ცხადია, ძალიან საშიშია. თანაც არ მინდა, რომ ჩემს მანქანას ვინმემ ხელი მოჰკიდოს.

- "ბუგატის" საჭესთან ქალაქში თუ მჯდარხართ?
- ეს შეუძლებელია. ვიცი, სიჩქარის რადარები სად დგას ბრაზილიაში, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, სადაა ისინი დამალული მადრიდის ქუჩებში. თანაც ვერ ვიტყვი, რომ მანქანებზე, ქალებზე და მაჯის საათებზე ჭკუა ძველებურად მეკეტება. ასაკთან ერთად უფრო მშვიდი გავხდი.

- მართალია, თითქოს პირადი თვითმფრინავი გყავდათ?
- არა, ეს ვერტმფრენი იყო, რომელიც გავყიდე მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც მომენტში ჩემთვის მიუღებელი გახდა, საკუთრებაში მყოლოდა ასეთი ძვირად ღირებული რამ, მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია.

- ეს, ალბათ, რელიგიის გავლენით გააკეთეთ...
- ნაწილობრივ. თავს ღრმად მორწმუნე ადამიანად კი მივიჩნევ, მაგრამ ეკლესიაში არ დავდივარ. სახლში ვლოცულობ და მიმაჩნია, რომ სად გააკეთებ ამას, მნიშვნელობა არა აქვს.

- სივასში ბევრი მეჩეთია...
- ღმერთი მაინც ერთია, განსხვავება მხოლოდ სახელშია. ჩვენთვის იესო ქრისტეა, ისლამისტებისთვის - ალაჰი.

- გულშემატკივარს დღემდე ახსოვს 1997 წელს ლიონში, საფრანგეთის კარში გატანილი ჯარიმა...
- დიახ და დღემდე თავად ვერ ვხვდები, როგორ მოვახერხე. ის დამეხმარა, რომ ბუცები ფეხზე მეტისმეტად მქონდა მომდგარი, ბურთი უჩვეულოდ მსუბუქი იყო და, ალბათ, ამანაც თავისი როლი ითამაშა. გაითვალისწინეთ, რომ ჩემი მარცხენა ფეხის გარშემოწერილობა 64 სმ-ია. მას მერე უთვალავჯერ ვცადე გამეორება, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

- საინტერესოა, მარჯვენა ფეხით სასარგებლო რა გაგიკეთებიათ კარიერის განმავლობაში?
- მოედანზე? თითქმის არაფერი, მხოლოდ 2 გოლი 25 წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, ის მეხმარება ველოსიპედზე სეირნობისას. მარჯვენისგან განსხვავებით, ღმერთმა ძალიან ძლიერი მარცხენა მომცა.

მამაჩემი არ ყოფილა ცაცია, არც ჩემი შვილები არიან ასეთები. წერის დროს მეც მარჯვენას ვხმარობ. დედაჩემი ხელს სკამზე მიმაგრებდა ხოლმე, რათა ისეთი ვყოფილიყავი, როგორც სხვები.

- 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გავიხსენოთ...
- რონალდოს რომ პრობლემები ჰქონდა, ეს პირველად ფინალის წინ, სასტუმროს ნომერში შევნიშნე.

მომეჩვენა, რომ მას ეპილეფსიური შეტევა დაემართა. დღემდე ცუდად მახსენდება ის მომენტი.

ერთიანად გაფითრებული იყო, კრუნჩხვებისგან ვერც კი ინძრეოდა. რონალდოს თამაში არ შეეძლო, არადა, შეხვედრის დაწყებამდე საათ-ნახევარი იყო დარჩენილი. ის ბრაზილიისთვის ღმერთი იყო და ვალდებული გახლდათ, მოედანზე გასულიყო.

- იაპონიისა და კორეის მსოფლიოს ჩემპიონატზე რას გვეტყვით?
- სკოლარის დიდი ოჯახივით ვცხოვრობდით, კაფუ და რონალდო ლიდერები იყვნენ, მე - მთავარი კლოუნი, ოჯახის საყვარელი წევრი.

- თქვენი პროგნოზი საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ...
- ბრაზილია მოიგებს. სხვა რამე რომ ვთქვა, შეიძლება მომკლან კიდეც. ისე პირადად გერმანიის მეშინია.

- წარმოიდგინეთ, რომ არაფერი ვიცით "ანჟიზე". შეგიძლიათ, აგვიხსნათ, ეს რა არის?
- სულეიმან კერიმოვს ჰქონდა ოცნება, რომ ჩემთან ემუშავა. მან წარმოუდგენელი კონტრაქტი შემომთავაზა. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივი ადამიანია, თუმცა მის სახლს მუდმივად 15-მდე შეიარაღებული ადამიანი იცავს. საშიში იყო.

- მართალია, რომ პროექტი სამუელ ეტოოს გამო ჩავარდა?
- მას თავისებური ხასიათი აქვს. მისი საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა, მაგრამ თავად ყველაფრის კონტროლის სურვილი ამოძრავებს. არადა, როცა კლუბს ჰყავს მწვრთნელი და დირექტორი, არ შეიძლება, შენი პრობლემებით პირდაპირ პრეზიდენტთან გაიქცე.

- 2011 წელს თქვენთვის ნასროლ ბანანზე მოგვიყევით...
- ეს რომ დამენახა, მესამე წუთიც რომ ყოფილიყო, მოედნიდან გავიდოდი. ხალხს მძიმე ცხოვრება აქვს და სტადიონზე იმიტომ მოდის, რომ ორთქლი გამოუშვას. ვწუხვარ მათ გამო. იმ ადამიანმა მერე ჩემთან ფოტოს გადაღებაც კი მოინდომა.

- როგორ დასრულდა ისტორია?
- სამი თვით ჩასვეს ციხეში და დილას თუ საღამოს მხოლოდ ბანანის ჭამის უფლებას აძლევდნენ.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ რამდენი სვილი მყავს არ მახსოვსო მერე გრმად მორწმუნე ვარო.... რას მიაცმააცობ ბიჯოო?
ოლეგა
00:59 03-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული