დუნგას დაბრუნებამ ბრაზილია დააბრუნა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებმა საკუთარ კედლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს მერე, წელი მაჟორულ ნოტზე ჩაამთავრა.

მუნდიალის მერე "სელესაოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლოს დუნგა დაბრუნდა, რომელმაც კოლუმბიას (1:0), ეკვადორს (1:0), არგენტინას (2:0), იაპონიას (4:0) და თურქეთს (4:0) მოუგო. ვენაში კი, ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე, ბრაზილიელებმა გაუშვეს (ისიც პენალტით), მაგრამ მაინც იმარჯვეს ზედიზედ მეექვსედ. ყველა იმაზე საუბრობს, რომ ასეთი სერია გუნდს ახლა ძალიან სჭირდებოდა გერმანიასთან და ჰოლანდიასთან სამარცხვინო 1:7-ისა და 0:3-ის მერე.

83-ე წუთამდე "ოსკარი" პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარს ეკუთვნოდა, რადგან მან დავიდ ლუისს
საგოლედ უპასა და მერე ანდერს ვაიმანის წაქცევის გამო პენალტი "აიკიდა".

თუმცა შემდგომ სცენაზე რობერტო ფირმინო გამოვიდა. "ჰოფენჰაიმის" შემტევი ნაკრებში სულ რაღაც მეორე მატჩს ატარებდა და თუ იქამდე თქვა, გამოძახების შესახებ რომ გავიგე, სიხარულისგან სახლში გიჟივით დავრბოდი და ვყვიროდიო, წარმოიდგინეთ, რას იზამდა, როდესაც შორი მანძილიდან გაიტანა და ბრაზილიას მოაგებინა. 23 წლის თავდამსხმელისგან განსხვავებით, გადაიდო "ბენფიკას" ტალისკას დებიუტი, რომელიც ზედიზედ მეორედ თადარიგში დარჩა.

ერთადერთი ნეგატიური მირანდას ტრავმა გახლდათ, მაგრამ დუნგას თუ ვენდობით, სერიოზული არაფერი ჩანს. ბრაზილიელთა მწვრთნელმა თავისიანებს კომპლიმენტები უძღვნა და გუნდში არსებულ დაძაბულობაზეც გავრცელებული ცნობები უარყო.

საქმე ის არის, რომ ტიაგო სილვამ სინანულით აღნიშნა, როდესაც კაპიტნის სამკლავურის ნეიმარისთვის გადაცემა გადაწყვიტა, მწვრთნელი არც კი დამლაპარაკებიაო. პსჟ-ის მცველი ამ შეხვედრაში თადარიგში იყო და მხოლოდ მირანდას დაშავების მერე მოუწია თამაში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული