ხამეს როდრიგესი: ჩემი ფავორიტი გოლი სულ სხვაა

AutoSharing Option
1991 წლის 12 ივლისს კოლუმბიის ქალაქ კუკუტაში დაბადებული ხამეს დავიდ როდრიგეს რუბიო ნეიმართან ერთად ახალი თაობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია.

მიუხედავად იმისა, რომ ხამესი მხოლოდ 23 წლისაა უკვე მოასწრო სამშობლოში, არგენტინაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში თამაში. ახლა კი ესპანეთში ბურთაობს, მას მერე, რაც საუცხოოდ ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" შეიძინა.

მუნდიალზე როდრიგესი საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ურუგვაის კარში გატანილი ულამაზესი ბურთი 2014 წლის გოლად დაასახელეს. კოლუმბიის სიმპათიური ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში და მეტიც შეეძლო, მაგრამ მასპინძელ ბრაზილიასთან არ გაუმართლა და
დამარცხდა. ამ ყველაფერზე და არამარტო, თავად ხამესი საუბრობს

- იმაზე უკეთესს წელს, ვიდრე თქვენთვის 2014 გამოვიდა ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდით. ელოდით ასეთ წარმატებებსა და ცვლილებებს?
- ყოველთვის ფიქრობ და ოცნებობ წინსვლაზე. იმაზეც ვოცნებობდი, რომ იქ მოვხვედრილიყავი, სადაც ახლა ვარ. იმით, რასაც უკვე მივაღწიე კმაყოფილი გახლავართ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალია და ჩემი მიზანი მადრიდის "რეალის" დარ დიდ გუნდში დიდი ხნით დარჩენა და გამარჯვებების მოპოვებაა.

- რა იქცა თქვენთვის ყველაზე დიდ სიურპრიზად "სამეფო გუნდში" გადასვლის მერე?
- ერთია რაიმეს შორიდან და გარედან აფასებდე და მეორე, შიგნით აღმოჩნდე და რეალურად დაინახო, რა და როგორ არის. ხშირად, შიგნიდან ხილვის დროს აღმოაჩენ რომ ბევრი რამ სხვაგვარადაა. ის, რომ "რეალი" დიდი კლუბი იყო ისედაც ვიცოდი და ეს ყველამ იცის, მაგრამ ახლა, როდესაც გუნდში ვარ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მსოფლიოს უდიდესი გუნდია, უდავოდ.

- კრიშტიანო რონალდოზე ძალიან ბევრს საუბრობენ და ბევრი იწერება. თუმცა საინტერესოა, როგორა იგი რეალურად, როგორია იგი გასახდელში თანაკლუბელებთან?
- კრიშტიანო ბრწყინვალეა, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, მან "ოქროს ბურთი" ნამდვილად დაიმსახურა იმ ყველარისთვის, რაც 2014 წელს გააკეთა. იგი სრულყოფილი და თანამედროვე ფეხბურთელია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მატჩების დროს ყველა ხედავს, რა მნიშვნელოვანი და სასარგებლო მოთამაშეა იგი. თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია მისი ხილვა ვარჯიშებისას, სწორედ იქ ჩანს ნამდვილი კრიშტიანო, ხედავ, თუ როგორი შემართებით ვარჯიშობს და შრომობს და ხვდები, რატომ არის ის ამ სიმაღლეზე.

- მადრიდში ცხოვრებას თუ შეეჩვიეთ?
- მადრიდი ძალიან შარმიანი ქალაქია. ყველაფერი ღია და ხელმისაწვდომია, ყველაფერი არის, რაც კი შეიძლება ისურვო და გინდოდეს. ჩემი ოჯახი და პირადად მეც აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. უკეთესს ვერც წარმოვიდგენდით.

- კოლუმბია თინეიჯერულ ასაკში დატოვეთ. რა გენატრებათ ყველაზე მეტად, როდესაც სამშობლოზე ფიქრობთ?
- მსგავს სიტუაციაში ყველაფერი გენატრება - შენი ხალხი, შენი კერძები... თუმცა საზღვარგვარეთ ცხოვრებას უკვე შეჩვეული ვარ, რადგან 6-7 წელია, წამოსული ვარ. თუმცა ცხადია, ყოველთვის გინდა შენ ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს ყოფნა.

- კოლუმბიაში ბევრს საუბრობენ იმაზე, ჩახვალთ თუ არა თუნდაც კარიერის ბოლოს იქ სათამაშოდ...
- სიმართლე ითქვას, ახლა ამაზე არ ვფიქრობ და არ მიფიქრია. თუ ეს მოხდება, ძალიან კარგი. თუ არ მოხდება... არ ვიცი, დაველოდოთ და ვნახოთ. ძალიან კარგი იქნებოდა კარიერის ბოლოსკენ კოლუმბიაში დაბრუნება და თამაში. მაგრამ იქამდე ძალიან დიდი დროა.

- 2014 წელს თუ დავუბრუნდებით, ერთი მომენტის არჩევა რომ გთხოვოთ, რომელს გამოარჩევდით?
- რთულია, მაგრამ თუ უნდა ავირჩიო, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატს დავასახელებ. ეს მოგონება სამუდამოდ დარჩება ჩემთან ერთად და უამრავი კოლუმბიელი, მათი გულშემატკივრობა. მთელი ქვეყანა მხურვალედ გვქომაგობდა და იმედი ჰქონდათ, რომ ისტორიას შევქმნიდით. აქამდე მეოთხედფინალში არასდროს ვყოფილვართ და სწორედ ამიტომაცაა ეს მუნდიალი განსაკუთრებული.

- თქვენი განსაკუთრებული გოლიც არ გამოგვრჩეს, რომელიც ურუგვაის გაუტანეთ და ამ ბურთმა "პუშკაშის ჯილდო" მოგაგებინათ...
- დიახ, ამან ძალიან გამაბედნიერა. ამ ჯილდოზე ფიქრი იქიდანვე დავიწყე, რაც ეს გოლი გავიტანე და საბედნიერად, დასახელდა კიდეც წლის საუკეთესოდ. სხვა კანდიდატებიც ღირსეულები იყვნენ, ძალიან ლამაზი გოლებით და მძიმე ბრძოლა იყო, სანერვიულო. განსაკუთრებული და სასიამოვნო კი აღიარება იმითაა, რომ ხალხმა ამირჩია ღია გამოკითხვაში. მადლობის მეტი რა მეთქმის. რთული იქნება ისეთივე გოლის გამეორება, რომელიც "მარაკანაზე" გავიტანე, მაგრამ ცდას გავაგრძელებ!

- მუნდიალზე საუკეთესო ბომბარდირი გახდით და ხსენებული გოლის გარდა, ასევე ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანეთ იაპონიას.
- ყველა გოლს შორის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიტანე, ეს ჩემი ფავორიტია. გრძელ გადაცემაზე გავედი, ბურთი მივიღე, ბოლო მცველი მოვატყუე და ბურთი მეკარეს თავზე გადავუგდე. ურუგვაისთან გატანილი გოლი თავის სიმაღლეზეა, მაგრამ პირადად მე იაპონელთა წინააღმდეგ ის ბურთი ყველაზე სასიამოვნოდ მიმაჩნია, ამ ბურთს უფრო ტექნიკა და დახვეწილი, გამოზომილი თამაში სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეპიზოდი ისე შემესრულებინა და დამესრულებინა, როგორც ეს გავაკეთე.

- თქვენი სამუნდიალო თავგადასავალი მასპინძელ ბრაზილიასთან დასრულდა. როგორ გაიხსენებდით ახლა ამ მატჩს?
- ცოტა უცნაური მატჩი იყო, მოულოდნელად ბევრი უხეშობით, ჯარიმითა და ბარათებით. აშკარად ზედმეტად ხისტად მეთამაშებოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკვე წარსულშია. რაც მთავარია, ჩვენი გამოსვლა მაინც წარმატებული გახლდათ, ისტორია შევქმენით, კოლუმბია პირველად გავიდა მეოთხედფინალში, თანაც ახალგაზრდული ნაკრებით. ასე რომ, ბევრი რამ წინ გვაქვს და შევეცდებით ასევე გავაგრძელოთ და წარმატებებს მივაღწიოთ. მთელი ჯგუფი უაღრესად შემართულია, ყველაფრის კარგად და სწორად გაკეთება გვსურს და მცდელობას არ დავაკლებთ.

- 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შურისძიებისთვის ხომ არ ემზადებით?
- არა, ამას შურისძიებას ვერ დავარქმევ. ჩვენი მიზანი პროგრესი და მუდმივი ზრდა, მომატებაა, რისთვისაც ბევრს ვიმუშავებთ. ხოლო თუ მომავალ მუნდიალზე ისევ მოგვიწევს ბრაზილიასთან შეხვედრა, რასაკვირველია, შევეცდებით რომ მოვიგოთ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მეტოქესთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უხეშობა თქვენმა ძაღლმა ნაკრებმა დაიწყო. ნაგავი და ნარკობარონი კოლუმბიელები ურტყავდით ნეიმარს და დაატრავმეთ კიდეც. შენ რას ჩივი. ნეტა შენთვისაც მოელეწათ ფეხი ღირსი იქნებოდი
coco
22:23 09-02-2015
0

სიახლეები პოპულარული