11:08 09-06-2015
ბრაზილიის იოლი გამარჯვება კოპა ამერიკის წინ
AutoSharing Option
დუნგამ ბევრი სიახლე შემოგვთავაზა. ძირითადში ითამაშა დონეცკის "შახტარის" 22 წლის შემტევმა ფრედმა. იგი თავდასხმაში ჩინეთის ჩემპიონატში გადაბარგებულ დიეგო ტარდელის შეუწყვილდა. რობერტო ფირმინო კი შეცვლაზე შევიდა, ისევე, როგორც "შახტარის" კიდევ ერთი ფეხბურთელი და "ჩელსის" სამიზნე დუგლას კოშტა. შეცვლაზე ითამაშა ფელიპე ანდერსონმაც, რომელსაც "ლაციოში" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. შედგა "მონაკოს" ფაბინიოს დებიუტი... მოკლედ, გამოსაცდელი დუნგას მართლაც ბევრი ჰყავს და საფიქრალიც ბევრი აქვს.
"სელესაოს" მწვრთნელი, პირველ რიგში, სწორედ ამას განიცდის, რა მოახერხოს შემადგენლობის კუთხით.
გოლებს რაც შეეხება, კარგი ბრაზილიელთა თავკაცისთვის და ზოგადად, ნაკრებისთვის ისაა, რომ თავისი სადებიუტო ბურთი გაიტანა ფილიპე კოუტინიომ, რომელმაც "ლივერპულში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა და გოლიც ასეთი გამოუვიდა - მან მახვილი კუთხიდან ძალიან ოსტატურად ჩასვა ბურთი შორეულ კუთხეში. მეორე ბურთი კი ტარდელიმ შეაგდო ელიაშის მორიგი გონივრული პასის მერე.
"დანაკლისი გვქონდა, მაგრამ კარგად თამაში შევძელით, რადგან შემადგენლობაში ჩინებული ფეხბურთელები არიან და ყველა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბიჭებმა ბევრი საფიქრალი გამიჩინეს. არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კარგია, რადგან იცი, რომ დასაყრდენი გაქვს და ყველანი მზად არიან.
ინდივიდუალური სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ აქედან მოდის გუნდური. კონკურენციაც უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა. მახარებს ტარდელის გოლი. მას ბევრი აღარ ენდობოდა ჩინეთში გადასვლის მერე, მაგრამ კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ფეხბურთელების შეფასებებისას მხოლოდ ბურთს არ უნდა ვუყუროთ, უნდა დავაკვირდეთ, რა სამუშაოს ასრულებენ ისინი მინდორზე. ვინც მხოლოდ ბურთს უყურებს და სხვას ვერაფერს ხედავს, მას ფეხბურთი კარგად არ ესმის. ყველანი მოტივირებულნი არიან და ფანებთან კონტაქტიც შედგა. პოზიტიური მუხტი მივიღეთ, ეს თავდაჯერებისთვის ჩვენც გვჭირდებოდა და გულშემატკივრებსაც" - აღნიშნა ბრაზილიელთა დამრიგებელმა.
საშინაო მუნდიალზე ფიასკოს მერე ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული დუნგას ხელში "სელესაომ" უკვე 9 მატჩი ჩაატარა და ცხრავე მოიგო, აქედან 7-ში კი გოლიც არ გაუშვია. დღეს, გვიან ღამით ან ოფიციალურ ენაზე თუ ვიტყვით, ხვალ გამთენიისას ბრაზილია ჰონდურასს გაეჯიბრება ამხანაგურად, ხოლო აქედან 4 დღეში კოპა ამერიკაზეც ჩაებმება. ჯგუფურ ეტაპზე "სელესაოს" მეტოქეები პერუ, ვენესუელა და კოლუმბია არიან.
"კოპა ამერიკა სხვა ტურნირებისგან განსხვავებულია. ბრაზილიის ნაკრები ერთადერთია, რომლის ფეხბურთელებიც პორტუგალიურად საუბრობენ და ეს მსაჯებთან კონტაქტს ცოტა გვირთულებს ხოლმე. ვფიქრობ, ახლა გუნდი უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 2011-ში და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა ჩემი უდიდესი და უმთავრესი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობაა და მინდა 2018 წელს რუსეთში ჩავიდე და ეს ოცნება ავიხდინო, ქვეყანაში, სადაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი გავატარე" - განაცხადა ტიაგო სილვამ.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა მოსკოვის "დინამოში" 2005 წელს გადავიდა, მაგრამ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ტუბერკულოზის მკურნალობა მოუხდა.
რადგან რუსეთი ვახსენეთ, აღვნიშნოთ ისიც, რომ "ზენიტის" ლიდერმა ჰალკმა განაცხადა, მჯერა, მოვა დრო და მომენტი, ნაკრებში ისევ გამომიძახებენო, მაგრამ დუნგას გეგმებში რომ ის არ შედის, ეს ფაქტია.
ბრაზილია-მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (28), 2:0 დიეგო ტარდელი (37)
ბრაზილია (4-4-2): ჟეფერსონი - დანილო (46. ფაბინიო), მირანდა, დავიდ ლუისი, ფილიპე ლუისი - ფერნანდინიო, ელიაში (78. კაზემირო), ვილიანი (74. დუგლას კოშტა), კოუტინიო (70. ევერტონ რიბეირო) - ფრედი (83. ფელიპე ანდერსონი), დიეგო ტარდელი (59. რობერტო ფირმინო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული