კოპა ამერიკა 2015. 1/4-ფინალი: "სელესაო" ჩარჩა, "ალბისელესტე" გადარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
კოპა ამერიკაზე ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღეს - ნახევარფინალი "სელესაოს" გარეშე ჩაივლის! დუნგას გუნდმა პენალტების სერიაში ვერ ივარგა. აი, არგენტინელებმა კი საფეხბურთო ლატარიაში გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

***
ამ წყვილში ვისაც უნდა მოეგო, მოულოდნელ ნახევარფინალისტს მივიღებდით და ასეთი საბოლოოდ პერუ გამოდგა. ბოლივიას კი უკვე მოსწრებული ჰქონდა ჩვენი სასიამოვნოდ გაოცება და მეტი ვეღარ მოახერხა, მაგრამ ბრძოლით კი იბრძოლა.

სწორედ მაურისიო სორიას ბიჭების აქტიურობით და ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა საწყისმა წუთებმა, მაგრამ ამის მერე პერუმ ინიციატივა ხელთ იგდო და მატჩის
სადავეები ხელიდან აღარც გაუშვია. ცხადია, ყველაფერი ძალიან გააადვილა ზედიზედ გატანილმა ორმა ბურთმა - წინა კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირმა, აქამდე უგოლოდ მყოფმა ხოსე პაოლო გერერომ ჯერ ხუან მანუელ ვარგასის ჩაწოდებულს "ურქინა", ხოლო მალევე საუცხოოდ გათამაშებული კონტრშეტევა დააგვირგვინა.

პერუ თავისი სიამოვნებისთვის ათამაშდა, ლამაზი კომბინაციებით და მესამეს გატანა არაერთხელ შეეძლო, ჯეფერსონ ფარფანმა ჯარიმიდან ხარიხასაც გაარტყა.

გარდამტეხი მომენტი გახლდათ შმედბერგის ვარდნა თუ წაქცევა, როდესაც არბიტრმა პერუელთა კარში პენალტი არ დანიშნა, ხოლო ცოტა ხანში ბოლივიელთა უხეშ შეცდომას გერეროს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. მოგვიანებით მარტინს მორენომ პენალტი კი შეაგდო, მაგრამ მეტი აღარაფერი შეცვლილა და პერუმ, რომელიც წინა კოპა ამერიკაზე მესამე ადგილზე გავიდა, ნახევარფინალში შეაბიჯა, სადაც მასპინძელ ჩილესთან მოუწევს შეჭიდება.

ბოლივია-პერუ 1:3
გოლები: 0:1 გერერო (20), 0:2 გერერო (23), 0:3 გერერო (74), 1:3 მარტინს მორენო (84-პენ.)
ბოლივია (5-3-2): კინიონეში - ურტადო (46. ესკობარი), სენტენო, რალდესი, კოიმბრა, მორალესი (46. ლისიო) - დ. ბეხარანო, ჩუმასერო, შმედბერგი - პენია (68. პედრიელი), მარტინს მორენო
პერუ (4-4-2): გალესე - ადვინკულა, ასკესი, სამბრანო, ხ. ვარგასი - ფარფანი (77. ურტადო), იუტონი, რეტამოსო, კუევა (82. რეინა) - გერერო, პისარო (66. კარილიო)
გაფრთხილება: დ. ბერახინო, ესკობარი, პედრიელი, მორენო - ადვინკულა, გალესე, იუტონი
კუთხური: 4-11 ჯარიმა: 26-25 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 9(3)-27(8) ბურთის ფლობა: 51%-49%

***
არგენტინამ და კოლუმბიამ ნამდვილი დრამა შემოგვთავაზეს. ეს, გარკვეულწილად, უიღბლობის ბრალი გახლდათ, რადგან ფორტუნას "ალბისელესტე" რომ არ გაეწვალებინა, პენალტებამდე საქმე არც მივიდოდა. დავიდ ოსპინამ დაადასტურა, რომ "არსენალი" ახალ მეკარეს ტყუილად ეძებს, რადგან კოლუმბიელთა გოლკიპერმა საოცარი ბურთები მოიგერია. განსაკუთრებით გამოსარჩევი ის მომენტი იყო, როდესაც ოსპინამ ჯერ სერხიო აგუეროს აუღო, ხოლო შემდეგ, როგორღაც, ადგომა მოასწრო და დამატებაზე მესის თავურიც მოიგერია.

მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ კარლოს ტევესსაც, როდესაც კოლუმბიელებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს. მოკლედ, არგენტინა უდიდეს უპირატესობას ფლობდა, არაერთი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

კოლუმბიისგან კი, არამხოლოდ ამ შეხვედრაში, არამედ მთლიანად ტურნირზე, ასეთ უფერულ თამაშს შეტევაში არ ველოდით. ჯერ მხოლოდ იმ ფეხბურთელების ხსენება რად ღირს, რომლებიც კოლუმბიელებს წინა ხაზზე ჰყავთ - ხამეს როდრიგესი, ჯექსონ მარტინესი, თეოფილო გუტიერესი, ვიქტორ იბარბო, ხუან კუადრადო, რადამელ ფალკაო... შეგახსენებთ იმასაც, რომ კოლუმბიის მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანია - "ალბისელესტეს" ყოფილი თავკაცი, რომელიც გუნდს სათავეში 2006 წლის მუნდიალზე ედგა და გერმანიასთან უიღბლო მარცხის მერე გაუშვეს. ზოგი მაშინდელ წაგებას პირადად პეკერმანს აბრალებს, ცვლილებები არასწორად გააკეთაო. საბოლოოდ, მაშინ "ალბისელესტე" მასპინძელ გერმანიასთან დამარცხდა პენალტების სერიაში.

მეორე მხრივ, ობიექტურად პეკერმანის არგენტინა ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური და ძლიერი გუნდი იყო, სულ მინიმუმ, დიეგო მარადონას შემდგომ პერიოდში.

ამჯერად პეკერმანი ისევ თერთმეტმეტრიანებით დამარცხდა, ოღონდ უკვე არგენტინის წინააღმდეგ. არადა, მართალია, პირველი პენალტი კოლუმბიელებმა გააცუდეს, მაგრამ მერე შანსი ჰქონდათ, რადგან არგენტინელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ...

საბოლოო შედეგი სამართლიანი იყო, არგენტინას უნდა მოეგო და თანაც სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი პენალტი კარლოს ტევესმა გაიტანა. არადა, სწორედ მან გააცუდა თერთმეტმეტრიანი 4 წლის წინ კოპა ამერიკაზე, როდესაც "ალბისელესტე" მომავალ ჩემპიონ ურუგვაისთან დამარცხდა და ხერარდო მარტინოს მისვლამდე ტევესს ნაკრებში აღარც იძახებდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინა-კოლუმბია 0:0 (5:4-პენ.)
პენალტები: 0:1 ხ. როდრიგესი, 1:1 მესი, 1:2 ფალკაო, 2:2 გარაი, 2:3 კუადრადო, 3:3 ბანეგა, 3:3 მურიელი, 4:3 ლავეცი, 4:4 კარდონა, 4:4 ბილია, 4:4 სუნიგა, 4:4 როხო, 4:4 მურილიო, 5:4 ტევესი
არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, გარაი, ოტამენდი, როხო - ბილია, პასტორე (77. ბანეგა), მასკერანო - მესი, დი მარია (87. ლავეცი), აგუერო (73. ტევესი)
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, საპატა, მურილიო, არიასი - კუადრადო, მეხია, როდრიგესი, იბარბო (86. მურიელი) - მარტინესი (74. ფალკაო), გუტიერესი (24. კარდონა)
გაფრთხილება: აგუერო, მასკერანო, მესი - ხ. როდრიგესი, მეხია, არიასი, კუადრადო. ფალკაო
კუთხური: 8-1 ჯარიმა: 13-22 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 16(6)-2(1) ბურთის ფლობა: 61%-39%

***
უნეიმარობის მიუხედავად, ბრაზილია პარაგვაისთან ფავორიტად ითვლებოდა და მატჩი ისე დაიწყო, თითქოს, ეს სტატუსი "სელესაოს" ძალიან მარტივად უნდა გაემართლებინა. კარლოს დუნგას ბიჭებმა შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშეს და რობინიომ მშვენიერი გოლი შეაგდო. თუმცა მერე ბრაზილიელებმა უპირატესობა დაკარგეს.

მიუხედავად იმისა, რომ რამონ დიასმა ისევ ექსპერიმენტებს მიმართა, როტაციის პრინციპს არ უღალატა, შემადგენლობა გადაახალისა და უფრო ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. მისი გუნდი უტევდა და თავისას მიაღწია კიდეც - დერლის გონსალესმა პენალტით გაათანაბრა. მოგეხსენებათ, კოპა ამერიკაზე ფინალამდე პლეი ოფში დამატებითი დრო არ არის.

ასე რომ, ბრაზილიელებმა და პარაგვაელებმა, არგენტინა-კოლუმბიისა არ იყოს, პირდაპირ პენალტები დაარტყეს. მართლაც საინტერესო დამთხვევაა, რომ "სელესაო" წინა კოპა ამერიკაზეც პარაგვაისთან დამარცხდა პენალტებში და ეს ზუსტად ის მატჩია, ბრაზილიამ ოთხივე პენალტი რომ ააცილა და სასაცილოდ გაიხადა საქმე. მაშინ ვერც პარაგვაელებმა გაიბრწყინეს, მაგრამ მათი ორი გატანილი პენალტი სავსებით საკმარისი გამოდგა მოსაგებად.

ამჯერად გუნდებმა მეტი გაიტანეს, გამარჯვება კი ისევ პარაგვაელებს დარჩათ. ისიც სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი ბურთი იმავე დერლის გონსალესმა გაიტანა. როკე სანტა კრუზმა კი გააცუდა პენალტი, მაგრამ "სელესაომ" ორჯერ შესცოდა - დუგლას კოშტამ და ევერტონ რიბეირომ. აღსანიშნავია, რომ დუნგამ ისინი შეცვლაზე გამოიყვანა, თანაც რიბეირო კონკრეტულად პენალტის დასარტყმელად 87-ე წუთზე, მაგრამ...

ასე რომ, ბრაზილიამ კოპა ამერიკაც ფიასკოთი დაამთავრა, ხოლო პარაგვაი, რომლისგანაც ბევრს არავინ ელოდა, ნახევარფინალშია და ახლა იქ არგენტინას შეხვდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრაზილია-პარაგვაი 1:1 (3:4-პენ.)
გოლები: 1:0 რობინიო (15), 1:1 დ. გონსალესი (72-პენ.)
პენალტები: 1:0 ფერნანდინიო, 1:1 მარტინესი, 1:1 ევერტონ რიბეირო, 1:2 ვ. კასერესი, 2:2 მირანდა, 2:3 ბობადილია, 2:3 დუგლას კოშტა, 2:3 სანტა კრუზი, 3:3 კოუტინიო, 3:4 დ. გონსალესი
ბრაზილია (4-2-3-1): ჟეფერსონი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუიში - ელიაში, ფერნანდინიო - ვილიანი (60. დუგლას კოშტა), კოუტინიო, რობინიო (87. ევერტონ რიბეირო) - ფირმინო (69. ტარდელი)
პარაგვაი (4-4-1-1): ვილიარი - აგილარი, და სილვა, ბ. ვალდესი, პირისი - ვ. კასერესი, ე. ბენიტესი (84. რომერო), არანდა (77. მარტინესი), დ. გონსალესი - ნ. ვალდესი (73. ბობადილია) - სანტა კრუსი
გაფრთხილება: დანი ალვეში, კოუტინიო - ბ. ვალდესი, აგილარი, მარტინესი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 14-22 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 6(3)-11(6) ბურთის ფლობა: 59%-41%

***
ნახევარფინალში ოთხივე არგენტინელი მწვრთნელი დარჩა... ეს, შესაძლოა, პირველი იყოს, რაც თვალში მოგვხვდება. ხორხე სამპაოლის ჩილე რიკარდო გარეკას პერუს უპირისპირდება და გამოკვეთილი ფავორიტიცაა; ისევე, როგორც ხერარდო მარტინოს არგენტინის მოგებას ელოდება ყველა რამონ დიასის პარაგვაისთან.

ეს ნაკრებები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და ალბათ, გახსოვთ, რომ არგენტინა 2:0-ს იგებდა და თითქოს, დიდ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ პარაგვაიმ გაათანაბრა - ნელსონ ვალდესმა, ბოლო წუთზე კი ლუკას ბარიოსმა სერხიო აგუეროსა და ლიონელ მესის გოლებს უპასუხეს.

ის, რომ პარაგვაი ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, ეს უკვე დაამტკიცა. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, მაგრამ ამ სტილში გავიდა წინა კოპას ფინალშიც. თანაც, გუნდმა არ წააგო ურუგვაისთან, რომელთანაც 2011-ის ფინალში დამარცხდა. როგორც გავიხსენეთ, არ დამარცხდა არგენტინასთან და ახლა ბრაზილიას აჯობა.... დიასმა მოკლე დროში შესანიშნავად მოახერხა გუნდის მოტივირება.

არგენტინაზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ, გუნდი თავიდანვე მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და ამ სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ მასპინძელ ჩილეს თავისი გეგმები აქვს. ის, რომ პერუსთან ჩილელები მოიგებენ, ამასი ეჭვი ცოტას თუ ეპარება. არადა, არც მთლად ასეა საქმე, პერუელებმა, პარაგვაისა არ იყოს, გვიჩვენეს, რომ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. მათ რიგებში ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი სინთეზია და უბრძოლველად ისინი არაფერს დათმობენ.

საინტერესო იქნება ამ წუთისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირების, არტურო ვიდალისა და ხოსე პაოლო გერეროს დუელიც. მათ ანგარიშზე 3-3 ბურთია. "მეფე არტურომ" სამი ბურთი პირველ ორ შეხვედრაში დააგროვა, ხოლო გერერომ სამივე მეოთხედფინალში, ბოლივიასთან შეაგდო. იგი წინა კოპა ამერიკაზეც გამოირჩა ჰეთ-თრიკით, რომელიც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შეასრულა და საბოლოოდ, 5 გოლი დაუგროვდა, რითაც ლუის სუარესსა და აგუეროს გადაასწრო. ვეტერანი ფორვარდი შეეცდება, რომ ზედიზედ მეორედ გახდეს კოპა ამერიკის საუკეთესო სნაიპერი.

ერთი სიტყვით, ნახევარფინალურ წყვილებში გამოკვეთილი ფავორიტები კი გვყავს, მაგრამ მიმდინარე შეჯიბრებაზე უკვე არაერთი სიურპრიზი ვიხილეთ და ვინ იცის...

1/2-ფინალი
29 ივნისი
ჩილე-პერუ 03:30

30 ივნისი
არგენტინა-პარაგვაი 03:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ რომელი არხი აჩვენებს კოპა ამერიკის მატჩებს?
გიორგი
17:11 29-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული