ამხანაგური მატჩები. ამერიკა: ნეიმარშოუ ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
მაშინ, როცა ევროპის კონტინენტზე ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბრძოლები იმართებოდა, ამერიკულმა გრანდებმა ამხანაგური მატჩები ითამაშეს.

ჰაეროვანი ბრაზილია
ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს შთამბეჭდავად ატარებს. მართალია, ფანებს ოფიციალურ ტურნირზე წარმატება ურჩევნიათ, მაგრამ ბრაზილიელებს ფეხბურთი ისე უყვართ, რომ წყენა მალე ავიწყდებათ და თითოეული ეპიზოდით ტკბებიან, თუნდაც სატესტო მატჩებში ნაჩვენები კარგი თამაშით.

აი, თამაში კი "სელესაომ" მართლაც უმაღლესი ხარისხის შემოგვთავაზა. ეს სიტყვები არ ეხება კოსტა რიკასთან რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც კარლოს დუნგას ბიჭებს ცოტა მძიმე გამოუვიდათ და საბოლოოდ, ჰალკის კინკილა გოლით მოიგეს. ჰალკმა
წელიწადზე დიდხნიანი პაუზა შეწყვიტა და ნაკრებში მეათე გოლი გაიტანა, რაზეც არ გაჩერდა...

ამერიკასთან კი ბრაზილიელთა თამაში მართლაც ჰაეროვანი და შთამბეჭდავი გახლდათ, მისი ხილვა ერთ სიამოვნებად ღირდა. ჰალკი ძალიან შემართული ჩანს და დანაპირებს ასრულებს - მორიგ შანსს გამოვიყენებ და ნაკრებში უკეთ ავთამაშდებიო. იგი ამჯერადაც ძალიან სასარგებლო გახლდათ და გოლიც გაიტანა. ვიხილეთ ნეიმარ-შოუც და ლუკას მოურას ორი საგოლე გადაცემაც. ნურც რაფინიას რაფინირებული გოლი გამოგვრჩება.

აშშ კი, რომელიც აქამდე პერუსთან მოგებით (2:1) მოვიდა, უფერული იყო. პერუელებთან მატჩის გმირი და დუბლის ავტორი ჟოზი ალტიდორი ვერ ბრწყინავდა. ამერიკელები ბოლო წამებზე დანიელ უილიამსის შორეული გასროლილით თუ დაიმშვიდებენ თავს. გოლი ლამაზი გახლდათ, მაგრამ ბრაზილიელთა მეკარე მარსელო დარტყმისთვის უფრო მომზადებული უნდა ყოფილიყო - 1:4.

დუნგამ კაკა და ფილიპე კოუტინიო დაასვენა. შეცვლაზე ათამაშა "სიტის" ფერნანდინიო და მოკლედ, ისევ ექსპერიმენტების სტადიასა და ოპტიმალური ვარიანტის ძიებაშია.

"სელესაო" ერთი თვის მერე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს კოპა ამერიკის მოქმედ ტრიუმფატორ ჩილესთან საგარეო მატჩით იწყებს. ამერიკელები კი მექსიკელებს დაუპირისპირდებიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინა მესიმ იხსნა
მექსიკა ვახსენეთ და ეს ნაკრები ცოტა ხნის წინათ სწორედ ბრაზილიელმა რიკარდო ფერეტიმ ჩაიბარა. მან პოსტზე ჟურნალისტთან ჩხუბისთვის გაგდებული მიგელ ერერა ჩაანაცვლა.

61 წლის სპეციალისტი მექსიკურ "ტიგრესში" მუშაობდა და ლიბერტადორესის თასზე საკმაოდ კარგი გამოსვლის გამო მიანდეს "სომბრეროები". ფერეტის შეტევა კარგად გამოსდის, მაგრამ მექსიკის ნაკრებს დაცვაზე აქვს სამუშაო, რისი დასტურიც არგენტინასთან გამართული ამხანაგურია.

ბევრისთვის მოულოდნელად, მექსიკელებმა 2:0 წაიყვანეს. ჩიჩარიტომ პენალტი გაიტანა, მეორე ექტორ ერერამ შეაგდო აქტიური ლაიუნის პასით. ნაკრებს დაუბრუნდა კარლოს ველა და მექსიკა კარგი იყო, 85-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით იგებდა კიდეც.

შემდეგ კი საქმეში შეცვლაზე შესული სერხიო აგუერო ჩაერთო, რომელიც საჭირო დროს გაჩნდა საჭირო ადგილზე და სხვაობა შეამცირა. მერე კი ლიონელ მესის გაატანინა - 2:2. ამ მომენტებში მექსიკელთა გოლკიპერი მოისეს მუნიოსი დიდად დამაჯერებელი ვერ გახლდათ, განსაკუთრებით, პირველი ბურთი მის სინდისზეა, რადგან კარიდან ცუდად გამოვიდა და არგენტინელებს შანსი მისცა.

სხვათა შორის, "ალბისელესტეს" კარში სწორედ მექსიკური "ტიგრესის" მეკარე ნაუელ გუსმანი იდგა.

აგუერო კი ბოლივიასთან ამხანაგურ შეხვედრაშიც შეუდარებელი გახლდათ, როდესაც 2 გოლი თავად გაიტანა და 3 თანამემამულეებს გაატანინა. იმ მატჩში მესიმაც და ლავესიმაც დუბლები გაახერხეს. მატჩი 7:0 მორჩა და მეშვიდე ბურთი "სან ლორენსოდან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადასულმა 20 წლის ანხელ კორეამ გაიტანა "რივერ პლეიტის" კლუდიო მატიას კრანევიტერის გადაცემით.

მოკლედ, ხერარდო მარტინომ ნაკრების კარები ფართოდ გააღო. როგორც მოსალოდნელი იყო, "ტატა", რომელმაც კოპა ამერიკაზე უფრო გამოცდილ ფებხურთელებზე გააკეთა აქცენტი, ახლა შანსს ყველას აძლევს, არჩევანი კი, იცოცხლე, დიდი აქვს. მეტიც, სხვადასხვა მიზეზის გამო მას ჯერ კიდევ არ გამოუძახია ყველა ის ფეხბურთელი, რომელთაც ნაკრებში ელიან. ვიხილეთ ფაკუნდო რონკალია და გონსალო როდრიგესი, ემანუელ მასი, იგივე რობერტო პერეირა, რომელიც მშვენიერი იყო.

"ალბისელესტემ" ბოლივიასთან იფრინა, მექსიკასთან კი ცოტა მოდუნებული იყო, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და მაინც არ წააგო. ამხანაგურებით მსჯელობა, თანაც, ამდენი ცვლილებისა და ექსპერიმენტის ფონზე, ძნელი და არასწორია, მაგრამ ერთის თქმა კი შეიძლება - მარტინოს მთავარი გამოწვევა, ალბათ, ის არის, რომ ნაკრებს მთელი მატჩის ერთ დონეზე ჩატარება ასწავლოს და არგენტინელთა აფეთქებები მხოლოდ მონაკვეთებში არ ვიხილოთ, თორემ პოტენციალი როგორია, მშვენივრად მოგეხსენებათ.

არგენტინა შესარჩევ ეტაპს ერთი თვის შემდეგ, ეკვადორთან მატჩით იწყებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოლუმბია და სხვა
ამერიკაში გამართული ამხანაგური მატჩების სერიას კოლუმბიაც შეუერთდა. ხოსე პეკერმანის გუნდი ასევე არგენტინელი სპეციალისტის, რიკარდო გარეკას პერუს შეება და კარლოს ბაკას გოლით უგებდა კიდეც, მაგრამ დაბრუნებულმა ჯეფერსონ ფარფანმა ბოლოსკენ პენალტით გაათანაბრა - 1:1. კოლუმბიელთა თამაში ისევ არ გახლდათ დიდად დამაკმაყოფილებელი.

ჰონდურასთან უშანსოდ (0:3) წაგების მერე ვენესუელა პანამასთანაც აგებდა, ნაკრებთან, რომელსაც ბოლო წლებში თვალნათელი პროგრესი აქვს. თუმცა სალომონ რონდონმა 93-ე წუთზე მოახერხა გათანაბრება. ნოელ სავისენტეს ბევრი აქვს სამუშაო, ვენესუელელებს კრიზისის ელემენტები ისევ ემჩნევათ, როგორც ჩანს, ის ბოლომდე დაძლეული არ არის.

ნახსენები ჰონდურასი კი მშვენიერი და დამაჯერებელი მოგების მერე ეკვადორის დედაქალაქ კიტოში თამამად ჩავიდა, მაგრამ მასპინძლებმა მეტოქე დაიბრიყვეს და 2:0 აჯობეს. "ემელეკის" მილერ ბოლანიოსი ეკვადორის ნაკრებში ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული