პოლონელი ემიგრანტის შვილიშვილი, რომელიც მესის აღმერთებს და მარადონას ადარებენ

AutoSharing Option
პაულო დიბალა - "იუვენტუსის" ახალი ვარსკვლავი. არგენტინაში ყველა ახალ და მაგარ "ათიანს"
დიეგო მარადონას ადარებენ. ამ წნეხს ბევრმა ვერ გაუძლო.

ბევრმა ნაადრევად ჩაყვინთა. ან მოგვიანებით. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ორტეგა თუ აიმარი, სავიოლა თუ რიკელმე...

დიეგოსთან შედარება ყველას თრგუნავდა. მისი სავარაუდო მემკვიდრები დიდი ტვირთის სიმძიმეს გრძნობდნენ და ნაადრევად გადიოდნენ განზე. იმედია, დიბალას შემთხვევაში ასე არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წერილის გმირი მინდორზე იმდენად თავხედია, რომ იგი ამ ტვირთის სიმძიმემ არ უნდა შეაკრთოს.

გაგიკვირდებათ და, პაულო "სუფთა სისხლის"
არგენტინელი არ არის. ბაბუამისი, ბოლესლავ დიბალა პოლონეთის სოფელ კრასნიოვში დაიბადა. მის ოჯახის წევრებს აქვთ ასევე იტალური სისხლი. თავად ფეხბურთელი კი თავს ნამდვილ არგენტინელად მიიჩნევს.

დიბალა 17 წლისაც არ იყო, როცა სადებიუტო ბურთი შეაგდო არგენტინის მეორე დივიზიონში. მაშინ ის "ინსტიტუტოს" ღირსებას იცავდა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად კი მუდამ საუკეთესო იყო და, რა თქმა უნდა, არც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდა.

2012 წლის 29 აპრილს დიბალა "პალერმოში" გადავიდა სათამაშოდ. მაშინ სიცილიური კლუბის ექსცენტრიულმა პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ შემდეგი თქვა:

"ჩვენ ვიყიდეთ პაულო დიბალა. ის არის ახალი სერხიო აგერო და მჯერა, მეტსაც მიაღწევს. მაგრად გაგვიმართლა და ეს დღე უბედნიერესია ჩვენთვის."
"პალერმო" ყოველთვის უტევს. განსაკუთრებით შინ. დიბალას შეტევა უყვარს.

დიბალას დრიბლინგი უყვარს. დიბალასათვის არ არსებობს მცველი - ავტორიტეტი და ის ნებისმიერ უკანახაზელზე თამამად მიიწევს. მისთვის სულ ერთია, ვის ეთამაშება. ამით ის ყველაზე მაგრად ჰგავს მარადონას.

"პალერმოში" მისვლა და აფეთქება ერთი იყო. დიბალამ შესანიშნავად ითამაშა სადებიუტო მატჩში, "ლაციოს" წინააღმდეგ. სულ მალე კი პატარა არგენტინელმა მართლაც რომ დაიქუხა - "პალერმომ" 2:0 მოუგო პრინციპული მატჩი "სამპდორიას", ჩვენმა გმირმა კი დუბლი შეასრულა.

"ძლიერი მოწინააღმდეგის კარში გატანილმა ორმა გოლმა საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. ბევრი ამბობდა - "ნახეთ, ეს პატარა ბიჭი, დიდი ფეხბურთი მას მალე ფეხებს მოსტეხს." - ეს სტიმულს მაძლევდა. საერთოდ, რაც უფრო მაკრიტიკებენ, მე უფრო მეტი მონდომებით ვთამაშობ."- ამბობს პაულო.

განსაკუთრებული გამოდგა დიბალასათვის წინა სეზონი. "პალერმოში" მან დიდებული ტანდემი შექმნა იტალიელ-არგენტინელ ფრანკო ვასკესთან. ეს დუეტი ბევრი იტალიური გუნდისათვის უდიდეს თავსატეხად იქცა.

სიცილიურმა კლუბმა გეზს არც ამჯერად უღალატა - მან იპოვა ვარსკვლავი, მისცა შანსი, დიდ ფეხბურთში გაუკვალა გზა და მერე გაყიდა. დიბალა ტურინის "იუვენტუსში" მივიდა. იტალიურ გრანდში, რომელმა დიბალას მისვლამდე სეზონი მორიგი სკუდეტოთი და ჩემპიონთა ლიგის ფინალით დახურა.

"იუვენტუსი" აღარ იყო ძველი "იუვე". ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და კარლოს ტევესი დიდებული ფეხბურთელები იყვნენ. მათ გარეშე ძნელია. იდეაში, ეს ყველამ იცოდა, მაგრამ "ქალბატონმა" ახალი გუნდი უნდა ააშენოს. გუნდი, რომელიც დაეყრდნობა დიდ ჯიჯი ბუფონს. დაეყრდნობა ყველაზე საიმედო მარკიზიოს.

დაეყრდნობა მარიო მანჯუკიჩის საგოლე ალღოს და ბიჭის ფანტაზიას, რომელიც მარადონას ჰგავს.

ვინც ამ სეზონში "იუვენტუსს" უყურებს, დაგვეთანხმება - მთელ რიგ ეპიზოდებში პაულომ უკვე გამოაჩინა თავისი მაღალი კლასი. ის კიდევ მოუმატებს. მან იცის, რომ "იუვემ" მასში 32 მილიონი ევრო გადაიხადა.

"ეს დიდი ფულია. განსაკუთრებით იმ ბიჭის სანაცვლოდ, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ - თუ სულ ეს მექნება თავში, მაშინ ვერაფერს მივაღწევ.

მესმის, ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის იოლი არ არის მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში დამკვიდრება, მაგრამ მე ეს შემიძლია, მე ეს უნდა გავაკეთო." - მიიჩნევს დიბალა.

მან უკვე მოასწრო "იუვენტუსის" შემადგენლობაში 4 გოლის გატანა და კიდევ გაიტანს. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. საინტერესოა, როგორი ფეხბურთი უყვარს არგენტინელს. ის გემოვნებას არ უჩივის.

"ვგიჟდები ლიონელ მესის თამაშზე. ის ძალიან დიდია." - ამბობს დიბალა და, რა უფლება გვაქვს, არ დავეთანხმოთ. მას თამაშის მანერით მარადონასა და მესის გარდა "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელ ვარსკვლავ ხავიერ პასტორესაც ადარებენ.

"ცხადია, მსიამოვნებს ასეთ ფეხბურთელებთან შედარება, მაგრამ მე მინდა, წლების მერე ხალხმა პაულო დიბალაზე ისაუბროს." - ამბობს ფეხბურთელი.

დიბალას შეეძლო, პოლონეთისა და იტალიის ნაკრებებში ეთამაშა, მაგრამ მან არგენტინა აირჩია. საინტერესოა, რომ დიბალამ ორჯერ უარყო არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში მიწვევა. საბოლოოდ, ის მაინც "ალბისელესტეში" აღმოჩნდა.

დებიუტი შედგა, დიბალამ არგენტინის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ეს მოხდა 2015 წლის 13 ოქტომბერს. არგენტინა მუნდალის შესარჩევ ციკლში პარაგვაის ეთამაშა და დიბალამ კარლოს ტევესი შეცვალა.

"ეს ზღაპარს ჰგავს. არგენტინა საუკეთესო გუნდია მსოფლიოში." - ამბობს დიბალა.
ამ ბიჭს ყველაფერი წინ აქვს.

ბიჭი დიეგოს ჰგავს!

დოსიე
პაულო ბრუნო ექსეკიელ დიბალა
დაიბადა: 1993 წ. კორდობა (არგ)
ამპლუა: ფორვარდი
კარიერა: 2011-12 - ინსტიტუტო; 2012-15 - პალერმო; 2015-დან - იუვენტუსი
არგენტინის ნაკრები: 1 თამაში
ტიტული: იტალიის სუპერთასი (2015)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული