ამბავი ფეხბურთელისა, ვისაც "მილანში" გადასვლა შეეძლო, ახლა კი მხოლოდ 1000 დოლარს იღებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვინ არის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი?
27 წლის თავდამსხმელი, ვენდელ ლირა ერთ საღამოს გახდა ვარსკვლავი ბრაზილიაში. მას შემდეგ, რაც ლირამ მიიღო ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი სეზონის საუკეთესო გოლისათვის, მას ათასობით შეტყობინება მოსდის.

"ინსტაგრამში" მის მიმდევართა რაოდენობა კი 600 ადამიანიდან 90 ათასამდე გაიზარდა. ფიფას საიტზე წლის გოლი უკვე ნახა 2,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
სამაგიეროდ, "ლაივში" ამ გოლს მხოლოდ... 389 მაყურებელი შეესწრო. სწორედ ამდენი ქომაგი მივიდა "გოიანეზია"-"ატლეტიკო გოიანენსეს" მატჩზე.

ეს იყო ბრაზილიის რანგით მეოთხე დივიზიონის შეხვედრა, რომელიც გასული წლის მარტში გაიმართა. იმ თამაშის
ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა გოიანიიდან ციურიხამდე თვითმფრინავის ეკონომკლასით მგზავრობის ნახევარსაც კი არ დაფარავდა. საშუალოდ ასეთი მოგზაურობა 11 ათასი რეალი (2,7 ათასი დოლარი) ღირს, თამაშის შემოსავალმა კი 740 დოლარზე ცოტა მეტი შეადგინა.

ლირა და პატო "მილანის" გზაზე
ლირა საფეხბურთო კლუბ "გოიასის" აღზრდილია. ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იყო საკლუბო აკადემიაში. ვენდელი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებშიც იხმეს, სადაც ის ვილიანთან და პატოსთან ერთად თამაშობდა. 2007 წელს ვენდელი ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატის აღმოჩენა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი შეძენით დაინტერესდნენ "სანტოსი" და "მილანი".

როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, "მილანი" მის სანაცვლოდ 6 მილიონ რეალს იხდიდა (მაშინდელი კურსით 2,3-2,7 მილიონი დოლარი). "არაერთმა კლუბმა გამოიჩინა ინტერესი, მაგრამ "გოიასმა" არ მოინდომა ჩემი გაყიდვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი ახლადგაფორმებული მქონდა. ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ რამდენიმე სეზონის შემდეგ უფრო სარფიანად გამყიდიდა." - ყვება ლირა.

"გოიასთან" უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ "მილანს" ბევრი აღარ უფიქრია - პატო აიყვანა...

ტრავმები
მომდევნო სეზონი ვენდელისათვის უიღბლო აღმოჩნდა. მან მყესები გაიწყვიტა, რის გამოც 10 თვის განმავლობაში მოუხდა უქმობა. დაბრუნება იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ლირამ ვერა და ვერ იპოვა ოპტიმალური ფორმა, ხშირად იღებდა კუნთის ტრავმებს. 2010 წელს ის "ფორტალეზაში" გაანათხოვრეს. იქ მან ისევ გაიწყვიტა მყესი და მთლიანი სეზონი გამოტოვა.

"ორი ოპერაციის შემდეგ მე ვეღარ შევძელი ძველ დონეზე დაბრუნება."- გულახდილად ამბობს ბრაზილიელი ფორვარდი.

კაფეში
მას შემდეგ, რაც 2012 წელს ლირას დაუსრულდა კონტრაქტი "გოიასთან", ფეხბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მან დედასთან ერთად კაფეში დაიწყო მუშაობა. ოჯახს უჭირდა და მატერიალური დახმარება სჭირდებოდა.

ახლობლებმა და ნათესავებმა დაარწმუნეს ლირა, რომ აქტიურ ფეხბურთს დაბრუნებოდა. სამი წლის განმავლობაში ვენდელ ლირა განუწყვეტლივ მოგზაურობდა გოიანიისა და სან პაულუს შტატების კლუბებში. ეს არ იყო სასიამოვნო პროცესი.

ხელფასი
საუკეთესო გოლის ავტორისათვის განკუთვნილი პრემიის მიღებამდე ვენდელი თვეში 3-4 ათას რეალს (780-980 დოლარი) იღებდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ლირას გოლი აღიარა, მისი ხელფასი გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელოდ.

რონალდოს ფანი
საუკეთესო გოლის ავტორი "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალზე დააჯილდოვეს. ეს ოცნების ასრულება იყო. ბრაზილიელმა კიდევ ერთი ოცნება აისრულა.ის შეხვდა თავის კუმირს, პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს.

"მე რონალდოს ფანატი ვარ. საერთოდ, ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელი მომწონს - კრიშტიანო და მარსელო. კრიშტიანო იდეალური ფეხბურთელია. მარსელო კი გამუდმებით იღიმის. უყურებ მას და ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ სულ კარგ ხასიათზეა, არასოდეს წუხს. ის მაგალითია ჩემთვის." - განაცხადა ლირამ.

ლირამ "ოქროს ბურთის" სამივე მთავარ პრეტენდენტთან მოასწრო გასაუბრება.
"ნეიმარი ძალიან განათლებილი და ზრდილობიანია. მესი შედარებით უბრალოა.

მასთან ძალიან ცოტა ხანს ვისაუბრე. კრიშტიანოსთან შეხვედრა კი ჩემთვის ნაღდი სიურპრიზი იყო. მე ვიცნობ მარსელოს. მან კრიშტიანოს დაუძახა და ერთად გადავიღეთ სურათი. ეს ჩემთვის არ იყო რიგითი ფოტო. შეიძლება ითქვას, რომ მე ამ ფოტოთი ოცნება ავიხდინე. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის კრიშტიანო იდეალური ფეხბურთელია." - ამბობს ლირა.

დანი ალვეშის დარიგება
"დანი ალვეში მამზადებდა იმისათვის, რომ როცა სამადლობელ სიტყვას წარმოვთქვამდი, არ მეტირა. ამის მიუხედავად, მე ვერ შევიკავე ცრემლები, როცა სიტყვა დავასრულე და საკუთარ ადგილს დავუბრუნდი. როცა ალვეშმა ჩემს თვალებზე ცრემლი შენიშნა, მომიახლოვდა და დამამშვიდა. მაშინ კიდევ უფრო თბილად მივესალმეთ ერთმანეთს და ცოტა ვილაპარაკეთ." - თქვა ლირამ.

დავითი და გოლიათი
"დავითისა და გოლიათის ისტორია, თითქოს, ჩემს ცხოვრებაზეა. მე თავს დავითს არ ვადარებ. უბრალოდ, ბავშვობიდან ვიბრძოდი იმისათვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ძალიან გამხდარი ვიყავი, მხოლოდ 52 კილოგრამს ვიწონიდი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მქონდა პრობლემები. მშობლები მიწყრებოდნენ, ფეხბურთს ნუ თამაშობო.

ყველა პრობლემას გავუმკლავდი, მაგრამ მერე ახალი და ახალი პრობლემა გამოჩნდა. მიმაჩნია, რომ დავითის ისტორია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის მაგალითია." - ასრულებს ვენდელ ლირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული