ნეიმარი: ღმერთისა და ფეხების იმედად ვარ

AutoSharing Option
ნეიმარისათვის მიმდინარე სეზონი კარიერაში საუკეთესოა. ბრაზილიელი "ბარსელონას" ნაღდ თანალიდერად იქცა და ეს უკვე ძალიან კარგია, რადგან ადრე თუ გვიან ლიონელ მესის განუმეორებელი ფეხები, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ფეხბურთის თამაშისგან დაიღლებიან.

მესის "ბარსაში" სჭირდება შემცვლელი და ამ შემცვლელს კატალონიელთა მხრიდან უკვე აღარ სჭირდება ძიება. ნეიმარი 23 წლისაა და მას ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. მისი დრო ახლა დგება მსოფლიო ფეხბურთში.

"ჩემი კარიერა იოლად სულაც არ წარმართულა. იყო ძალიან ბევრი სიძნელე, რომელთა შესახებ საუბარიც ახლა შორს წაგვიყვანს. მე მინდა, რომ ბევრი გოლი
გავიტანო და დიდ ხანს ვითამაშო ფეხბურთი, რომელიც ჩემი სიცოცხლეა.

შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ ყველაფერი იოლად მოდის, მაგრამ იმ აღიარებების უკან, რაც მე მოვიპოვე, ძალიან დიდი შრომა დგას. ერთ დღეს შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მთელი ცხოვრების გატარება ამ შრომაში რთულია, მაგრამ მერე დაფიქრდები და მიხვდები, რომ ფეხბურთმა ყველაფერი მოგცა და შენც ვალდებული ხარ, მას რაღაც ახალი მისცე." - ასე საინტერესოდ მსჯელობს ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი.

ნეიმარი ყველას უყვარს - ის პოზიტიური პიროვნებაა. და ვისი ან რისი იმედი აქვს ბრაზილიელს ყველაზე მეტად? ამ გითხვას ჩვენი წერილის გმირი ერთობ ორიგინალურად პასუხობს.

"მე ყველაზე მეტად ღმერთისა და ჩემი ფეხების მეიმედება. ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში რთული სიტუაცია და უფალი ყოველთვის ჩეთან იყო. რაც შეეხება ჩემს ფეხებს, მათ ვუსურვებ, რომ არასოდეს დაიღალონ".

თქმა რად უნდა, რომ მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელი "ბარსელონასთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას გეგმავს. ნეიმარის თქმით, კატალონიური კლუბი საამისოდ მზადაა.

"ბევრი ამბობს, რომ შესაძლოა, ჩვენ ისეთივე მოტივირებულები აღარ ვიყოთ მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილში, როგორც წინა სეზონში. მე უბრალოდ, არ მესმის მათი. როგორ შეიძლება, ჩემპიონთა ლიგის მოგება მოგწყინდეს?

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ყველა შესაძლო ტიტული მოვიგოთ. ვაპირებთ ამის გაკეთებას და ვნახოთ, რა გამოვა. ერთი კი ვიცი - "ბარსა" არასოდეს უღალატებს იმ სტილის, რომელიც წლების განმავლობაში იქცა მის მარკად. ამის უფლება, ჩვენ, უბრალოდ არ გვაქვს."

"ბარსელონა" არ არის მხოლოდ გუნდი. ის დიდი "მეგაპოლისია", გნებავთ - ცალკე სახელმწიფო. ამ სახელმწიფოში არაერთი ეროვნების ადამიანი ცხოვრებს. საერთოდ, დიდ გუნდებში ხშირია დიდი სკანდალები, მაგრამ ბოლო წლების "ბარსა" ამ მხრივ ბედნიერი გამონაკლისია.

ნეიმარი გუნდში არსებული ურთიერთობის შესახებ ამბობს: "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერც ერთი გუნდი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს, თუ ის შიგნიდან არ არის ერთიანი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონა" ერთი დიდი ოჯახია და ჩვენ არ შეგვრცხვება ამის." - ამბობს ნეიმარი.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ყოველთვის განსაკუთრებული თემაა მსოფლიო ფეხბურთში. "სელესაოს" მსოფლიოში მილიონობით საფეხბურთო გურმანი გულშემატკივრობს.

ბოლო დროს ბრაზილიელები ძველებური წარმატებით ვეღარ თამაშობენ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ახლა მთელი იმედები ნეიმართანაა დაკავშირებული. 2018 წელს ის უნდა გაუძღვეს ბრაზილიას რუსულ მუნდიალზე.

ყველას გვახსოვს მსოფლიოს წინა ჩემპიონატი. მაშინ ნეიმარი გადამწყვეტ შეხვედრებში დააკლდა ბრაზილიას და ამან ძალიან დიდი კვალი დაამჩნია "სელესაოს" ასპარეზობას. როგორც ბრაზილიელი ვარსკვლავი ამბობს, საშინაო მუნდიალმა მას ძალიან ბევრი რამ ასწავლა.

"მას შემდეგ, რაც წინა ჩემპიონატი დასრულდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ბრაზილიის ნაკრებში მოთამაშე ბიჭები ძალიან ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს და ვიცი, რომ ყველა ასეა. ჩვენ გვინდა, რომ 2018 წელს უფრო გაზრდილი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ვიყოთ. პირადად მე ბრაზილიაში გამართულმა ჩემპიონატმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა და აღარ ვაპირებ იმ შეცდომების დაშვებას, რომლებიც მაშინ დავუშვი.

ასე იქნება მთელი გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილიის ნაკრების ერთადერთი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა იქნება. როცა საქმე მუნდიალს ეხება, ხელაღებით ვერაფერს იტყვი, რადგან იქ ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის ნაკრები ითამაშებს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. მთავარია, საქმეს ბოლომდე სერიოზულად მივუდგეთ და ამავე დროს, გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების." - მიიჩნევს ნეიმარი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ნაკრები ზედმეტად არის დამოკიდებული ნეიმარზე. ეს, ერთი შეხედვით, მართლაც ასეა, მაგრამ თავად სამხრეთამერიკელი ამას გადაჭრით უარყოფს.

"ბრაზილიის ნაკრები არის ნეიმარი - ასეთი მოსაზრება ჩემთვის მიუღებელია. კატეგორიულად არასწორი შეხედულებაა, რადგან ბრაზილიის ნაკრები არასოდეს ყოფილა ერთი ფეხბურთელის გუნდი და არც არასოდეს იქნება.

დავაკვირდეთ, როგორი წარმატებით თამაშობენ ბრაზილიელი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. ჩვენ ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელმაც ბრაზილიის მდიდარ საფეხბურთო ისტორისი ოქროს ფურცელი უნდა ჩაწეროს.

"ჩვენ ეს შეგვიძლია." - უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს და ეს გავაკეთოთ. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ბრაზილიელი ქომაგი გავახაროთ."- ასრულებს ნეიმარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული