ბავშვობაში ავტოგრაფების დარიგებაში ვარჯიშობდა - ინტერვიუ დანი ალვეშთან

AutoSharing Option
დანი ალვეშმა თავიდანვე იცოდა, რომ ცნობილი ადამიანი გამოვიდოდა. ბავშვობაში იგი ავტოგრაფების დარიგებაში ვარჯიშობდა და ტყუილად არა... 32 წლის ბრაზილიელი მცველი, ბოლო წლებში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელსაც "ბარსელონას" წარმატებებში სახუმარო წვლილი სულაც არ აქვს შეტანილი.

- დანი, უკვე 13 წელიწადია, ესპანეთში ცხოვრობთ. რა გავლენა მოახდინა ამან თქვენზე?
- რასაკვირველია, დიდი. ევროპაში გადასვლისას ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი და სწორედ აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და პიროვნებადაც. ჩემი აზრით, აქ გადმობარგება სწორი გადაწყვეტილება იყო. ბრაზილიას, რაც შეეხება, ყველაზე მეტად ხალხი მენატრება, თუ როგორი
თბილები და ემოციურები არიან ისინი და როგორ გამოხატავენ ვნებებს მატჩების დროს. აქ კი საკუთარ გრძნობების უფრო მშვიდ გამოვლენას ვართ მიჩვეულნი.

- ბრაზილიელი ფეხბურთელები სამშობლოს ძალიან ადრეულ ასაკში ტოვებენ. ეს პოზიტიური მოვლენაა თუ ნეგატიური?
- ნეგატიურია, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ საკუთარ ოჯახებს კარგი პირობები შეუქმნან. სამწუხაროდ, ბრაზილიაში ამჟამად სტაბილურობა არ არსებობს. კლუბები არ არიან მაღალ დონეზე გამართულები და ორგანიზებულები, რაც იწვევს იმას, რომ ახალგაზრდებს სხვა გზის ძებნა უწევთ.

- შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა იმისა, რომ ბრაზილიასა და არგენტინას ახალგაზრდა ტალანტების ასეთი მასიური გადინების გამო ვეღარ ეზრდებათ იმდენი მსოფლიო დონის ფეხბურთელი, რამდენიც ადრე?
- ნაწილობრივ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ნაკრები ქვეყნის ფეხბურთის სახეა და ბრაზილიისა და არგენტინის სტატუსიც მოგეხსენებათ. თუმცა ფეხბურთი ვითარდება და ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩით.

ახლა პროცესში ვართ, გვსურს, რომ ყოველდღიურად მოვუმატოთ, დროს ფეხი ავუწყოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მუდამ უმაღლესი დონის თამაში ვაჩვენოთ. ნიჭიერი მოთამაშეების ნაადრევი წასვლა შესაძლოა, სასიხარულო არ არის, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ მათი უმეტესობა წამყვან კლუბებში გადადის და შესაბამისად, ნაკრებისგანაც დიდია მოლოდინი.

- ბრაზილიაში თითქმის ყველა ბავშვი ფეხბურთელობაზე ოცნებობს და იმაზე, რომ ცნობილი გახდეს. მართალია, რომ თქვენ ადრეულ ასაკში უკე ავტოგრაფების დარიგებაზე ვარჯიშობდით?
- დიახ (იცინის). საკუთარ მომავალს მუსიკას ან ფეხბურთს ვუკავშირებდი და ვიცოდი, აქედან, რომელშიც არ უნდა გავმხდარიყავი წარმატებული, ავტოგრაფების დარიგება მომიწევდა. თუმცა ცხადია, გადაჭრით არ ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა და ასეთ დიდ კლუბებსა და ბრაზილიის ნაკრებში ვითამაშებდი. უფრო მოკრძალებულად ვოცნებობდი, მაგრამ ყველაფერი ასე დიდებულად მოხდა.

- არის რამე, რაც არ მოგწონთ დანი ალვეშად ყოფნაში?
- რა თქმა უნდა. არ მომწონს ის ყველაფერი, რაც ფეხბრთის გარშემო ხდება. თავად სპორტი მიყვარს, მაგრამ ტაბლოიდური სტილი და გაუთავებელი მითქმა-მოთქმა მაღიზიანებს და შემაწუხებელია. რაც მინდორზე ხდება, იქვე არ რჩება. ყოველთვის განგვიხილავენ, ყველა ეპიზოდს არჩევენ და ხშირად ეს ზედმეტში გადადის.

- ბოლო დროს უფრო გაწონასწორებული ჩანხართ და მკვეთრი განცხადებებისგანაც თავს იკავებთ. რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა დამღალა. ფეხბურთზე ლაპარაკი მსიამოვნებს და იმის გარჩევა თუ რას აკეთებენ მოთამაშეები მინდორზე. ფეხბურთელებს აქვთ დიდი ხელფასი, საკუთარი ცხოვრება, პასუხისმგებლობა და მოვალეობები, იბრძვიან წარმატებებისთვის.

თუმცა კრიტიკის ან შენიშვნის მიღება ყველას უჭირს. ადამიანს მხოლოდ ქების მიღება შეუძლია და არა კრიტიკის. თუმცა, როდესაც რაღაც მოსაზრება მაქვს, მოსაწონია ის ვინმესთვის თუ არა, ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემ აზრს, რადგან თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი აზრი და ვთქვა ამის შესახებ.

- მოდი, თემა შევცვალოთ. როგორ ფიქრობთ, ეს საუკეთესო "ბარსელონა" რომლის წევრიც ყოფილხართ?
- ჩვენ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საოცარი "ბარსელონა" ვნახეთ. როდესაც ხალხმა ჩათვალა, რომ მსგავსის გამეორება ან ასევე გაგრძელება შეუძლებელი გახლდათ, ჩვენ ეს ისევ გავაკეთეთ, რაც ფანტასტიკურია. ზუსტად ასეთ სტაბილურობაზე და წარმატებებზე ოცნებობს ყველა თავის კარიერაში. მიუხედავად არაერთი გამარჯვებისა, ჩვენ წარმატების წყურვილი არ დაგვიკარგავს და ძველებური შემართებით განვაგრძეთ.

ზუსტად ეს გვტოვებს მწვერვალზე. გარდა ამისა, ვიცით, რომ მეტოქეც ყოველთვის კარგად მომზადებულია და უნდა შენი დამარცხება. ასეთი შემართება და თამაშის შეგრძნება კი როგორსაც ბოლო პერიოდში "ბარსა" აჩვენებს, მართლა არ შეინიშნება სხვა გუნდებში, ეს უნიკალური და დაუჯერებელია. ყველა, ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი, იაზრებს და აღიარებს, რომ "ბარსელონა" დაფასების ღირსია და საიმოვნებას იღებს ამ გუნდის თამაშისგან.

- ყურადღების ცენტრში, როგორც წესი, ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი არიან. სად არის დანი ალვეში?
- კამერები პირველ რიგში მათზე იმიტომაა მომართული, რომ ისინი საუცხოო ფეხბურთელები არიან. თუმცა გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ფეხბურთი კოლექტიური, გუნდური თამაშია. მაგალითისთვის, ჩემ კოლეგასა და თანაკლუბელ ხავიერ მასკერანოს მოვიყვანდი. მას დიდებული მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა და 2014 წლის მუნდიალის საუკეთესოდ დასახელებას იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთელებს, რომლებსაც "ჩაშლა" ევალებათ, იმხელა გამოხმაურება არ აქვთ.

პირადად მე ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, თუ რას ითხოვენ და ელიან ჩემგან თანაგუნდელები, მე გუნდური მოთამაშე ვარ. "ბარსელონაში" ყველა ასე ფიქრობს და ეს ერთ-ერთი მთავარი იარაღია ჩვენი წარმატებისა. მასმედიას თავად შეუძლია აირჩიოს თუ ვისზე ილაპარაკოს, მაგრამ აქ ეგოისტური მიდგომები არავის აქვს. უაღრესად რთულია კლუბში ამდენი ვარსკვალვი იყოს, და ყველა შემართული, პროდუქტიული და კმაყოფილი რჩებოდეს. სწორედ ამიტომ უნდა მოვიხადოთ ქუდი "ბარსას" წინაშე.

- და როდესაც "ბარსელონაში" თქვენი კარიერა დასასრულს მიაუხლოვდება, რა იქნება შემდეგ - რომელიმე ბრაზილიური კლუბი?
- მე უკვე დადებული მაქვს პირობა, რომ კარიერას იქ დავასრულებ, სადაც დავიწყე ("ბაიაში"). ასე გადავუხდი მადლობას მათ, ვინც მომცა იმის საშუალება და შანსი, რომ ფეხბურთში ჩემი სახელი შემექმნა. ასე რომ, მსურს კარიერის დასრულებამდე ბურთი იქაც გავაგორო და იმედია, ეს სასიამოვნო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე "ბაიასთვის".

მსურს, რომ ამ დროისთვის ისევ ნორმალურ ფორმაში ვიყო და იმედები არავის გავუცრუო. ყველამ ერთად უნდა ვისიამოვნოთ, გავერთოთ და მერე ერთ დღეს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების დროც მოვა.

- ზემოთ თქმული სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სათამაშო კარიერის დასრულების მერე, ფეხბურთში ჩართული აღარ იქნებით?
- მიზიდავს გასტრონომია, მუსიკა და მოდა. ასე რომ, ალბათ, რომელიმე სფეროში გადავეშვები. ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ როგორც ვთქვი, ბევრი რამ არ მომწონს, რაც მას თან ახლავს.

ამიტომ, სათამაშო კარიერის დამთავრების მერე, არა მგონია, ისევ ფეხბურთში დავრჩე. ყოველთვის იქ მივდივარ სადაც თავს კომფორტულად და კარგად ვგრძნობ, ისე, როგორც სახლში. ჩემი აზრით, ენერგიას მუდმივად პოზიტიური მიმართუილებით უნდა ხარჯავდე და, რაც არ გაინტერესებს ან არ მოგწონს, იმას არ უნდა აკეთებდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული