კოპა ამერიკა. C ჯგუფი: არც სუარესი, არც ჰიმნი და არც ქულები

AutoSharing Option
AUTO PLAY
* კოლუმბიელი ხუან კარლოს ოსორიოს ხელმძღვანელობით, მექსიკას 9 მატჩიდან 9 მოგება აქვს. მეტიც, გოდინის ბურთი იყო პირველი, რომელიც "ელ ტრიმ" ოსორიოს ხელში გაუშვა.
* რაფაელ მარკესი თავის მე-6 კოპა ამერიკაზე თამაშობს… ეს მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
* მექსიკას კოპა ამერიკაზე 6 მატჩი არ მოეგო აქამდე. ბოლო გამარჯვება ამ ტურნირზე "აცტეკებს" 2007 წელს ჰქონდათ მოპოვებული, ისიც ურუგვაისთან და ისიც ანგარიშით 3:1.
* მექსიკამ მეტოქის კარისკენ 18-ჯერ დაარტყა. ბოლო სამ კოპა ამერიკაზე ამდენი დარტყმა მეტოქეთა კარისკენ მექსიკელებს არც ერთხელ არ ჰქონიათ.
* იამაიკასთან მატჩში ვენესუელელთა გამორჩეულმა მოთამაშემ, ალეხანდრო გერამ 4 საგოლე მომენტი შექმნა. აქედან ერთი გამარჯვების გოლით დასრულდა კიდეც.

ვფიქრობთ, მექსიკის ნაკრები საიუბილეო კოპას ფავორიტებში ჩასაწერი გუნდია. არიზონაში ორასი წლის წინანდელი დრო გაგახსენდებოდათ, როცა ეს მხარე მექსიკის ნაწილი იყო. 60 ათასი გულშემატკივრით გამხნევებულმა "ელ ტრიმ" ლუის სუარესის გარეშე მოთამაშე ურუგვაი დაამარცხა და თამამი განაცხადიც გააკეთა.

ჩიკაგოში "სოლჯერ ფილდზე" იამაიკელები და ვენესუელელები მართლაც ჯარისკაცებივით შეებნენ ერთმანეთს. გერმანელი ვინფრიდ შეფერის იამაიკამ უფრო აგრესიულად და აქტიურად დაიწყო და ერთი კარგი მომენტიც შექმნა - უოტსონის თავური ხარიხამ აისხლიტა. დაწინაურება კი რაფაელ დუდამელის გუნდმა შეძლო. მარტინესმა მშვენიერი კომბინაცია ლამაზად დააგვირგვინა და ანდრე ბლეიკს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა.

იამაიკელთა მდგომარეობა 23-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც რუდოლფ ოსტინმა ტომას რინკონის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და პერუელ ვიქტორ კარილიოს თავი გააძევებინა.

იამაიკა ბრძოლას აგრძელებდა და მაიკლ ჰექტორმა ერთხელ შორეული დარტყმით ძელსაც გაარტყა ბურთი. თუმცა ამის შემდეგ ვენესუელას აღარ გასჭირვებია და მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვა.

რაფაელ დუდამელი (ვენესუელა): "ამ გამარჯვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოგება თავდაჯერებას შეგვმატებს, რაც ძალიან გვჭირდება. მნიშვნელოვანი იყო პირველი მატჩის წარმატებით ჩატარება და ჩვენ ეს შევძლით, თანაც საკუთარი სტილის ერთგულნი დავრჩით. იამაიკა ძლიერი გუნდია, რაც თამაშმაც გამოაჩინა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით შეხვედრას და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ახლა კი ურუგვაისთან დაპირისპირებისთვის მოვემზადებით. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა გუნდმა ზრდა განაგრძოს და უფრო თავდაჯერებული გახდეს".

* * *
ჯგუფის ფავორიტებმა, მექსიკამ და ურუგვაიმ უფრო მოგვიანებით არიზონაში, კერძოდ კი, გლენდეილში ითამაშეს. მატჩი დაძაბული, ამავდროულად, კარგი სანახავი და უხვგოლიანი გამოდგა. თან, ორი წითელი ბარათიც ვიხილეთ და ბევრი ყვითელი. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ურუგვაის ლუის სუარესი აკლდა, რაც დაეტყო კიდეც…

საინტერესოა ისიც, რომ საკუთარი ჰიმნის შესასრულებლად მომზადებულ ურუგვაელებს არცთუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ - ურუგვაის ჰიმნის ნაცვლად, კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებული ჩილეს ჰიმნი გაისმა. მოგვიანებით ორგანიზატორებმა ამის გამო ბოდიში მოიხადეს.

ხუან კარლოს ოსორიოს მექსიკა დებიუტშივე გავიდა წინ, როდესაც აქტიურმა ანდრეს გუარდადომ მშვენივრად ჩააწოდა. მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველები ხოსე ხიმენესი და დიეგო გოდინი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენ, ხოლო დაზღვევაზე მოთამაშე ალვარო პერეირას ექტორ ერერა აწუხებდა და საბოლოოდ, ავტოგოლი გამოვიდა.

ურუგვაის პირველ ტაიმში, მინიმუმ, ერთი რეალური მომენტი ჰქონდა. ედინსონ კავანი მეკარეს პირისპირ შერჩა, მაგრამ ალფრედო ტალავერამ ხელ-ფეხი ვაზის ტალავერივით გაშალა და "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდის დარტყმული ამ ხლართებში გაეხვია. ტაიმის მიწურულს კი მექსიკელთა მდგომარეობა იმან გააუმჯობესა, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა ენრიკე კასერესმა მატიას ვესინო გააძევა. ფიორენტინელი ჯერ გუარდადოს ეუხეშა, მეორედ კი ხესუს კორონა "მოჩეხა".

გუარდადომ იმდენად იაქტიურა, რომ 73-ე წუთზე ისიც გააძევეს. თანაც, სტანდარტულს გოლი მოჰყვა… ოსკარ ტაბარესის გუნდი სტანდარტულების დროს ძალიან სახიფათო რომ არის, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თავი გოდინმა შეგვახსენა, მან კარლოს სანჩესის ჩაწოდებულს "ურქინა".

მექსიკამ ისევ გამოიღვიძა და ზეწოლა გააძლიერა, რითაც საბოლოოდ, თავისას მიაღწია კიდეც. უბერებელი, 37 წლის რაფაელ მარკესი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ახლო "ცხრიანში" "დაცხრილა" ფერნანდო მუსლერას კარი. ბოლოს კი ერერამაც შეაგდო შეცვლაზე შემოსული რაულ ხიმენესის პასით.

ურუგვაი შემდეგ ტურში ვენესუელას ხვდება, რომელსაც 3 ქულა აქვს და ტაბარესის ბიჭები ფრთხილად უნდა იყვნენ. ამ მატჩის ვერმოგებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

"ბევრ მსგავსებას ვხედავ ოსორიოს, ლუი ვან გაალსა და მაურისიო პოჩეტინოს შორის. მათ სამივეს კარგი ფეხბურთის თამაში და შეტევა უყვართ, მაგრამ პირველ რიგში, ყურადღებას დაცვაში ორგანიზებულად თამაშს აქცევენ და გუნდის შენებას აქედან იწყებენ. დღესაც კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან" - თქვა მექსიკელთა მცველმა ექტორ მორენომ.

იამაიკა-ვენესუელა 0:1
გოლი: 0:1 მარტინესი (15)
იამაიკა (4-4-2): ბლეიკი - უოტსონი (88. ბინსი), მარიაპა, ტეილორი, ლოურენსი (40. მორგანი) - მაკლირი, ოსტინი, ჰექტორი (77. უილიამსონი), მაკანუფი - დონალდსონი, ბარნსი
ვენესუელა (4-2-3-1): ერნანდესი - როსალესი, უილკერი, ვისკარონდო, ფელტშერი - რინკონი, ფიგერა - გერა (90+1. გონსალესი), მარტინესი (77. პენიარანდა), გიუნტერი (86. ოტერო) - რონდონი
გაფრთხილება: ექტორი, მარიაპა - ფიგერა, ვისკარონდო
გაძევება: ოსტინი (23),
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 18-10 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 10(3)-14(3) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 25 560

მექსიკა-ურუგვაი 3:1
გოლები: 1:0 ა. პერეირა (4-ს. კ.), 1:1 გოდინი (74), 2:1 რ. მარკესი (85), 3:1 ერერა (92)
მექსიკა (3-1-4-2): ტალავერა - არაუხო, მარკესი, მორენო - რეიესი - ლაიუნი, ერერა, გუარდადო, კორონა (61. დუენიასი) - აკინო (55. ლოსანო), ხ. ერნანდესი (83. რ. ხიმენესი)
ურუგვაი (4-4-1-1): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, გოდინი, ა. პერეირა - სანჩესი (84. რამირესი), ვესინო, არევალო, როლანი (60. ა. ერნანდესი) - ლოდეირო (46. ა. გონალესი) - კავანი
გაფრთხილება: გუარდადო, რ. ხიმენესი - ვესინო, ხ. ხიმენესი, მ. პერეირა, გოდინი
გაძევება: ვესინო (45), გუარდადო (73)
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 16-17 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 18(7)-10(3) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 60 025

თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 1 1 0 0 3-1 3
2. ვენესუელა 1 1 0 0 1-0 3
3. იამაიკა 1 0 0 1 0-1 0
4. ურუგვაი 1 0 0 1 1-3 0

II ტური
9 ივნისი
ურუგვაი-ვენესუელა 03:30
მექსიკა-იამაიკა 06:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული