ლეო მესის წასვლა არგენტინის ნაკრებიდან ისეთი მასშტაბის მოვლენა იყო, რომელმაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო მძაფრად შეარყია. ბევრმა თავი მესის ადგილას დააყენა. ფიქრობდნენ იმ მოტივებზე, რითაც არგენტინელი ვარსკვლავის საქციელი იყო გამოწვეული.
არადა, ყველაფერი შედარებით უბრალოდ იყო. მესი კრიტიკით დათრგუნული აღმოჩნდა. ამაზე მან თავად გაამახვილა ყურადღება, მოყვა რა, თუ როგორ შეიღება თმები: "ერთ, განსაკუთრებით მძიმე დღეს გადავწყვიტე, რომ ეს გამეკეთებინა. მე
მესის დაბრუნება ისეთი ემოციური არ აღმოჩნდა, როგორსაც ბევრი ელოდა. საქმე ისაა, რომ ამ დროისათვის ყველა მიხვდა - ადრე თუ გვიან, როცა ემოციები გაცივდებოდა, მესი დაუბრუნდებოდა გუნდს, რომელიც მისთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იყო.
ისე მოხდა, რომ არგენტინის ნაკრებს მესის გარეშე ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია. აგვისტოში ლიონელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს საერთაშორისო კარიერის გაგრძელება, სექტემბერში კი ტრიუმფალურად დაუბრუნდა "ალბისელესტეს".
ურუგვაისთან მატჩი არგენტინის ნაკრების კაპიტნისათვის იოლი არ აღმოჩნდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თვალსაჩინო იყო, რომ მესი ტკივილისგან იტანჯებოდა. მტკივანი კუნთების კვალი არგენტინელ ვარსკვლავს სახეზე ეხატა.
ამის მიუხედავად, მესიმ მთელი შეხვედრა ითამაშა და გაიტანა გოლი, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც ამ უაღრესად დაძაბული შეხვედრის ბედი. ლიონელმა ბურთი საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მიიღო, შემობრუნდა და უძლიერესი დარტყმით აიღო ურუგვაელთა კარი.
ეს გოლი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ განსაკუთრებულთა კატეგორიას. საქმე ისაა, რომ როცა მესი დარტყმას ასრულებდა, ის ალყაში ერთბაშად შვიდმა ურუგვაელმა მოაქცია. ამის მიუხედავად, ლიონელმა მაინც შეძლო ზუსტად გასროლა.
მესიმ სამჯერ დაარტყა მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში. ის თამაშობდა ძალიან სახიფათოდ და მაღალტექნილურად. ურუგვაელთა პრესინგი უძლური იყო, რაიმე ეღონა არგენტინელი გენიოსის წინააღმდეგ.
სანამ მესი ურუგვაის ნაკრებს უმკლავდებოდა, არგენტინული ფეხბურთის "ბრილიანტმა" პაულო დიბალამ აჩვენა, რომ მესი მხოლოდ სიტყვით როდია მისთვის სამაგალითო ფეხბურთელი.
როგორც იქნა, ურუგვაისთან შეხვედრაში დიბალამ მიიღო სრულფასოვანი სანაკრებო შანსი და... წითელი ბარათი დაიმსახურა. საინტერესოა, რომ არგენტინის ნაკრებში თავისი კარიერა მესიმაც წითელი ბარათით დაიწყო. წარმოგიდგენიათ, რა გაქანების გუნდი იქნება არგენტინის ნაკრები, როცა მესი და დიბალა ერთად გავლენ მინდორზე?
"ჩემთვის ეს კოშმარული დღე იყო. ამდენ ხანს ვოცნებობდი ამ დღეზე. ასე გული არასოდეს მტკენია. მინდვრიდან გულგახეთქილი გავდიოდი და საკუთარ თავს ვკიცხავდი. მთელი კარიერის განმავლობაში არასოდეს მიმიღია წითელი ბარათი და რაღა მაინცდამაინც დღეს?
მესიმ დამაწყნარა. მან მითხრა, რომ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. იქვე დაამატა, რომ ყველაფერი არბიტრის ბრალია, რადგან მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მესისთან თამაში ძალიან კომფორტულია.
ვარჯიშების დროს ჩვენ შევათანხმეთ, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ერთად. თუ ის ცენტრშია, მე ფლანგისკენ ვიწევ და პირიქით.
ოცნება მქონდა, რომ მესის გვერდით მეთამაშა და ჩემი ეს ოცნება ახდა. ეგაა, ბევრი რამ დაიჩრდილა ჩემს მიერ მიღებული წითელი ბარათის გამო, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მე და მესის კიდევ არაერთი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს ერთად." - თქვა დიბალამ.
არგენტინის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, ედგარდო ბაუსას სამშობლოში დამფასებლები არ აკლია. ეს მან დაიყოლია მესი, "ალბისელესტეში" დაბრუნებულიყო. მწვრთნელი შეგირდის თამაშით კმაყოფილი დარჩა:
"მან ვაჟკაცობის მაგალითი გვიჩვენა. ვისაც ჰქონია საზარდულის ტრავმა, იცის, რა მტკივნეულია ის. მესიმ ტკივილი აიტანა და მან ეს ქვეყნისათვის გააკეთა. ვამაყობ, რომ ჩვენი კაპიტანი ასეთი კაცია." - თქვა ბაუსამ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ლიონელ მესი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო არგენტინის ნაკრებში, გულშემატკივრები არიან. მენდოსაში, სადაც ეს შეხვედრა გაიმართა, ხალხი ბედნიერებისგან ლამის ჭკუაზე გადავიდა.
არგენტინის ნაკრების 56 წლის გულშემატკივარი, ალეხანდრო ალვარესი ამბობს, რომ ეს დღეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერია.
"რა თქმა უნდა, თავზარი დაგვეცა, როცა მესის გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ. ამის მიუხედავად, ყველას გვჯეროდა, რომ ლიონელი დაბრუნდებოდა და ის დაბრუნდა. სხვანაირად არც შეიძლება მიმხდარიყო, რადგან ყველა არგენტინელისათვის არგენტინის ნაკრები უპირველესია. მე მჯერა, რომ არგენტინა მესისთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს."- მიიჩნევს ალვარესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"