ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...

AutoSharing Option
ევროპაში ყველაზე მეტი გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა; ევროპაში დაუმარცხებელი მხოლოდ "ჰოფენჰაიმია"; ევროპაში ყველაზე უხეში გრანიტ ჯაკაა; ევროპაში ყველაზე მეტად ახალგაზრდებს ბერგამოში ენდობიან.

გაინტერესებთ, ამ უქმეების სხვა საინტერესო მიღწევები და ციფრები? მაშინ ჩვენი სტატია უნდა წაიკითხოთ...

პრემიერლიგა:
შემორიგებული დიეგო კოშტას გმირობები
* "მანჩესტერ სიტიმ" 2014 წლის დეკემბრის მერე პირველად გაანიავა 2-ბურთიანი უპირატესობა.

* კლაუდიო ბრავომ (სიტი) ბოლო 24 დარტყმულიდან 16 გოლი გაუშვა.

* ჰიონ-მინ სონის (ტოტენჰემი) 7 პრემიერლიგური გოლიდან 6 საგარეო მატჩებზე მოდის.

* დელე ალიმ (ტოტენჰემი) 11 გოლი გაიტანა ამ სეზონში,
იმდენი, რამდენიც გასულ სეზონში.

* დიმიტრი პაიეს გარეშე მოთამაშე "ვესტ ჰემმა" მატჩების 75% მოიგო, მასთან ერთად - მხოლოდ 28%.

* პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი საგარეო გოლი უეინ რუნის (მანჩესტერი) ანგარიშზეა - 88.

* რუნი 250 გოლით "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ერთპიროვნულად.

* ადამ სმითს (ბორნმუთი) 4 საგოლე პასი აქვს ამ სეზონში. მცველებში მეტი მხოლოდ კაილ უოლკერს (ტოტენჰემი) აქვს - 5.

* კრის ბრანტი (ვესტ ბრომვიჩი) კარგად თამაშობს შინ - ბოლო 5 საშინაო მატჩში ჩრდილოირლანდიელმა 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 პასი).

* "ვესტ ჰემმა" კუთხურის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ამ სეზონში - 10.

* კრისტიან სტუანიმ (მიდლსბრო) წინა გოლი ოქტომბერში გაიტანა, ასევე "ვესტ ჰემის" კარში.

* "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 7 ავტოგოლიდან 3 "სტოკის" წინააღმდეგ მატჩებში გავიდა.

* "ენფილდზე" დასრულდა "ლივერპულის" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერლიგაში.

* იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, "ლივერპულმა" "ენფილდზე" 3 გოლი მეორედ გაუშვა (პირველად "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში).

* "ლივერპული" გახდა პრემიერლიგის პირველი გუნდი, რომელმაც 50 გოლი გაიტანა, ხოლო "სუონსი" პირველი, რომელმაც 50 გოლი გაუშვა.

* ფერნანდო ლორენტემ (სუონსი) ამ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა.

* "ლივერპულმა" ერთხელაც კი ვერ დაარტყა მეტოქის კარში ზუსტად I ტაიმში. ბოლოს ეს 2015 წელს მოხდა და მაშინაც "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში.

* "სუონსიმ" "ენფილდზე" პრემიერლიგის მატჩი პირველად მოიგო.

* პრემიერლიგაში 22 ტურის მერე კლუბს 55 ან მეტი ქულა მხოლოდ 4 შემთხვევაში ჰქონია და სამ შემთხვევაში ეს იყო "ჩელსი".

* პრემიერლიგაში სესკ ფაბრეგასზე (ჩელსი) მეტი საგოლე პასი (101) მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონია - რაიან გიგზს (162) და ფრენკ ლამპარდს (102).

* დიეგო კოშტამ (ჩელსი) ამჯერად ვიქტორ მოზესის პასით გაიტანა. ამ სეზონში მას გოლები 7-მა თანაგუნდელმა გაატანინა, ყველაზე მეტმა პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის.

* მართალია, კოშტამ პირველ ტაიმში გაიტანა, მაგრამ თამაშის დაწყებიდან ზუსტად 51:35 წუთი იყო გასული. რაც ოპტა სტატისტიკას აწარმოებს, ეს ყველაზე გვიანი გოლია პირველი ტაიმების ისტორიაში.

* დიეგო კოშტამ "ჩელსის" მაისურით მე-100 მატჩი ითამაშა და 52 გოლი გაიტანა.

* "არსენალმა" ამ სეზონში ორჯერ გაიტანა გამარჯვების გოლი 90+ წუთზე და ორჯერვე ეს "ბარნლის" კარში მოახერხა.

* გასული სეზონიდან მოყოლებული, გრანიტ ჯაკამ (არსენალი) 5 წითელი ბარათი მიიღო, რაც ტოპ-5 ლიგაში "საუკეთესო" მაჩვენებელია.

* ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ ჩემპიონმა საწყის 22 მატჩში 21 ქულა დააგროვა. პირველი შემთხვევა 1962/63 წლების სეზონში მოხდა (იფსვიჩი).

* "ლესტერმა" უკვე იმაზე მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე გასულ სეზონში მთლიანად - 36.

ლა ლიგა:
"სევილიას" რეკორდი
* "დეპორტივოს" წაუგებელი სერია - 7 მატჩი (2 მოგება, 5 ფრე) - ყველაზე ხანგრძლივია დღეს ლა ლიგაში.

* არგენტინელმა მატეო გარსიამ (ლას პალმასი) შეჯიბრებაში თავისი პირველი გოლი პირველივე ზუსტი დარტყმით გაიტანა.

* ივან რაკიტიჩმა (ბარსელონა) 14-ჯერ დაუბრუნა გუნდს ბურთი. ეს მისი პირადი რეკორდია ლა ლიგაში.

* ნეიმარმა (ბარსელონა) ბოლო სამ თამაშში გაიტანა, რაც ამ სეზონში მისთვის საუკეთესო შედეგია.

* მან "ბარსელონაში" 94 გოლი გაიტანა და ამით კლუბში რონალდინიოს შედეგი გაიმეორა.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ლა ლიგის გოლებში კრიშტიანო რონალდოს (რეალი) გადაასწრო, თუ 2009/10 წლის სეზონიდან მოვთვლით (როცა რონალდო ესპანეთში გადავიდა) - 273 გოლი 272-ის წინააღმდეგ.

* ლუის სუარესის ანგარიშზე უკვე 50 საგოლე პასია "ბარსელონაში".

* ნეიმარის წინააღმდეგ 18 ფეხბურთელი დასაჯეს (17 გაფრთხილება, 1 გაძევება), რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

* დენის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

* ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) 2017 წელს ყველა შეჯიბრებაში 5 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ესპანურ გუნდებში.

* გასული სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა რაულ გარსიამ (ბილბაო) მიიღო - 32 (20 გოლი, 12 პასი).

* "რეალმა" და "ატლეტიკომ" საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ლა ლიგაში - 7-7.

* სეზონის I ნახევარში მოგროვებული 42 ქულა "სევილიასთვის" საკლუბო რეკორდია.

* "ვალენსიამ" 26-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა ლა ლიგაში სტუმრად.

* ლუიშ ნანიმ (ვალენსია) ლა ლიგაში პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში საგოლე პასების მითვლა.

* "ლეგანესს" 7 ტურია, არ მოუგია - 5 ფრე, 2 წაგება.

* მარსელო რომერო "მალაგას" პირველი მწვრთნელია, ვინც მუშაობა ზედიზედ სამი მარცხით დაიწყო.

* "რეალმა" სეზონის პირველი ნახევარი 35-ედ მოიგო. წინა 34 შემთხვევიდან 67% "რეალის" ჩემპიონობით დასრულდა.

* პაბლო პიატიმ (ესპანიოლი) ამ სეზონში ლა ლიგის 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 7 პასი).

* ხოსე ანტონიო რეიესმა "ესპანიოლის" მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

სერია A:
ქარზე სწრაფი მატრი
* "რომამ" ზედიზედ 13 საშინაო მატჩი მოიგო ჩემპიონატში და 1930 წლის მიღწევა გაიმეორა.

* "ატალანტას" ბოლო 12 გოლიდან 7-ში ალეხანდრო გომესის ხელი ურევია (3 გოლი, 4 პასი).

* ევროპის ტოპ-5 ლიგაში "ატალანტა" პირველი გუნდია, რომელმაც მოედანზე 1999 წლის მერე დაბადებული ორი მოთამაშე გამოიყვანა.

* "ინტერმა" ბოლო 6 მატჩიდან 4-ში კარი "მშრალად" შეინახა.

* "პესკარამ" ზედიზედ მე-19 საშინაო შეხვედრა ვერ მოიგო ელიტაში.

* ალესანდრო მატრიმ (სასუოლო) ამ სეზონში ყველაზე სწრაფი გოლის გატანა მოახერხა - 0:58 წამი.

* გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) მეტოქის საჯარიმოში პირველი შეხებით გაიტანა.

* "იუვენტუსმა" პირველად დაიწყო ჩემპიონატის მატჩი მანჯუკიჩი-დიბალა-იგუაინის ტრიოთი.

* "ნაპოლიმ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის - 18.

* დრის მერტენსმა (ნაპოლი) ბოლო 6 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 2 პასი).

* ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) "მილანს" მეხუთე გოლი გაუტანა.

ბუნდესლიგა:
"შალკე" და მისი დებიუტანტი
* "ბაიერნმა" მოიგო ბოლო 38 მატჩი, რომელშიც რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა.

* ლევანდოვსკიმ კლუბის რეკორდი დაამყარა - ბუნდესლიგაში 60 გოლის გატანას (იმავე მატჩში 61-ე გოლიც გაიტანა) მხოლოდ 80 მატჩი (გერდ მიულერს 93 დასჭირდა) მოანდომა.

* ლევანდოვსკის 102 გოლით მეტი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში, ვიდრე "ფრაიბურგის" მთელ შემადგენლობას.

* "ბაიერნის" დაცვის კვარტეტმა (ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა) 5 მატჩი ითამაშა ერთად და ხუთივე გუნდმა ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია.

* ჰაკან ჩალჰანოღლუმ (ლევერკუზენი) ბუნდესლიგაში პირველი დუბლი გაახერხა.

* ჰაკან ჩალჰანოღლუმ ერთი გოლი პენალტით გაიტანა. ეს "ლევერკუზენის" მეხუთე პენალტი იყო სეზონში, თუმცა - პირველი გოლი.

* "ლაიპციგმა" ამ სეზონში ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი მოიგო.

* "აინტრახტმა" ბუნდესლიგის ისტორიაში 54-ე ავტოგოლი გაიტანა.

* ამ ტურში ორი მეკარე გააძევეს, რაც ბუნდესლიგაში მხოლოდ 4-ჯერ მოხდა.

* "აინტრახტის" ბოლო 10 გოლიდან ნახევარი შეცვლაზე შესულების ანგარიშზეა.

* გვიდო ბურგშტალერმა (შალკე) ტრანსფერის მერე პირველივე თამაშში გაიტანა.

* "შალკემ" ბუნდესლიგაში 650-ე გამარჯვება იზეიმა.

* "ჰამბურგმა" კი მე-600 მატჩი დათმო.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) 252 ბუნდესლიგურ მატჩში 143 გოლი გაიტანა. მასზე სწრაფად ამ ნიშნულს მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა უწია.

* ლუკაშ პიშჩეკმა (დორტმუნდი) ამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.

* ანდრე შიურლეს (დორტმუნდი) სეზონში პირველი გოლის გასატანად 20 დარტყმა დასჭირდა.

* ბუნდესლიგის ამ სეზონში საჯარიმოდან ბურთი ყველაზე მეტჯერ მერგიმ მავრაიმ (ჰამბურგი) გამოიტანა - 89.

ლიგა 1:
საუკეთესო ევროპაში
* 2013/14 წლებიდან მოყოლებული, იანიკ კაიუზაკმა (ბასტია) 8 წითელი ბარათი მიიღო. ის ამ მაჩვენებლით საფრანგეთის "ჩემპიონია".

* 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ალექსანდრ ლაკაზეტმა (ლიონი) ჩემპიონატში 80 გოლი გაიტანა. ევროპის ტოპ-5 ლიგაში ეს ფრანგი ფეხბურთელისთვის საუკეთესო შედეგია.

* "მონაკომ" 3 და მეტი გოლი ამ სეზონში 12 მატჩში გაიტანა.

* შეიხ დიაბატემ (მეცი) ბოლო 12 დარტყმიდან 10 გოლად აქცია.

* ედინსონ კავანი (პსჟ) პირველი ფეხბურთელია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, ვინც 20 გოლი გაიტანა ამ სეზონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული