ხოსე ლეანდრო ანდრადე - ფეხბურთის მეფე პელემდე

AutoSharing Option
ხოსე ლეანდრო ანდრადეს ისტორია უჩვეულო სიყვარულით დაიწყო.

დედამისი ღარიბი ქალი იყო კუბური ფესვებით. ის ფაველებში დაძრწოდა სამუშაოს ძიებაში, სანამ ურუგვაის ქალაქ სალტოში არ დაფუძნდა, სადაც ბრაზილიელი თეთრი მონა შეიყვარა. ქალის გულის სწორი ფულს ჯადოქრობით შოულობდა - ბალახებსს აგროვებდა და ჯადოქრულ რიტუალებს ატარებდა. სავსებით შესაძლებელია, ის ყოველთვის არ ატყუებდა ხალხს: ვაჟის დაბადების წინ, მას 98 წელი შეუსრულდა.

ქმრის ბალთაზარ აგირეს გარდაცვალების შემდეგ, ქალმა ისევ წანწალი დაიწყო, ბავშვი კი აღსაზრდელად დას დაუტოვა. ბიჭი პალერმოში - მონტევიდეოს ხმაურიან კვარტალში აღმოჩნდა. სანაპირო რაიონი დამსვენებლებს
იზიდავდა და ხოსეს ქოხის წინ მდებარე ქუჩაზე გაუთავებელ კოლონად გადიოდა კარნავალები და ზეიმები.

მუსიკით შთაგონებული ნორჩი ანდრადე ცეკვებმა, სიმღერამ და ტამტამებზე დაკვრამ გაიტაცა. მაგრამ თავისი მთავარი ნიჭი სახლთან ახლოს, მინდორზე განავითარა, როცა დაღამებამდე აგორებდა ბურთს თანატოლებთან ერთად . მუზიცირებასა და ფეხბურთს შორის შესვენებებისას, ის გაზეთებს დაატარებდა, ფეხსაცმელების მწმენდავად მუშაობდა, რათა დახმარებოდა დეიდას საკვებით, თან საჭირო ხალხი გაეცნო.

1921 წელს, ანდრადე იმ დროისთვის მონტევიდეოს სახელგანთქმული კლუბის "მირამარ მისიონესის" მწვრთნელის თანაშემწის ფეხსაცმელებს წმენდდა. ბიჭმა თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ მოუყვა და სინჯები გამოსტყუა მწვრთნელს. "მირამარის" წარმომადგენელს სურდა სწრაფად მოეშორებინა თავიდან მწმენდავი, ამიტომაც ხოსეს თხოვნას დათანხმდა.

Sportall.Ge

პირველივე ვარჯიშზე ანდრადემ ყველა განაცვიფრა თავისი ტექნიკით, ამტანობითა და პლასტიკით - ბიჭს გამოადგა მინდორში ძველი ვარჯიშები და ცეკვის გაკეთილები, ხოლო ვოკალისა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის გაკეთილებზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა ყურადღება და უცხო საგნის შეთვისების უნარი გამოიმუშავა. ხოსე მწვრთნელების თითოეულ სიტყვასა და პარტნიორების ნებისმიერ მოქმედებას იმახსოვრებდა.

მალე "მირამარში" მივიდა წერილი ეროვნული ნაკრებიდან: "გვინდა ხოსე ჩვენთან ვიხილოთ, მაგრამ თავად ხვდებით, რომ მას ერთი საკითხი აქვს მოსაგვარებელი". ანდრადეს არა მხოლოდ მინდორზე, არამედ პოლიტიკოსების კაბინეტებშიც უნდა ებრძოლა სახელის დასამკვიდრებლად.

20-იან წლებში შავკანიან ბიჭებს რთული ცხოვრება ჰქონდათ: იშვიათი გამონაკლისების გარდა, მათ ეკრძალებოდათ საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა. ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ურუგაელი ისაბელინო გრანდინი - წარმატებული მძლეოსანი და ფეხბურთელი. მან ნამდვილი რეიდი მოაწყო საჭირო ინსტანციებში და აიძულა მთავრობა - დაევიწყებინა რასისტული მიდრეკილებები და წინ დაეყენებინა ნაკრების ინტერესები.

გრადინმა არგუმენტად გამოიყენა საკუთარი პოპულარობა - ქუჩაში გადიოდა და ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. მას ექსტაზამდე მიჰყავდა ადამიანები. ანდრადემ თავი არ შეირცხვინა და 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ურუგვაის ნაკრების განაცხადში მოხვდა. ჯერ კიდევ საფრანგეთში გამგზავრებამდე, საფეხბურთო ფოკუსებისა და მაშინდელი შავკანიანებისთვის არადამახასიათებელი ლიდერის თვისებების გამო, ხოსეს "შავი სასწაული" უწოდეს.

პარიზში გამართული ტურნირის შემდეგ, ევროპისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა სამხრეთამერიკული ფეხბურთი. ბებერ კონტინენტს ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი იყო ბურთთან ასეთი ვირტუოზული მოპყრობა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ურუგვაის ნაკრები.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ანდრადეს მიმართ იყო. ისიც ვალში არ რჩებოდა: გულშემატკივრებს მინდორზე ფინტებით ახარებდა, ხოლო ბოჰემას - კლუბებსა და რესტორნებში გამოსვლებით. დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად, ხოსემ ჯერ კიდევ ურუგვაიში ჩამოაყალიბა ანსამბლი "ღარიბი კუბელი ზანგები" და ართობდა გულუხვ და მთვრალ პუბლიკას, მათ შორის, პარიზში.

ასე დაუახლოვდა ის ელიტურ საზოგადოებას და მათგან გაიგო ჯაშუშების შესახებ იუგოსლავიის ნაკრებიდან. ეს იყო ურუგვაის ნაკრების პირველი თამაში ოკეანის მეორე მხარეს. იუგოსლავიელებს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ - ვის წინააღმდეგ უწევდათ თამაში, ამიტომაც ოკეანისგაღმელი სტუმრების ვარჯიშზე მზვერავები შეუშვეს.

ანდრადემ თანაგუნდელებს შესთავაზა - თავი უმეცრებად მოეჩვენებინათ, რომლებმაც დარტყმა არ იციან. მთელი ერთი საათის განმავლობაში ურუგვაელები ისე ურტყამდნენ კარის მიმართულებით, რომ ბურთი პირით ხაზს სადღაც კუთხურის ალამთან კვეთდა. მომდევნო დღეს, "სელესტამ" გაანადგურა მოდუნებული მეტოქე - 7:0. თავად ანდრადემ სტადიონი ჭკუიდან გადაიყვანა, როცა ნახევარი მინდორი ბურთი თავით წაიღო წინ.

ნაკრების ხელმძღვანელობას არ მოსწონდა, რომ მათი მოთამაშე უცნობ ქალაქში ერთობოდა - ის შეიძლებოდა დაკარგულიყო ან ზედმეტი დაელია. ურუგვაელები ტყუილად ნერვიულობდნენ - ალკოჰოლის მდინარეები ყველა მხარეს მიედინებოდა, ოღონდ არა ვირტუოზული არტისტისა და ფეხბურთელის მიმართულებით, რომელიც ცეკვავდა და პარალელურად ხანჯალზე ჩამოცმულ ხორცის ნაჭერს ატრიალებდა.

ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ, ხოსე ლეანდრო გუნდთან ერთად შინ არ გაემგზავრა და ღამის პარიზში დარჩა. ორი თვის შემდეგ, პალერმოში სხვა ადამიანი დაბრუნდა. "ეს აღარ იყო ჭუჭყიანი და გამხდარი ბიჭი, არამედ დენდი ტყავის ქურთუკსა და ყვითელ ხელთათმანებში, რომელმაც ფულის დასტა მაგიდაზე დააგდო. ის თვით "შავი ბრილიანტი" იყო, ისევე როგორც, საფრანგეთის სექს-სიმბოლო ჟოზეფინ ბეიკერი. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ადამიანები არა მხოლოდ მეტსახელს, არამედ სარეცელსაც იყოფდნენ", - გაკვირვებული იყო ანდრადეს სახეცვლილებით "გარდიანი".

1925 წელს, ურუგვაული "ნასიონალი" "შავ სასწაულთან" ერთად ტრანსატლანტიკურ ტურნეში გაემგზავრა. ხოსემ მხოლოდ მატჩების ნახევარი ჩაატარა, შემდეგ კი სიცხემ აუწია. დაძაბულმა ღამის ცხოვრებამ მაინც თავისი ქნა - სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ გუნდის მთავარ ვარსკვლავს სიფილისი ჰქონია. რა თქმა უნდა, ეს ახალი ამბავი არ მოეწონათ კლუბსა და ნაკრებში. ამის შემდეგ, "ბრილიანტმა" გონებას მოუხმო და გასამმაგებული მონდომებით გააგრძელა ვარჯიში, რათა საკუთარი სახელიდან ჭუჭყი ჩამოერეცხა.

1928 წლის ოლიმპიადაზე ანდრადე ისევ მოწყურებული იყო გამარჯვებებს. რომანტიული სამხრეთამერიკული ფეხბურთი ამსტერდამში სავსე სტადიონებს აგროვებდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე "სელესტამ" დაამარცხა - ჰოლანდია (2:0), გერმანია (4:1) და იტალია (3:2). სკუადრა აძურასთან მატჩში, მთელმა სტადიონმა ამოიოხრა, როცა ხოსე ლეანდრო თავით ძელს შეასკდა. ანდრადე რამდენიმე თვით ნაწილობრივ დაბრმავდა, მაგრამ ტურნირი ჩაამთავრა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო.

ფეხბურთის გარშემო აჟიოტაჟი უდიდესი იყო, ამიტომაც ფიფა-მ დამოუკიდებლად ჩაატარა დიდი ტურნირი - მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატი. მასპინძლად აირჩიეს ქვეყანა, რომლის ნაკრები უალტერნატივოდ საუკეთესო იყო - ურუგვაი.

ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ანდრადემ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. ეს ახალი ამბავი ტრაგედია გახდა მთელი ურუგვაისთვის. "შავმა სასწაულმა" გულთან ახლოს მიიტანა ხალხის თანაგრძნობა და დაიწყო გამოჯანმრთელების ფორსირება. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატზე ოლიმპიურ ჩემპიონებს ახალი ლიდერები ჰყავდათ: პედრო სეა, ხუან ანსელმო და ექტორ კასტრო. მიუხედავად ამისა, ნაკრებს ისევ სჭირდებოდა ანდრადე - გასახდელშიც და მინდორზეც. 13 ივლისს, "სენტენარიოს" სტადიონზე 93 ათასი მაყურებელი შეიკრიბა - ურუგვაიმ ფინალში არგენტინა დაამარცხა. ანდრადემ ოთხი საგოლე პასიდან ერთი თავად შეასრულა.

მაგრამ ტრავმის შემდეგ მინდორზე ნაადრევად დაბრუნებას სავალალო შედეგები ჰქონდა ნახევარმცველზე. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ის მუხლში ქრონიკულმა ტკივილმა გააწვალა და ანდრადეს კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. მან ორჯერ მოიგო ურუგვაის ჩემპიონატი, 1937 წელს კი დაასრულა სპორტული კარიერა და მუსიკაზე გადაერთო. მაგრამ მისი პოპულარობა სწრაფად ქრებოდა - ჩვეულებრივი შოუმენი ხალხს გაცილებით ნაკლებად აინტერესებდა, ვიდრე ფეხბურთის მოცეკვავე ვარსკვლავი.

Sportall.Ge

ასევე არ გამოდიოდა საკუთარი თავის პიარი - მეორე მსოფლიო ომის წინ, მას-მედიას ნაკლებად აინტერესებდა წინა წლების კერპის ნოსტალგიური გრძნობები. ლეგენდა მალე მიივიწყეს და ის ძველ ხელობას დაუბრუნდა - ფეხსაცმლის წმენდასა და გაზეთების დარიგებას.

40-იანი წლების დასაწყისიდან საუკუნის შუამდე ხოსე ლეანდროს შესახებ არაფერი ისმოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ამ დროს განმავლობაში, ორჯერ იყო დაქორწინებული. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ის თანდათან გალოთდა. ისტორიკოსი ჰანს ულრიხ გუმბრეჰტი წერდა, რომ ანდრადეს ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა ბოლომდე განუკურნებელი სიფილისისა და ტუბერკულიოზის გამო. ფეხბურთმა ლეგენდა მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის დროს გაიხსენა.

ის ფინალზე საპატიო სტუმრის რანგში მიიწვიეს. გადამწყვეტ მატჩში ურუგვაის ნაკრებმა ბრაზილიელები დაამარცხა. "სელესტას" შემადგენლობაში თამაშობდა ხოსეს ნათესავი - ვიქტორ პაბლო როდრიგეს ანდრადე.

ხალხში გამოჩენის შემდეგ, ანდრადემ ისევ მიიპყრო მედიის ყურადღება, მაგრამ მისი მოძებნა იოლი არ ყოფილა. 1956 წელს, გერმანელი ჟურნალისტი ფრიტც ჰაკი ექვსი დღე დააბიჯებდა მონტევიდეოში, სულ უფრო ღრმად შედიოდა ურუგვაის დედაქალაქის ღარიბ უბნებში.

ხოსე ლეანდრო მან საშინელ პირობებში იპოვნა - ღარიბების ერთ-ერთ თავშესაფარში. ინტერვიუ არ გამოვიდა: ანდრადე ძალიან მთვრალი იყო, რათა კითხვები აღექვა. რამდენიმე თვის შემდეგ, ფეხბურთში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Rasaca sheshcham, dalev da gaertobi shegtcheba
Gulaoba shervha
16:46 25-02-2017
0
გსაგებია,რომ მძიმე ეპოქა იყო მთლიანად მსოფლიოსთვის,მაგრამ,როცა ერთი ადამიანი ამდენ ბედნიერებას ჩუქნის სამშობლოს,თავის ხალხს და მერე მას ასე ივიწყებენ,თითქოს არც არაფერი ყოფილა ეს ტრაგედიაა.ეს მთლიანად ქვეყნის,ხალხის ბრალია.ასეთი შემთხვევები ბევრია მსოფლიო სპორტის ისტორიაში და არც თუ ცოტა შვენშიც.
sake
19:11 25-02-2017
0

სიახლეები პოპულარული