ჯანლუიჯი დონარუმა, მეკარე, მილანი, 18 წლის
ნეაპოლიდან 30 კილომეტრის მოშორებით დაიბადა. წარმოშობა ისეთი აქვს, რომ თანაბარი წარმატებით შეიძლებოდა ყოფილიყო მსახიობი, მაფიოზი და მეკარე. მან ბოლო პროფესია აირჩია და ამაში განსაკუთრებული როლი მის ძმას მიუძღვის. თავიდანვე ქომაგობდა "მოლანს" და ორი წლით უფროსებში თამაშობდა.
ჯიჯი დონარუმას მთელი ოჯახი "მილანს" ქომაგობდა. ნიჭიერი მეკარის
14 წლის დონარუმამ პირველად შედგა ფეხი "მილანის" ბაზაზე, ერთი წლის შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში, 16 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა დებიუტი იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში და სათადარიგოთა სკამზე დასვა დიეგო ლოპესი. მარტში ჯანლუიჯის დებიუტი ჰქონდა იტალიის ნაკრებში და გახდა "აძურას" ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეკარე. მისი სატრანსფერო ღირებულება 67-ჯერ გაიზარდა.
ბერნარდო, მცველი - ნახევარმცველი, ლაიპციგი, 21 წლის
მამამისსაც ბერნარდო ერქვა. მან ოთხმოციანებში ორჯერ მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატის ოქროს მედლები და ამდენჯერვე ვერცხლი. 1991 წელს ბრაზილიელი მიუნხენში აღმოჩნდა. მას თვით ული ჰიონესმა მიაქცია ყურადღება. გერმანიაში ბერნარდოს გაუჭირდა, მას ყველა არცთუ კარგად ექცეოდა. მაგალითად, კლაუს აუგენტალერმა მდინარეში ჩააგდო და პანიკურად აყვირდა: "ნიანგი, ნიანგი"... უფროს ბერნარდოს ძალიან ეშინოდა ნიანგის, რადგან ბავშვობაში მის მეგობარს ხელის მტევანი მოაჭამა. ბოლოს და ბოლოს, ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა და "კორინთიანსთან" ერთად ქვეყნის თასიც მოიგო.
უმცროსი ბერნარდო "სან პაულუს" აკადემიაში არ დააფასეს. ამის შემდეგ ის "კურიტიბაში" აღმოჩნდა. ამის მერე მან რამდენიმე გუნდი მოიარა და საბოლოოდ ავსტრიულ "ზალცბურგში" ამოჰყო თავი. თუ ავსტრიაში ძირითადად ნახევარმცველად თამაშობდა, გერმანიაში მარცხენა მცველად გადაკვალიფიცირდა.
კლემან ლონგლე, მცველი, სევილია, 21 წლის
ჩვიდმეტი წლის რომ გახდა, ამ მემარცხენე ცენტრალურ მცველს თვალი "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ დაადგა. "ნანსიში" თავბრუდამხვევი დებიუტი ჰქონდა და უმოკლეს ხანში გუნდის ლიდერიც გახდა. კლემანი მცირე ხნით "იუვენტუსში" იყო გასინჯვაზე, მაგრამ მას პირდაპირ აგრძნობინეს, რომ მას სათამაშო დრო თითქმის არ ექნებოდა.
ლონგლე მცირე ხნით დაბრუნდა სამშობლში და "ნანსის" ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა. ამის შემდეგ მონჩის უშუალო ძალისხმევით ჩაირიცხა "სევილიაში" და დაცვის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.
ბენჟამინ ჰენრიკსი, მცველი - ნახევარმცველი, ლევერკუზენი, 20 წლის
გერმანელი მამის და განელი დედის შვილი. 2016 წელს გახდა გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი 19 - წლამდელებს შორის. იშვიათი გამონაკლისი "ბაიერის" საფეხბურთო აკადემიისა, რომელიც გუნდმა არენდითაც კი არ გაუშვა. ბევრი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებში სწორედ ის შეცვლის ფილიპ ლამს. "ბაიერში" უკვე ითამაშა რამდენიმე პოზიციაზე. უკვე ჰქონდა დებიუტი გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მისი გადაბირება ძალიან უნდა "ბაიერნს".
მაჰმუდ დაუდი, ნახევარმცველი, გლადბახი, 21 წლის
უკვე წელიწადნახევარია, აქტუალურია ქურთული ფესვების სირიელი ბიჭის ისტორია, რომელსაც გერმანული პასპორტი აქვს. სხვათა შორის, ის პირველი სირიელის. რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა. სირია ბავშვობაშივე დატოვა.
ბურთს დიუსელდორფის ქუჩებში დასდევდა მისნაირ ემიგრანტებთან ერთად. მალე ის "გლადბახში" ჩაირიცხა. ჯერ გრანიტ ჯაკას მეწყვილე იყო, "არსენალში" მისი წასვლის შემდეგ კი კრისტოფ კრამერის. არის გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ძირითად გუნდში გამოძახებასაც უპირებენ. "იუვენტუსს" და "ლივერპულს" მისი შეძენა სურდათ, მაგრამ ყველაფერი გადაწყდა - ზაფხულში ის "დორტმუნდის მაისურას მოირგებს.
დელე ალი, ნახევარმცველი, ტოტენჰემი, 21 წლის
გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. დედამისს, დენიზს, პერმანენტული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან. მამამისი, ნიგერიელი კენი შტატებში მაშინ წავიდა, როცა დელე ალი ძალიან პატარა იყო. სკოლას აცდენდა და ქუჩაში სულ ბურთს დასდევდა. 11წლის იყო, როცა "დონსის" აკადემიის შეფმა, მაიკ დოუვმა მაქცია ყურადღება. ცოტა ხანში დედამ გადაწყვიტა, რომ ასეთ სიტუაციაში შვილი საფეხბურთო კარიერას ვერ აიწყობდა და მას ამისათვის მშვიდი ოჯახური ატმოსფერო ჭირდებოდა. ალი გადავიდა ალან და სალი ჰიკფორდების ოჯახში. ის ოფიციალურად არასოდეს ყოფილა გაშვილებული, მაგრამ ლონდონში გადასვლამდე სულ ამ ოჯახში ცხოვრობდა.
უკვე 16 წლის იყო, როცა "დონსის" ძირითადში თამაშობდა და გოლებს ხმაურიანად აღნიშნავდა. "ტოტენჰემში" კი დებიუტი ჰქონდა "რეალთან" ამხანაგურ შეხვედრაში და პირველივე შეხებისას ფეხებს შორის გაუტარა ბურთი ლუკა მოდრიჩს.
კარლ რობინსონმა, "დონსის" მთავარმა მწვრთნელმა გაიხსენა: "ერთხელ "ლივერპულის" აკადემიის ხელმძღვანელს, სტივ ჰაივეის ვესაუბრე. ვუთხარი, რა მაგარი ხარ, ათი ათასობით ახალგაზრდიდან ჯერარდი, ოუენი, ფაულერი, მაკმანამანი, კარაგერი და სხვები რომ ამოარჩიე - მეთქი. მან კი მიპასუხა: "მე უბრალოდ გამიმართლა, ისინი რომ ლივერპულში დაიბადნენ". მაშ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ დელე დაიბადა აქ."
ალი დღეს "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერია.
თომა ლემარი, ნახევარმცველი, მონაკო, 21 წლის
მარიუს ტრეზორი, ჟოსლენ ანგლომა, ლილიან ტურამი - მათ არაერთი მატჩი ჩაატარეს საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ ისინი ფრანგები კი არა, გვადალუპელები იყვნენ. 2008 წელს "კანის" აკადემიის საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი ფილიპ ტრანშანი გვადალუპაში ჩავიდა და 12 წლის ბიჭის გარჯა ჩაინიშნა, მერე კი ის კლუბში მოიყვანა.
ლემარი მოწონდა ყველას, "კანის" დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელის, პატრის გარანდას გარდა. გუნდის უდავო ლიდერი ნგოლო კანტე იყო, ლემარი კი იშვიათად შედიოდა შეცვლაზე. ერთი ასეთი ეპიზოდი ფეხბურთელის კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 2015 წელს, აპრილში, ის "მონაკოსთან" შეხვედრაში გამოჩნდა მინდორზე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მონეგასკთა დამრიგებელზე, ლეონარდო ჟარდიმზე. არადა, ის მატჩი "კანმა" 0:3 წააგო. ცოტა ხნის წინ "კანს" 8 მილიონ ევროდ ჰყავდა "ლესტერში" გაყიდული კანტე, ამიტომ ლემარზე ბევრი აღარ ივაჭრეს და 4 მილიონ ევროდ გაუშვეს. ლემარი ანდრეს ინიესტას ფანია. მას უკვე ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში. დღეს მას 4 მილიონად ვერავინ იყიდის.
უსმან დემბელე, ნახევარმცველი, დორტმუნდი, 19 წლის
"რენის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ყველაზე უმცროსია იმ ათეულობით დემბელეთაგან, პროფესიონალურ ფეხბურთს რომ მისდევენ. თავის დროზე "რენში" ვერ მოახდნა ჯეროვანი შთაბეჭდილება და კინაღამ 2 მილიონ ევროდ აღმოჩნდა "ზალცბურგში". მისა შეძენას "ბენფიკაც" ცდილობდა. საქმეში ჩაერია მიკაელ სილვესტრი, "რენის" სპორტული დირექტორი და დემბელე დატოვა.
სადებიუტო სეზონი დიდებული აღმოჩნდა. პირველივე შეხვედრაში შეუგდო "ბორდოს". მერე "ბარსელონას" სკაუტების თვალწინ ჰეთ თრიკი შეუსრულა "ნანტს". ამ შეხვედრას "ბარსელონას", "მილანის" და "არსენალის" მზირები ესწრებოდნენ. თითქოს, დემბელე უნდა წასულიყო "ბარსელონაში", 35 მილიონად, მაგრამ ის მივიდა "დორტმუნდში" და თანდათან, ხდება გუნდის ლიდერთაგანი. საფრანგეთის ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა.
კილიან მბაპე, თავდამსხმელი, მონაკო, 18 წლის
კილიან მბაპე ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და უკვე გახდა რამდენიმე რეკორდის ავტორი. ის არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოს" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშა. ყველაზე ახალგაზრდამ გაიტანა გოლი "მონაკოში", ბოლო 60 წელიწადში გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი.
არის ფეხბურთელი, რომელმაც ორჯერ უთხრა უარი "რეალს" და ზინედინ ზიდანს.
არის სპორტული ოჯახიდან. დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში კლუბს შეიცვლის. ახალი წლის შემდეგ სასწაულ ფორმაშია. 18 გოლი გაიტანა. მათ შორის 5 - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
ტიმო ვერნერი, თავდამსხმელი, ლაიპციგი, 21 წლის
რეჟიმის განუხრელად დამცველი. წვეულებებზე მისი მეგობრები მშვიდად გრძნობენ რადგან ვერნერი წვეთ ალკოჰოლსაც კი არ ეკარება. ის წვეულების დასრულების შემდეგ მშვიდად არიგებს - ხოლმე შინ მეგობრებს. 17 წლის იყო, როცა დღისით გიმნაზიაში დადიოდა, საღამოს კი "შტუტგარტში" თამაშობდა.
"შტუტგარტი" ბუნდესლიგიდან გავარდა და ვერნერმა ასპარეზად "ლაიპციგი" აირჩია. არც შემცდარა. ის გუნდს კარგად შეეწყო და აპრილის ჩათვლით ბუნდესლიგაში 17 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ლიგაში საუკეთესოა გერმანულპასპორტიან ფეხბურთელებს შორის.
სანდრო რამირესი, თავდამსხმელი, მალაგა, 21 წლის
შვიდი წლის იყო, "ლას პალმასის" აკადემიაში სწავლობდა და 200-ზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. 14 წლიდან უკვე ბარსელონაში გადავიდა და "ლა მასიაში" ჩაირიცხა. მერე იყო მეორე გუნდში ჩატარებული კარგი მატჩები. მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ლუის ენრიკემ ჩაიბარა, სანდრომ ძირითად გუნდში მიიღო შანსი.
საკმარისი იყო, რომელიმე ლიდერს ტრავმა მიეღო, რომ რამირესი თამაშობდა. ბოლოს მაინც ვერ დამკვიდრდა "ბარსაში". მიჩელის გაწვრთნილ "მალაგაში" კარგად ათამაშდა. ბოლო 6 შეხვედრაში ამდენივე ბურთი შეაგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"