დღეს გავეცნობით, თუ რას ერჩიან ჩინეთში ბრაზილიელ ჰალკს, რატომ დააბრალეს არგენტინელ ლავეცის ჩინელი ხალხის შეურაცხყოფა და რას ერჩიან ამ ქვეყანაში შვედებს...
I ისტორია: ლავეციმ შეურაცხყო...
დიახ, ჩინეთში ბევრი ახლა სწორედ ასე ფიქრობს. უბრალოდ, საინტერესოა, რა ნახეს შეურაცხმყოფელი ფოტოში, რომელიც ესეკიელ ლავეციმ "ტვიტერზე" დადო. ჩინეთში ძალიან ცუდად მიიღეს ლავეცის ეს ხუმრობა (მას ალბათ, უნდოდა ეთქვა, მეც ჩინელი გავხდიო). მის წინააღმდეგ მთელი აქციები დაიწყო. ამიტომაც "ჩინეთის სუპერლიგის მოთხოვნით, ჩვენ ოფიციალური ფოტოსესია გვქონდა. მათ მიერ სპეციალურად მოვლენილი ფოტოგრაფის მოთხოვნით, ვცდილობდი, რამდენიმე საინტერესო კადრი გადაგვეღო. გადავიღეთ გასართობი ფოტოებიც, რომლებსაც მერე სარეკლამო დანიშნულებით გამოიყენებენ. ერთ-ერთი ფოტოც ეს იყო. გარწმუნებთ, ამით არავის შეურაცხყოფა გულში არ გამივლია. მით უმეტეს, ჩინელი ხალხის გაბრაზება სულაც არ მინდოდა", - განაცხადა ლავეციმ, რომელიც "ჰებეი ჩაინა ფორჩუნის" ვარსკვლავია და ამ კლუბში თამაშით კვირაში 798 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს (Football Leaks).
არც ისე სასიამოვნო ისტორიაა, იმის გათვალისწინებით, რომ ლავეციმ მხოლოდ ახლახან შეაგდო პირველი გოლები სუპერლიგაში. არაოფიციალურად სწორედ ის ითვლება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად (თავად უარყოფს ამას). ისე, როცა კვირაში თითქმის მილიონ ევროს იღებ, თვალები ფართოდ უნდა გაახილო და არა პირიქით...
II ისტორია: ოპაა... ობა!
უკვე ვწერდით, რომ ჩინურ ვარსკვლავთა თანავარსკვლავედს შესაძლოა, კიდევ ერთი შეუერთდეს - პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ფაბიო კანავაროს ჩინეთში დაწესებული ლიმიტი ლეგიონერებზე არ ედარდება, მას გულში ამოუჭრია - რადაც უნდა დაუჯდეს, გუნდის მთავარი ფორვარდი გაბონელი გახადოს, რომელიც ამჟამად ბუნდესლიგის ფანებს ანებივრებს გოლებით. "ტიანძინ ციუანძიანში" ამ როლს ახლა ალეშანდრე პატო ასრულებს, მაგრამ არცთუ კარგად. რა ბედი ეწევა ბრაზილიელს აფრიკელის მისვლის შემთხვევაში, უცნობია. ჩინელებს ფული არ ენანებათ - "ბორუსიას" 80 მილიონი ევრო, ხოლო ობამეიანგს - 50 მილიონი წელიწადში! ამის მერე ლავეცის ხელფასის უარყოფა აღარ დასჭირდება, ის მაინც ვერ იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ადრე წერდნენ, რომ ამ როლს, თითქოს, დიეგო კოშტა დათანხმდა, რომელიც უფრო ნაკლებად მომთხოვნი აღმოჩენილა - "მხოლოდ" 30 მილიონი ევრო მოითხოვა წელიწადში. მაგრამ ეს ისტორია არ დადასტურდა. დადასტურდება ისტორია ობამეიანგთან დაკავშირებით? დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჩინურმა კლუბებმა უკვე ბევრი, ერთი შეხედვით საოცარი ისტორია აქციეს რეალობად.
III ისტორია: ორი შვედი, ციხე და ჰალკი
გასული წლის ზამთარში შვედეთის მოქალაქე ჰუსეინ ბარჯავიმ გადაწყვიტა, იოლად ეშოვა მილიონები. მან... "შანჰაი სიპგ-ის" ელექტრონული ფოსტა "გატეხა". მან საკუთარი თავი გაასაღა ბრაზილიელ შუამავლად, ჩინურ კლუბსა და "ზენიტს" შორის ჰალკის ტრანსფერზე მოლაპარაკებაში. ჩინელებმა იოლად დაიჯერეს და შვედურ ოფისში 371 ათასი ევრო გადარიცხეს. ახლა საჭირო იყო ამ თანხის ისე გამოტანა, რომ ვერავის გაეგო, რა მოხდა სინამდვილეში. საქმეში ჰუსეინის თანამზრახველი ქალი ჩაება, მაგრამ ფულის გამოტანა მან ვერ შეძლო. მალმიოს ბანკმა გადარიცხვა საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნია და ის დაბლოკა. ახლა ბარჯავი და მისი თანამზრახველი შვედურ ციხეში გადაჰყავთ. არაბი შვედები, რომლებმაც გააბრიყვეს ჩინელები, რომელთაც გარიგება ჰქონდათ რუსებთან ბრაზილიელის თაობაზე... აი, ასეთი საოცარი ისტორიაა.
IV ისტორია: რას ერჩიან ჰალკს
ჰალკი "ინსტაგრამზე" ამტკიცებს, რომ მას იმიჯს შეგნებულად უფუჭებენ. სიპგ-მა მე-8 ტურში იოლად მოუგო "გუიჯოუს". ბრაზილიელმა ფორვარდმა მისთვის ჩვეული გოლიც მიითვალა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა - მატჩის შემდეგ "გუიჯოუს" წარმომადგენელმა ლი ბინგმა განაცხადა, რომ ჰალკმა მწვრთნელის ასისტენტს ხელი გაარტყა, როცა გუნდები გასახდელში ბრუნდებოდნენ. ჰალკს მართლაც არანორმალური ძალა აქვს და ლი ბინგი ამტკიცებს, რომ გვირაბში მან მწვრთნელის ასისტენტ იუ მინგს ისეთი ძალით დაარტყა, რომ ეს უკანასკნელი ძირს გაიშხლართა. მანამდე კი თურმე, ჰალკი მეტოქე გუნდის მწვრთნელებს ინგლისურ ენაზე აგინებდა.
"რაც უნდა კარგად თამაშობდე, უფლება არა გაქვს, ჩინელ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო, მით უმეტეს, სცემო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები", - განაცხადა ლი ბინგმა. როგორც ჩანს, ჩინეთში ლეგიონერების ცხოვრება მხოლოდ ია-ვარდით არ არის მოფენილი.
ჩინეთის ფეხბურთის მამებმა ინციდენტი გამოიკვლიეს და ჰალკი მართალი აღმოჩნდა, არც ერთ კამერას არ შეუმჩნევია მსგავსი ეპიზოდი. როგორც ჩანს, ეს არც მომხდარა...
V ისტორია: სად ჰიონესი და სად ჩინეთი...
ალბათ, თქვენც ამას გაიფიქრებთ, მაგრამ ასე არ არის - "ბაიერნმა" რამდენიმე საფეხბურთო სკოლა მოაწყო ამ ქვეყანაში. რას იზამ, აზიის ბაზრის ათვისება ნებისმიერი გრანდის პრიორიტეტი გახდა და აბა, ციხეგამოვლილი ული ჰიონესი ამას ვერ მიხვდებოდა?"მე მაქვს იდეა - ერთი ჩინელი ფეხბურთელი ვიყიდოთ, მერე დავნიშნოთ თამაში ისეთ დროს, რომელიც ჩინელებს აწყობთ შანხაისა და პეკინში. 300-მა მილიონმა ჩინელმა ფანმა თითო ევროც რომ გადაიხადოს ამ მატჩის ყურებაში..." - ოცნებებში წავიდა "ბაიერნის" პრეზიდენტი, თუმცა, რატომაც არა? რომელი პუნქტის შესრულება ჩანს აქ რთული?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"