ევროუქმეების წინ: რაღა დარჩა - ბოლო ტური იტალიაში და ოთხი ფინალი!

AutoSharing Option
სინამდვილეში ევროპის ტოპ-5 ლიგების საფეხბურთო სეზონი ამ უქმეებზე სრულდება. საქმე მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში არ არის, ოთხი ტიტული გასაცემია, ინგლისში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში თასის ფინალები გველის.

"ვისენტე კალდერონზე", ახლა უკვე, მართლა ბოლო მატჩია; იტალიაში "ოლიმპიკოს" "იმპერატორი" ფრანჩესკო ტოტი ემშვიდობება; არსენ ვენგერს ბოლო შანსი აქვს უტიტულოდ არ დარჩეს; ისევე, როგორც თომას ტუხელს, ზედმეტი ტიტული არც უნაი ემერისთვის იქნება...

სერია A: სამი კითხვა
იტალიაში ბოლო ტურმა სამი მთავარი რამ უნდა გაარკვიოს - I: ვინ დაიკავებს მეორე ადგილს; II: ვინ იქნება მესამე
დაქვეითებული გუნდი და III: ვინ გახდება ჩემპიონატის ბომბარდირი.

სკუდეტო "იუვენტუსისაა", ეს უკვე წინა ტურში გაირკვა, როცა "ბებერმა ქალბატონმა" "კროტონე" დაამარცხა და ორი მდევრისთვის მიუღწეველი გახდა. ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ "ლაციო" და "ატალანტა", ხოლო "მილანს" ჯგუფში მოსახვედრად ბრძოლის დაწყება მესამე საკვალიფიკაციო წრიდან მოუწევს.

ცნობილია, რომ "პალერმო" და "პესკარა" გავარდნენ. მათ ნაცვლად სერია A-ში სპალ-ი და "ვერონა" ითამაშებენ (მომავალი სეზონიდან ვერონის დერბი აღდგება "კიევოსა" და "ვერონას" შორის). მესამე საგზურისთვის ამ ეტაპზე დიდი ბრძოლაა პლეი ოფში.

მეორე ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორეზე გასული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლუჩანო სპალეტის "რომას" "ნაპოლიზე" ერთქულიანი უპირატესობა აქვს და "ჯენოასთან" მატჩში მოგების შემთხვევაში, "რომა" ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა. "ნაპოლიც" გენუურ კლუბს ხვდება, "სამპდორიას" სტუმრობს. მაურიციო სარის გუნდს აუცილებლად მოგება სჭირდება, რადგან ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, "რომას" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ასე რომ, სამხრეთელებმა გენუაში უნდა იმარჯვონ და "ჯენოას" სასწაულებრივ თამაშს დაელოდონ რომში.

"ოლიმპიკოს" მივუბრუნდეთ, 28 მაისს 40 წლის ფრანჩესკო ტოტი უკანასკნელად მოირგებს "რომას" მაისურს, ეს კი დიდი ამბავია.

"ორიოდე სიტყვით ვერ აღვწერ იმას, თუ, რას ნიშნავს ჩემთვის "რომას" მაისურა. მაგრამ ჩემი ვნება ფეხბურთისადმი არ გამქრალა, ამიტომ ორშაბათიდან ყველაფრის თავიდან დაწყებას" ვაპირებ", - განაცხადა ტოტიმ, რომელმაც გუშინ პირველად დაადასტურა, რომ "რომას" ფეხბურთელის რანგში მეტს აღარ ითამაშებს. ტოტი ორიოდე სიტყვით ვერ აღწერს, რას ნიშნავს მისთვის "რომა", ჩვენ შევეცდებით ორიოდე სიტყვით ვთქვათ თუ რას ნიშნავს "იმპერატორის" "რომასთვის" - ფრანჩესკოს სერია A-ში 250 გოლი აქვს გატანილი, 4 გოლით მეტი, ვიდრე "რომას" დანარჩენ ფეხბურთელებს ერთად!

მესამე უიღბლო ან "კროტონე" იქნება ან "ემპოლი", რომელიც "კროტონეს" მხოლოდ ქულით უსწრებს. "კროტონე" უმოტივაციო "ლაციოს" მასპინძლობს, ხოლო ლევან მჭედლიძის გუნდი უკვე გავარდნილ "პალერმოს" სტუმრობს. ერთნაირი ქულების შემთხვევაში, "კროტონეს" უპირატესობა აქვს. და მაინც, "ემპოლის" გამარჯვება სიცილიაზე "კროტონეზე" ფიქრს აარიდებს. თავიდან თითქოს, გამორიცხული იყო ლევანის თამაში ბოლო ტურში, მაგრამ ბოლო ცნობებით, მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსიც აქვს.

ბომბარდირობისთვის დავაში რომაელი ედინ ჯეკოა წინ, მაგრამ "ნაპოლის" ბელგიელი (აქაც "რომასა" და "ნაპოლის" დაუსწრებელი ორთაბრძოლა) დრის მერტენსი საოცარ ფორმაშია სეზონის ფინიშზე და ბოსნიელს მხოლოდ გოლით ჩამორჩება. შანსი "ტორინოსა" და ჩემპიონატის სენსაცია ანდრეა ბელოტისაც აქვს (სამი გოლით ჩამორჩება ჯეკოს). აი, გონსალო იგუაინს ოთხი გოლის ამოქაჩვა ძალიან უნდა გაუჭირდეს, მაურო იკარდი კი უშანსოდაა - მან ტრავმის გამო სეზონი დაასრულა.

Sportall.Ge

ასოციაციის თასი: კონტეს დუბლი თუ...
შაბათს ინგლისური სეზონის ბოლო აკორდია: ასოციაციის თასის ფინალში "არსენალი" და "ჩელსი" იპაექრებენ. ცოტა ხნის წინათ, ანტონიო კონტეს გუნდმა პრემიერლიგა მოიგო და ახლა დუბლის შანსი აქვს. ყოველი ტიტული რაღაცნაირად ადუნებს ფეხბურთელებს, მაგრამ კონტე ის მწვრთნელია, გამარჯვებებით რომ ვერ დაანაყრებ და, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არც ფეხბურთელებს მისცემს. "ჩელსი" სეზონის ბოლო მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

რაც შეეხება "არსენალს", აქ გაცილებით რთულადაა საქმე. რამდენად ჩაეთვლება არსენ ვენგერს რეაბილიტაციად შესაძლო გამარჯვება, ძნელი სათქმელია. პირველად, ბოლო 20 წლის განმავლობაში "არსენალი" ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში და ეს დიდი დარტყმაა კლუბის სალაროსთვის. გამოდის, რომ "მეთოფეებს" ძალიან გაუჭირდებათ ალექსის სანჩესის შენარჩუნება...
"არსენალის" ფანები უნდობლობას უცხადებენ კლუბის აქციების 67 პროცენტის მფლობელ სტენ კროენკეს და მხარს უჭერენ ალიშერ უსმანოვს, რომელიც თავისი წილის (30 პროცენტი) გაზრდას ცდილობს და საამისოდ, კროენკეს უკვე შესთავაზა 1 მილიარდი გირვანქაც, მაგრამ ამერიკელი ბიზნესმენი ჯერჯერობით, უარზეა. შაბათს ორივე "უემბლიზე" იქნება და... ვნახოთ..

"არსენალი" სხვა პრობლემებითაც ხვდება ფინალს. ცენტრალურ მცველ შკოდრან მუსტაფის არ უვარჯიშია მას მერე, რაც 16 მაისს, "სანდერლენდთან" მატჩის დროს, თავში მძიმე დარტყმა მიიღო. თუმცა ვენგერს იმედი აქვს, რომ გერმანიის ნაკრების უკანახაზელს მაინც დაიხმარს ფინალისთვის.
ტრავმირებულია მარჯვენა მცველი გაბრიელ პაულისტაც, ხოლო ლორან კოსიელნი დისკვალიფიკაცირებულია "ევერტონთან" პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში გაძევებისთვის.

აქედან გამომდინარე, ვენგერს დაცვის მთავარ ფიგურად რჩება პერ მერტეზაკერი, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ 37 წუთი აქვს ნათამაშები. თუმცა გერმანელი ირწმუნება, რომ ფინალისთვის 100 პროცენტით მზად არის.
ერთადერთი კარგი ამბავი ის თუა, მცველმა კირან გიბსმა ვარჯიში რომ განაახლა და ვენგერს ისღა დარჩენია, ძირითად შემადგენლობაში ამ 26 წლის ფეხბურთელზეც გააკეთოს გათვლა.

აღსანიშნავია, რომ "არსენალს" 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს (ყველა ტურნირზე), ხოლო "ჩელსის" - 7-მატჩიანი. "ჩელსიმ" ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" წააგო 16 აპრილს, ხოლო "არსენალი" ჩრდილონდონურ დერბიში დამარცხდა "ტოტენჰემთან" 30 აპრილს.

Sportall.Ge

კოპა დელ რეი: ლუის ენრიკეს და კალდერონის ბოლო
შაბათს "ვისენტე კალდერონზე" უკანასკნელი საფეხბურთო მატჩი გაიმართება - ეს სიტყვები, ალბათ, უკვე რამდენჯერმე წაიკითხეთ - "ატლეტიკომ" უკანასკნელად ითამაშა ევროსარბიელზე ამ სტადიონზე... "ატლეტიკომ" უკანასკნელად ითამაშა ლა ლიგაში... მაგრამ ეს მართლაც ბოლო თამაშია, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს მადრიდული კლუბი.

ესპანეთის თასის ფინალში ფავორიტი "ბარსელონა" ბასკურ "ალავესს" ხვდება. ამ შეხვედრაში უკანასკნელად გაწვრთნის კატალონიურ გრანდს ლუის ენრიკე და შეეცდება, "ბარსას" კოლექცია კიდევ ერთი ტიტულით გაამდიდროს და თავისი 3-წლიანი კარიერა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში მაღალ ნოტზე დაასრულოს. ესპანეთის თასისთვის მატჩი უკვე 115-ედ იმართება.

"ბარსელონასთვის" ეს მე-40 ფინალია და ამით კლუბი რეკორდსმენი ხდება, რადგან აქამდე მას და "რეალს" 39-39 ფინალი უთამაშიათ. აქედან "ბარსამ" 28 ტიტული მოიგო (რაც ასევე სარეკორდო რაოდენობაა). "ბარსა" უკვე ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და თუ მოიგებს, თასს ზედიზედ მესამედ დაისაკუთრებს. ამ შემთხვევაში, ლუის ენრიკე თასზე 100%-იანი შედეგით ვალმოხდილი წავა გუნდიდან.

სრული კონტრასტია "ბარსას" მეტოქე "ალავესი", რომლისთვისაც აქამდე ყველაზე დიდი ფინალი უეფას თასის ფინალი იყო 2001 წელს, როცა გუნდი გიჟურ მატჩში "ლივერპულთან" 4:5 დამარცხდა. ამის შემდეგ "ალავესს" არანაირ ფინალში არ უთამაშია. ბასკური კლუბი სულ პირველად არის კოპა დელ რეის ფინალში.

"ბარსელონას" ბანაკში ტრავმა მიიღო ლუის სუარესმა, რომელიც ახლა 15 დღეს იძულებით დაისვენებს, მაგრამ ურუგვაელი ფინალში მაინც ვერ ითამაშებდა დისკვალიფიკაციის გამო. ამავე მიზეზით არ იქნება "კალდერონზე" სერხი რობერტო. ასე რომ, სუარესის ტრავმა მხოლოდ ურუგვაის ნაკრების მესვეურებს თუ დააღონებს, ახლა ფორვარდი ნაკრების ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს.

"ბარსელონას" ტრავმის გამო, ალეიშ ვიდალი და რაფაელ ალკანტარა დააკლდებიან. საეჭვოა ხავიერ მასკერანოს, ჟერემი მატიოსა და ჟერარდ პიკეს თამაში. მასკერანო და პიკე ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ალბათ, უფრო შეძლებენ მოედანზე გასვლას. "ალავესს" არ ეყოლება ბრაზილიელი ელი, ლიამასი, გალილეა და შესაძლოა, არც ლაგვარდია.

"კალდერონზე" თასი ყველაზე მეტჯერ ისევ "რეალსა" და "ბარსას" მოუგიათ -3-3-ჯერ. ასე რომ, "ბარსას" კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეუძლია, რომელსაც ვეღარავინ გაიმეორებს.

სხვათა შორის, მასპინძელი გუნდი ფორმალურად "ბარსაა", მაგრამ გუნდმა საშინაო ფორმას ისევ საგარეო ამჯობინა და თავისი მომწვანო მაისურებით გავა "ვისენტე კალდერონზე".

რაიან გიგზსა და მაქსველს 36-36 ტიტული აქვთ კარიერაში მოპოვებული (საკლუბო ტიტულებს ვგულისხმობთ), ვიტორ ბაიას - 35, დანი ალვეშს - 33. მათ მერე მოდის ანდრეს ინიესტა, რომელსაც აქვს შანსი კარიერაში თავისი 33-ე დიდი ტიტული (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი, ევროთასი) მოიგოს. ამით კი ის ყოფილ თანაგუნდელ ალვეშს გაუტოლდება და გიგზისა და მაქსველის რეკორდამდე 3 დარჩება (თუმცა მაქსველს ამ დღეს შეუძლია 37-ე ტიტულის მფლობელი გახდეს პსჟ-სთან ერთად).

Sportall.Ge

გერმანიის თასი: როისი აფრთხილებს
ბერლინის "ოლიმპიაშტადიონი" გერმანიის საფეხბურთო სეზონის ფინალურ მატჩს მასპინძლობს - თასის ფინალში ფრანკფურტის "აინტრახტი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება. ეს გერმანიის თასის 74-ე გათამაშების ფინიშია. თუკი ფრანკფურტელთათვის ეს პირველი ფინალია 2006 წლის შემდეგ, "დორტმუნდი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში.

ოღონდ, საქმე ისაა, რომ წინა სამი წააგო. "აინტრახტისთვის" აქ გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ნიკო კოვაჩის გუნდი ამით ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს, ჩემპიონატში "აინტრახტი" მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, ბერლინელები "დორტმუნდის" მხარეს იქნებიან, რადგან ამ შემთხვევაში "ჰერტა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაჯდება, იხეირებს "ფრაიბურგიც", რომელიც ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

ორგანიზატორებმა გუნდებს 21-21 ათასი ბილეთი გაუნაწილეს. პუბლიკას შესვენებაზე მომღერალი ჰელენ ფიშერი გაართობს.

"ფრანკფურტი" ჩვენ უბრძოლველად არაფერს დაგვითმობს. სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე უნდა ვითამაშოთ, რომ ტიტულს შევწვდეთ. ის, რომ პრესაში "დორტმუნდი" ფავორიტად მიიჩნევა, მერწმუნედ, მოედანზე არაფერს ნიშნავს, ერთი წამითაც არ შეიძლება მოდუნება", - აცხადებს მარკო როისი.

"აინტრახტი" საშინელ ფორმაშია, ბოლოს გუნდმა სწორედ თასზე მოიგო "გლადბახთან" და ისიც პენალტების სერიის წყალობით, მას მერე თვეზე მეტი გავიდა. აი, "დორტმუნდს" კი "მონაკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ აღარ წაუგია. ის მარცხი კი 19 აპრილით თარიღდება. თომას ტუხელს ფინალში არ ეყოლება მარიო გიოტცე, ანდრე შიურლე და იულიან ვაიგლი.

ამ უკანასკნელმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მძიმე ტრავმა მიიღო და 3-4 თვის გამოტოვება მოუწევს. საინტერესო იქნება, ვინ შეცვლის საყრდენის პოზიციაზე ვაიგლს, რომელიც ხშირად 4-1-4-1 ტაქტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა. "აინტრახტს" დააკლდებიან: ჰასებე, მასკარელი, შტენდერა, ვოლფი და ალბათ, ორდონიესიც.

Sportall.Ge

საფრანგეთის თასი: მეასე
დაბოლოს, კიდევ ერთი ფინალი გაიმართება "სტად დე ფრანსზე", სადაც უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენი" უპირობო ფავორიტია "ანჟერთან" დაპირისპირებაში. ემერიმ ამ სეზონში მხოლოდ საფრანგეთის ლიგის თასის მოგება შეძლო, რაც ძალიან ცოტაა ასეთი კლუბისთვის. ასე რომ, ბასკმა სპეციალისტმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს ქვეყნის თასიც, თუკი პსჟ-ში მუშაობის გაგრძელება სურს.

შეხვედრის აუტსაიდერი "ანჟერი" საფრანგეთის თასის ფინალში მეორედ თამაშობს, პირველად - 60-წლიანი პაუზის შემდეგ. 1957 წელს ეს გუნდი თასის ფინალში "ტულუზთან" საჩოგბურთო ანგარიშით - 3:6 - დამარცხდა. პსჟ-სთვის კი ეს მე-15 ფინალია, წინა 14-დან პარიზულმა კლუბმა 10 მოიგო. კიდევ ერთი ტიტული მას საფრანგეთის რეკორდსმენად აქცევს (განსხვავებით ჩემპიონატიდან).

ემერის ფინალში არ ეყოლება კურზავა და მონიე, საეჭვოა კრიხოვიაკის, ბენ არფას, ტიაგო სილვასა და ვერატის თამაშიც. როგორც ხედავთ, საკმაოდ სერიოზული დანაკლისია (თუ ზემოთჩამოთვლილები მართლაც ვერ ითამაშებენ). "ანჟერს" ანდრეუ და ბამბა არ ეყოლება.

აქვე ვთქვათ, რომ ამით საფრანგეთის თასის საიუბილეო, მე-100 გათამაშება დასრულდება.

Sportall.Ge

იტალია. სერია A. ბოლო ტური
შაბათი. 27 მაისი
ატალანტა-კიევო 20:00
ბოლონია-იუვენტუსი 20:00

კვირა. 28 მაისი
კალიარი-მილანი 17:00
რომა-ჯენოა 20:00
სამპდორია-ნაპოლი 20:00
პალერმო-ემპოლი 22:45
კროტონე-ლაციო 22:45
ფიორენტინა-პესკარა 22:45
ტორინო-სასუოლო 22:45
ინტერი-უდინეზე 22:45

ბომბარდირები: 28 - ედინ ჯეკო (რომა); 27 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო).

ინგლისი. ასოციაციის თასი. ფინალი
შაბათი. 27 მაისი
არსენალი-ჩელსი 20:30

ესპანეთი. კოპა დელ რეი. ფინალი
შაბათი. 27 მაისი
ბარსელონა-ალავესი 23:30

გერმანია. თასი. ფინალი
შაბათი. 27 მაისი
აინტრახტი-დორტმუნდი 22:00

საფრანგეთი. თასი. ფინალი
შაბათი. 27 მაისი
ანჟერი-პსჟ 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული