ყველამ კარგად იცის, რომ იოახიმ ლიოვმა ბევრი თავისი დიდი ვარსკვლავი სამშობლოში დატოვა და რუსეთში ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს. ამის მიუხედავად, ბუნდესგუნდი ერთ ნაბიჯზეა ფინალთან და მექსიკასთან ნახევარფინალშიც ფავორიტად მიიჩნევა. ახალი ვარსკვლავები ნელ-ნელა იკიდებენ ფეხს გერმანიის ნაკრებში. კაპიტანმა იულიან დრაქსლერმა დაამტკიცა, რომ საჭირო კაცია გუნდში, ხოლო ასევე ახალგაზრდებმა, ტიმო ვერნერმა და ლარს შტინდლმა 2-2 გოლი გაიტანეს ამ ტურნირზე.
გერმანია ფავორიტია, მაგრამ "ელ ტრი"
მექსიკისა და გერმანიის ნაკრებს აქამდე ათჯერ უთამაშიათ, ბოლო დაპირისპირება კი 12 წლის წინანდელია, ამავე ტურნირზე. იმ შეხვედრაში ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ხოლო მიხაელ ბალაკის გოლმა დამატებით დროში გერმანიას კონფედერაციათა თასის ბრინჯაო მოუტანა.
ლიოვი ხშირად მიმართავდა თავისი ახალგაზრდული შემადგენლობის როტაციას. ასე რომ, შემადგენლობის გამოცნობა ძნელია. ტიმო ვერნერი იმედოვნებს, რომ სასტარტოში ადგილს ბოლო მატჩში დუბლის წყალობით შეინარჩუნებს. დაცვის ცენტრს დაუბრუნდება შკოდრან მუსტაფი.
ხავიერ ერნანდესი ინდივიდუალურად ემზადებოდა მცირე ტრავმის გამო, მაგრამ დიდი ალბათობით, ჩიჩარიტო თამაშს შეძლებს. ანდრეს გუარდადო დისკვალიფიცირებულია, დიეგო რეიესი კი - ტრავმირებული.
ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა): "გერმანიის ნაკრები არის ახალგაზრდული გუნდი? მოდი, ვნახოთ - მათი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰენრიხსია, ის 20 წლისაა. უმეტესობა კი 23-25 წლისაა. მათ უკვე 100 და მეტი თამაში აქვთ უმაღლეს დონეზე გამართული. უთამაშიათ ნაკრებში. როგორ შეიძლება მუდამ მათ ახალგაზრდულ და გამოუცდელ გუნდზე ლაპარაკი? გერმანიის ნაკრებში არის დრაქსლერი, რომელსაც დებიუტი მაღალ დონეზე უკვე 16 წლის ასაკში ჰქონდა, ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელია. ეს უბრალოდ საოცარია. ჩვენ გვინდა ასეთი გუნდებისგან ვისწავლოთ, გერმანიის ნაკრები შემთხვევით არ გამხდარა მსოფლიოს ჩემპიონი".
იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ჩვენი მეტოქე ძალზე ძლიერია. არ გველის იოლი დაპირისპირება. ეს უკვე აღარ არის კამერუნისა და ავსტრალიის კალიბრის გუნდი. მექსიკას შეუძლია იამაყოს თავისი ეროვნული ნაკრებით. მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებსაც უკეთ თამაში სურთ. შეიცვლება ტაქტიკა წინა მატჩებთან შედარებით და, ალბათ, შემადგენლობაც.
ჩვენთვის კონფედერაციათა თასი მნიშვნელოვანი ტურნირია. მე მინდოდა, რუსეთში მოგებებზე დამშეული გერმანია მენახა და ასეც არის. გუშინ ერთად ვუყურეთ, როგორ გავიდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ფინალში და გავიხარეთ, ხვალ კი ჩვენი ჯერია".
ხუთშაბათი. 29 ივნისი
გერმანია-მექსიკა 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - გინტერი, მუსტაფი, რიუდიგერი - კიმიხი, გორეტცკა, ჯანი, ჰექტორი - შტინდლი, დრაქსლერი - ვერნერი
მექსიკა (4-3-3): ოჩოა - ლაიუნი, არაუხო, მორენო, ალანისი - ჯონათან დოს სანტოსი, ე. ერერა, რეიესი - ხიმენესი, ხ. ერნანდესი, ველა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"