მოვკვდები და ამ შეცდომას გამოვასწორებ! - ცნობილი საფეხბურთო მონანიებები

AutoSharing Option
ფეხბურთი და შეცდომა განუყოფელია. შემცდარან დიდი ვარსკვლავებიც კი. ბოლო, ძალიან დასანანი შეცდომა კონფედერაციათა თასზე ჩილელ მარსელო დიასს მოუვიდა. ამ შეცდომას გერმანელთა გამარჯვების გოლი მოჰყვა. დიასმა ჩილელი ხალხის სახელზე წერილი დაწერა. გთავაზობთ მას და ყველაზე ცნობილ მონანიებებს მსოფლიო ფეხბურთის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

დიასის წერილი
"ძვირფასო ჩილელებო! ამ ჩემთვის ურთულეს მომენტში მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისათვის. ერთ ისტორიას მოვყვები: თითქმის 14 წლის წინათ, ჩემს ცხოვრებაში მოხდა ყველაზე სევდიანი ამბავი.

ეს იყო ჩემი ძმის სიკვდილი. ახლა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში მოხდა ყველაზე სევდიანი
ისტორია. ჩემი საშინელი შეცდომის გამო, ჩილემ ვერ მოიგო კონფედერაციათა თასი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი ვერ მიაყენებს იმხელა ტკივილს ადამიანს, როგორსაც - ცხოვრება. თურმე, ვცდებოდი. ახლა მე ვტირი, როგორც 14 წლის წინ და ეს შეგრძნება ცხოვრების ბოლომდე გამყვება. მე ისიც მესმის, რომ უნდა წამოვდგე, რადგან ცხოვრება შექმნილია მამაცი ადამიანებისათვის. ვფიქრობ, მეც ვარ ერთ-ერთი მათგანი.

ყველას მადლობელი ვარ, ვინც მხარი დამიჭირა - მთელი ნაკრების, ჩილელი ხალხის. ვინც ერთი თბილი სიტყვა მაინც მომწერა. მე ვამაყობ, რომ ამ დიდებული ნაკრების ნაწილი ვარ. მოვკვდები და ამ შეცდომას გამოვასწორებ. გაუმარჯოს ჩილეს! თქვენი მარსელო დიასი!"

იკერ კასილიასი
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები 1:5 განადგურდა ჰოლანდიასთან, იკერ კასილიასს ბევრმა ამ შეხვედრის ანტიგმირი უწოდა. მართლაც, ვეტერანმა მეკარემ ხელი შეუწყო რობინ ვან პერსისა და არიენ რობენს გატანილ გოლებში.

"სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ - მე ეს შეხვედრა ჩავაგდე. ვიღებ კრიტიკას ბოლომდე და ვიწყებ მომზადებას მომდევნო შეხვედრისათვის. საშინელი მატჩი ჩავატარე, რისთვისაც პატიება უნდა ვითხოვო. მეტოქესაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა - მათ შესანიშნავად ითამაშეს. დიდი იმედი მაქვს, ქომაგები კვლავ ჩვენს გვერდით იქნებიან". - თქვა კასილასმა.

გრაციანო პელე
იტალიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს მას შემდეგ გამოეთიშა, რაც თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა გერმანიასთან. ამ შეხვედის ანტიგმირებად იქცნენ გრაციანო პელე და სიმონე ძაძა. ორივე მათგანმა ისე შეასრულა თერთმეტმეტრიანი, როგორც ნამდვილ "პიჟონს" შეჰფერის.

"მთელი იტალიის, მათ შორის, ნაკრებისა და სამწვრთნელო შტაბის წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადო. უნდა გამეტანა თერთმეტმეტრიანი და ეს რომ გამეკეთებინა, ნაღდი ფენომენი ვიქნებოდი. აქ ჩამოვედი, როგორც არავინ და მივდივარ, როგორც არავინ. მე ყოველთვის თავს ვდებ იტალიის დროშისათვის. რაც შეეხება დარტყმის სტილს, თავში აზრადაც არ მომსვლია ნოიერის დამცირება. მე მინდოდა, მხოლოდ დამებნია ის." - აღნიშნა პელემ.

სერხიო ასენხო
მიმდინარე წელს ევროპალიგაზე "რომამ" 4:0 მოუგო "ვილიარეალს". ამ შეხვედრაში ცუდად ითამაშა ესპანური გუნდის მეკარემ, სერხიო ასენხომ. ორი გოლი მის სინდისზეა. თამაშის დასრულების შემდეგ ასენხომ თქვა: "ეს არის ჩემი ყველაზე ცუდი დღე მას შემდეგ, რაც "ვილიარეალში" ვთამაშობ. თავის მართლებას ვერ დავიწყებ. მხოლოდ ის დამრჩენია, რომ თავი ჩავღუნო და ბევრი ვიმუშაო."

მარკო სტორარი
2012 წელს "იუვენტუსმა" თასის ფინალი წააგო "ნაპოლისთან". ამ ტურნირზე "ბებერი ქალბატონის" კარს სწორედ სტორარი იცავდა, 0:0 - ზე მარკო კარიდან გამოვარდა და ესეკიელ ლავეცი წააქცია. არადა, ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. "ნაპოლიმ" თერთმეტმეტრიანიდან შეაგდო პირველი გოლი.

"მე დავუშვი უხეში შეცდომა და ახლა ყველას პატიებას გთხოვთ. დიდი იმედი მაქვს, მექნება ამ შეცდომის გამოსწორების შანსი. თქვენი მარკო." - ასე მოიბოდიშა სტორარიმ ნამატჩევს.

ანდრეს პალოპი
2010 წელს ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიამ" 1:2 წააგო მოსკოვის ცსკა-სთან. ანდრეს პალოპი შეცდა - მან კეისუკე ჰონდას საჯარიმოს შემდეგ იოლად ასაღები ბურთი გაუშვა.

"მე ვიხდი ბოდიშს. ეს აუცილებელია, როცა ამდენ ხალხს წყვეტ გულს. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და მე თქვენ ის ჩაგამწარეთ. გიხდით ათას ბოდიშს." - განაცხადა პალოპმა თამაშის დასრულების შემდეგ.

კახა კალაძე
იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა 0:2 წააგო, კახა კალაძემ კი ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა. "ჩემი გუნდი მთელი გულით თამაშობდა. ვითხოვ პატიებას. ეს ჩემი დანაშაულია და გული მტკივა." - თქვა კახამ თამაშის დასრულების შემდეგ.

ეურელიო გომეში
2015 წელს "უოტფორდმა" 1:2 წააგო "ლესტერთან". გომეში ორჯერ შეცდა. ჯერ ნგოლო კანტეს სუსტად დარტყმულს ვერ გაუმკლავდა, მერე კი ჯეიმი ვარდიზე დაარღვია თამაშის წესი და მან პენალტი გოლად აქცია.

"ბოდიშს ვიხდი ქომაგის, ფეხბურთელებისა და მწვრთნელის წინაშე. მე თქვენ დაგაღალატეთ და დღეს ძალიან მოწყენილი ვარ ამის გამო." - აღნიშნა ბრაზილიელმა მეკარემ.

ჯანლუიჯი ბუფონი
დიდმა მეკარემ ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბებერმა ქალბატონმა" ნახევარფინალში 0:2 წააგო "ბაიერნთან". ბუფონმა პირველი გოლი დავიდ ალაბას ძალიან შორეული დარტყმის შემდეგ გაუშვა. ფრანც ბეკენბაუერმა ჯიჯის ამ შეცდომის გამო "პენსიონერი" უწოდა.

"მე ძალიან დამწუხრებული ვარ, იმ გოლმა ჩვენი გუნდის თამაში მოშალა. ბოდიშს ვუხდი გუნდს და ქომაგებს. ბეკენბაუერის სიტყვები? მე არ გავაკეთებ მათზე კომენტარს - ის მოხუცი და ბრძენი ადამიანია".

მეორე შეხვედრის შემდეგ, რომელიც ისევ "ბაიერნმა" მოიგო, ბუფონმა ერთხელაც მოიბოდიშა. "ჩვენ ჩვენი ფეხბურთის თამაში ვცადეთ და თამაშში მთელი ენერგია ჩავდეთ. უბრალოდ, დღეს "ბაიერნი" უკეთესი იყო. კიდევ ერთხელ ბოდიში იმ შეცდომისათვის, რომელიც პირველ შეხვედრაში დავუშვი."

იგორ აკინფეევი
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე რუსეთმა ფრედ ითამაშა სამხრეთ კორეასთან. იმ მატჩს ჩრდილოელები ალბათ მოიგებდნენ, იგორ აკინფეევს უხეში შეცდომა რომ არ დაეშვა კორეელი ფეხბურთელის შორეული დარტყმის შემდეგ. "ეს იყო ბავშვური შეცდომა. ნაკრების მეკარე ასეთ გოლს არ უნდა უშვებდეს. ეს აღარ განმეორდება." - დადო პირობა აკინფეევმა, მაგრამ კონფედერაციათა თასზე არანაკლები შეცდომა დაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული