ანტილენონიზმი

AutoSharing Option
„სელტიკის“ თავკაცი ნილ ლენონი დაზაფრული და გაოგნებული დარჩა - ოთხშაბათს, მას თავს დაესხნენ.

გლაზგოელთა მწვრთნელის ასისტენტმა, შვედმა იოჰამ მოლბიმ კი შიში ვერ დამალა. ის შიშობს, რომ თუ ასე გაგრძელდა ლენონის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

ეს ამბავი ედინბურგში მოხდა, სადაც „სელტიკი“ „ჰართსს“ ეწვია და 3:0 მოუგო. თუმცა, გულშემატკივარი სტუმართა გუნდის თავკაცს შეხვედრის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე, მეორე ტაიმის დასაწყისში, „სელტიკის“ მეორე გოლის შემდეგ დაესხა. შეგახსენებთ, რომ ლენონს ამ სეზნში ემუქრებოდნენ, ლანძღავდნენ და მავანმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი პაკეტიც კი გაუგზავნა.

კაცმა
რომ თქვას, გამარჯვებამ „სელტიკს“ ჩემპიონობის შანსი შეუნარჩუნა. ის „რეინჯერსს“ ერთი ქულით ჩამორჩება და ჩემპიონატის დამთავრებამდეც ერთი ტურია დარჩენილი. „სელტიკი“ ბოლო დღეს „მოზერუელს“ მასპინძლობს“, „რეინჯერსი“ კი კილმარნოკში მიდის.

„ჰართსთან“ შეხვედრაში გლაზგოელთაგან თავი გერი ჰუპერმა და კრის კომონსმა გამოიჩინეს. ჰუპერმა ორი გოლი გაიტანა. კიდევ, „ტაინკესტლ სთედიუმზე“ ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გააგდეს. ედინბურგელები უგანდელი მოთამაშის, ნებისმიერ პოზიციაზე გამოსადეგი, 27 წლის დავიდ ობუას გაძევებამ გააბრაზა. ობუა „სელტიკის“ 25 წლის მცველ ჩარლი მალგრიუზე ხელის აწევის გამო გაუყენეს გასახდელის გზას. „სელტიკიდან“ კი მესამე გოლის ავტორ კომონსს მოუხდა მოედნის ნაადრევად დატოვება - ბურთი კარში რომ შეაგდო მასპინძელთა ქომაგების გასაღიზიანებლად, მათ წინ მორთო ზეიმი, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი ამოუღეს.

თუმცა, ეს ყველაფერი ლენონზე თავდასხმამ გადაჩრდილა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შოტლანდიურ ფეხბურთში რაღაც მოიშალა და ჩვეულებრივმა საფეხბურთო ჯიბრმა მასშტაბები შეიცვალა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ზემოთ ნახსენები მოლბი წარსდგა და ასე ბრძანა:

„იმის შემყურე, რაც უკვე მოხდა, ადამიანს უფრო მეტი შიში გიჩნდება. ვინ იცის რა შეიძლება ეჭიროს ასეთ თავდამსხმელს ხელში. მოკლედ, ლენის უსაფრთხოებაზე სერიოზულად ვშფოთავ.

ჯერჯერობით ნილი გაოგნებულია. არაფერი სჭირს, მაგრამ ვერ დაუჯერებია, რომ ასეთი რამ გადახდა. დავიცადოთ, ვნახოთ რა რეაქცია ექნება შემდეგ. რასაკვირველია, ის ძალიან კმაყოფილია, რომ გუნდმა მოიგო და საქმე ბოლო დღემდე მიიყვანა. ნილ ლენონი ძლიერი პიროვნებაა. მე მას კარგად ვიცნობ და გარწმუნებთ, ის „სელტიკის“ თამაშს კიდევ უფრო დახვეწავს. ამაში ყველანი დარწმუნდებით. ჩვენ, მთელი კლუბი, მთელი სამწვრთნელო შტაბი, ვნატრულობთ, რომ ის თანამდებობაზე დასტოვონ.

მართალია, მე არ გამიგია ვინმე ლენონს რაიმეს რომ აბრალებდეს, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს, უსამართლობა იქნება. მას ერთი მცდარი გადაწყვეტილებაც კი არ მიუღია. ლენის ძალიან უყვარს თავისი საქმე და მთლიანად მასშია გადაშვებული“.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სქოთთა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბევრი კონფლიქტი მოხდა, რამაც ქვეყნის ფეხბურთის ხელმძღვანელები გამოსავალზე დააფიქრა. მათ „ტაინკესტლ სთედიუმზე“ მომხდარის შემდეგაც გადაწყვიტეს ახალი თათბირის მოწვევა, მოლბიმ კი ბოლომდე გამოხატა თავისი ემოცია:

„დღეს შოტლანდიური ფეხბურთის მორიგი შავ-ბნელი დღე იყო. რაც მოხდა სამარცხვინო იყო. ასეთ დონეზე მსგავსი რამ არასდროს მინახავს. თვალის კუთხით დავინახე, რომ დაცულ ზონაში ვიღაც მოდიოდა, მაგრამ თამაშში ვიყავი ჩართული და ყურადღება არ მივაქციე. თუ არ ვცდები, პირველი, ვინც გონს მოეგო და თავდამსხმელის გაჩერება სცადა ალან ტომპსონი იყო. ალანმა მისი შებოჭვა სცადა.

ნილს ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, მუქარის წერილები მოსდიოდა და ამიტომ გაოგნდა. ასეთ რამეს აღარ ელოდა. ახლა უკვე გადაურა და ყველაფერი კარგად არის“.

თავისი პოზიცია „სელტიკის“ 26 წლის მცველმა მარკ უილსონმაც გამოთქვა.

„ჩვენი მწვრთნელი ძალიან ძლიერი პიროვნებაა იმისათვის, რომ ასეთმა ხულიგნობამ გატეხოს. მას ამ სეზონში ბევრი შემოტევის გადალახვა მოუხდა. არც კი მახსენდება რომელიმე სხვა მწვრთნელი, ამდენი რომ გადახდენოდა. საბედნიეროდ ნილი ყველა წინააღმდეგობას სძლევს და, როგორც ხედავთ, სეზონის ბოლო დღეს კვლავ თავის ადგილზეა“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული