ექვსი რეინჯერსული

AutoSharing Option
„რეინჯერსი“ ზედიზედ მესამედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, მაგრამ ის, რაც გლაზგოს გუნდს ბოლო ჩემპიონატში გადახდა, განსაკუთრებული გახლდათ. ბრიტანეთში ამბობენ, რომ გასულ უქმეებზე დამთავრებული სეზონი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. აქ, რასაკვირველია, იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ტიტულს ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „სელტიკი“ ეცილებოდნენ - ეს შოტლანდიაში ჩვეულებრივი ამბავია. აქ, საკუთრივ ჩემპიონატის დინამიკა, მოვლენების მონაცვლეობა გახლდათ განსაკუთრებული.

დავიწყოთ იმით, რომ პირველობა „რეინჯერსმა“ ზედიზედ 9 მოგებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ სურათი შეიცვალა - უოლტერ სმიტის არცთუ მრავალრიცხოვან გუნდს ტრავმები და წითელ-ყვითელი ბარათები დაუგროვდა,
რამაც მის შედეგებს დაასვა დაღი. ამას დაამატეთ, რომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, 31 წლის კენი მილერი იანვარში „ბურსასფორში“ გაყიდეს, 4 მილიონ ფუნტად ნაყიდი 25 წლის ხორვატი ნიკიცა იელავიჩი კი ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობდა. სეზონის გვარიანი მონაკვეთები გამოსტოვეს „რეინჯერსისთვის“ ისეთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ლი მაკალოხი, მაჯიდ ბუგერა და კაილი ლაფერტიც, მაგრამ გუნდმა მაინც გამოავლინა უტეხი სული და რამდენჯერმე „ფერფლიდან აღდგა“.

გაზეთმა „სანმა“ განვლილ ჩემპიონატს თვალი გადაავლო და ექვსი გადამწყვეტი შეხვედრა აღმოაჩინა.

11 სექტემბერი. ჰემილტონი-რეინჯერსი 1:2
„ნიუ დაგლას პარკზე“ სმიტის ბიჭები მასპინძლებმა წისქვილის ქვებში გაატარეს, მაგრამ მათ, რაღც მანქანებით მოახერხეს და შინ სამი ქულით დაბრუნდნენ. ამ შეხვედრაში „რეინჯერსის“ მაისურით პირველი გოლი იელავიჩმა გაიტანა, მაგრამ, მერე ბუგერამ თავის კარში შეაგდო. შეხვედრა ასეც უახლოვდებოდა დასასრულს, როდესაც მილერმა მაკალოხის პასით გამარჯვების გოლი შეაგდო.

26 სექტემბერი. აბერდინი-რეინჯერსი 2:3
„რეინჯერსს“ „პიტოდრიზე“ 2007 წლის იანვრის შემდეგ ერთხელაც არ მოეგო და ამ დღესაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოვლენები ისევ გლაზგოელთა საწინააღმდეგოდ განვითარდებოდა - თავიდან „აბერდინი“ 2:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა მეორე გოლი რომ გაიტანეს, შეხვედრის დაწყებიდან 30 წუთი იყო გასული. სტუმართა საბედნიეროდ, ეს ანგარიში მალევე შეიცვალა - მილერმა 34-ე წუთზე პენალტი გაიტანა. შესვენებიდან 7 წუთში იმავ მილერმა, რომელიც იმხანად შესანიშნავ ფორმაში იყო, ანგარიში გაქვითა, შემდეგ კი იელავიჩმა გამარჯვების გოლიც შეაგდო. თამაშის ბოლოს მასპინძლებს კრისტოფერ მეგუაირი გაუძევეს.

2 ოქტომბერი. ჰართსი-რეინჯერსი 1:2
რუდი სკაცელმა „ჰართსი“ შეხვედრის დასაწყისშივე დააწინაურა და ეს უპირატესობა მასპინძლებმა მე-80 წუთამდე შეინარჩუნეს. ბოლო 10-15 წუთში კი ბედმა სტუმრებს გაუღიმა - ჯერ შეცვლაზე შესულმა ლეფერტიმ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, მესამე დამატებულ წუთზე, სტივი ნეისმითმა გამარჯვებისა შეაგდო.

24 ოქტომბერი. სელტიკი-რეინჯერსი 1:3
სეზონის შვიდი „ოლდ ფირმიდან“ პირველი „რეინჯერსმა“ მოიგო. სურათი ამჯერადაც იგივე იყო - გოლი თავიდან სმიტის გუნდმა გაუშვა და მერეღა შეიბერტყა ყური. ანგარიში გლენ ლუვენსმა საკუთარ კარში გატანილი გოლით გაათანაბრა, რასაც მილერის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა, მესამე კი სტუმრებმა პენალტით გაიტანეს. თერთმეტმეტრიანი ისევ მილერმა შეაგდო, თუმცა ამ გოლს ხმაური მოჰყვა - დარღვევა არ ყოფილა კირკ ბროდფუდმა ისიმულანტაო.

10 აპრილი. ჰემილტონი-რეინჯერსი 0:1
ეს შეხვედრაც „კლასიკური“ სცენარით უნდა განვითარებულიყო, მაგრამ საქმეში „რეინჯერსის“ მეკარე, ალან მაკგრეგორი ჩაერია და დაგი იმრეს მე-17 წუთზე პენალტი აუღო. საინტერესოა, რომ ჩემპიონს გასულ სეზონში ასე საზიზღრად არც უთამაშია, მაგრამ, გამარჯვება მაინც მას დარჩა.
გამარჯვების გოლი კი ხორვატმა იელავიჩმა, დაახლოებით 20 მეტრიდან გაიტანა. როგორც გითხარით, „რეინჯერსი“ საძაგლად თამაშობდა და შესაბამისად, მასპინძლებს გოლის გატანის შანსები ჰქონდათ, მაგრამ სმიტის გუნდს ყისმათი აღმოაჩნდა.

24 აპრილი. რეინჯერსი-სელტიკი 0:0
ამ შეხვედრის გმირიც მეკარე მაკგრეგორი გახლდათ - მან „სელტიკის“ ბერძენ ვარსკვლავ გეორგიუს სამარასს 83-ე წუთზე (!) პენალტი აუღო. გოლი რომ გასულიყო, „სელტიკი“, რომელსაც თამაშით ნაკლები ჰქონდა, დიდ ფორას მიიღებდა, მაგრამ... არც გოლი გავიდა და ჩემპიონიც „რეინჯერსი“ გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული