"გალათასარაი" თავიდან იბადება!

AutoSharing Option
გახსოვთ, როგორ ბობოქრობდა „გალათასარაი“ ერთ დროს ევროპაში? არა, ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მაგრამ უეფას თასი კი მოიგო და ისიც გეხსომებათ, რომ სტამბულში ამ გუნდის წინააღმდეგ წარმატების მიღწევა ევროპის ნებისმიერ გრანდს ძალიან უჭირდა.

„გალა“ დიდი ხანია, ასეთი გუნდი აღარ არის, ამ სეზონში კი მორიგი კრახიც განიცადა: თურქეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, „გალათასარაი“ კი მე-9 ადგილზეა. მაგრამ ამიერიდან, თურქეთის ისტორიულ გრანდში ახალი ცხოვრება იწყება.

ყველაფერი რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის შეცვლით დაიწყო: უნალ აისალის სახით „გალას“ ახალი ბოსი ჰყავს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები
უდიდესი უპირატესობით მოიგო. ეს უკანასკნელი კი დიდი ფულის პატრონია, ახალი იდეები აქვს და გულშემატკივრებს ძალიან მაგარ რაღაცებს პირდება. აისალმა არჩევნების პირველ წრეში 1 905 ხმა მიიღო და პრეზიდენტი გახდა, რაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა. მის კონკურენტებს, თურჯაი ქირანსა და მეჰმეთ ჰელვაჩის შანსი არ ჰქონდათ. 1905 „გალათასარაის“ დაარსების წელია, რაც უკვე იყო სიმბოლური ნიშანი, მაგრამ აისალმა კიდევ 1083 ხმაც მიიღო, რითაც არჩევნები „გალათასარაისთვის“ სარეკორდო შედეგით მოიგო.

„ეს ნდობის ნიშანია, მე კი უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. წარმატება, წარმატება და წარმატება - ეს არის ჩემი მიზანი. „გალათასარაი“ ევროპის ელიტაში უნდა დავაბრუნო,“ - თქვა აისალმა არჩევნების შემდეგ.

ახალი პრეზიდენტის თქმით, ის ბოლო წლებში თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, რადგან დაუშვებელია, რომ „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონობისთვის არ იბრძოდეს და მით უმეტეს, სუპერლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებოდეს. აისალის თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც მინიმუმ ისე უნდა თამაშობდეს, როგორც 2000 წელს თამაშობდა, როცა უეფას თასი მოიგო.


გადაწყვეტილია: თერიმი მოდის!
პრეზიდენტის პირველი მიზანი ახალი მწვრთნელის დანიშვნა იყო. მის სიაში ბევრი სახელოვანი კანდიდატის გვარი ფიგურირებდა, მაგრამ აისალმა არჩევანი ყველაზე ცნობილ თურქ სპეციალისტზე, ფათიჰ თერიმზე შეაჩერა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ „იმპერატორი“ „გალაში“ მესამედ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ თერიმი „გალათასარაის“ პირველად 1996-დან 2000 წლამდე, მეორედ კი 2002-დან 2004 წლამდე წვრთნიდა. რომ არა თერიმი, „გალას“ თავკაცი ალბათ მარტინ იოლი გახდებოდა, რომელთანაც კლუბის წინა შეფებს შეთანხმება მიღწეული ჰქონდათ, მაგრამ გაპრეზიდენტების შემდეგ აისალმა თქვა, მწვრთნელი ის უნდა იყოს, ვინც აქაურ ატმოსფეროს კარგად იცნობსო და უპირატესობა „იმპერატორს“ მიანიჭა.


კენიონიც მზადაა
ფაქტობრივად გადაწყვეტილია ისიც, რომ კლუბის მართვა ახალი სტრუქტურით მოხდება, რომელსაც სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ბოსი, პიტერ კენიონი ჩაუდგება. ამ უკანასკნელის ბედს „გალას“ 2008 წელსაც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ შეთანხმება არ შედგა.

„ჩვენი მიზანია, კლუბს ჰქონდეს თანამედროვე სტრუქტურა, ისეთი, როგორიც ევროპის გრანდებს აქვთ, - აცხადებს აისალი, - ცხადია, „გალათასარაი“ პირველ რიგში სპორტული გუნდია, მაგრამ ეს კონცერნიცაა, რომელიც პროფესიონალებმა პროფესიონალურად უნდა მართონ.“


დროგბა და კალსტრიომიც?
ახალი პრეზიდენტი ქომაგებს ძვირადღირებული, სახელოვანი ფეხბურთელების ყიდვასაც პირდება. „მინიმუმ ოთხი-ხუთი ვარსკვლავი უნდა ვიყიდოთ, რადგან გვინდა, რომ გაისად თურქეთის ჩემპიონები გავხდეთ,“ - ამბობს აისალი. ჩვენი თურქი კოლეგების ინფორმაციით, „გალათასარაიში“ გადასვლის ნომერ პირველი კანდიდატი „ჩელსის“ კოტ დ’ივუარელი გოლეადორი დიდიე დროგბაა. ამ უკანასკნელის ყიდვის სურვილს თვითონ აისალიც ადასტურებს. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ „ბაიერნის“ თურქ ნახევარმცველ ჰამით ალთინთოფსაც უმიზნებს (თუკი ის „რეალში“ არ გადავა) და სხვა სასურველი მოთამაშეების გვარებიც ჩამოთვალა: იოჰან ელმანდერი (ბოლტონი) და კიმ კალსტრიომი (ლიონი).

ამავე დროს, აისალის თქმით, „გალათასარაის“ აქტუალური შემადგენლობის მინიმუმ ერთი მესამედი დატოვებს. მას აღარ სჭირდება ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჰარი კიუელი, ლუკას ნეილი, ემილიანო ინსუა და რობინსონ საპატა, რადგან მათ „გალათასარაიში“ იმედები ვერ გაამართლეს.

ეს ყველაფერი კარგია და საინტერესო, მაგრამ „გალათასარაის“ ძალიან დიდი ვალებიც აქვს. მაგალითად, ამ თვის ბოლოს კლუბმა 50-მილიონიანი კრედიტი ბოლომდე უნდა დაფაროს. თუმცა აისალს ეს არ აშინებს - ჩვენ ბევრი ვალი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებთო.

ერთადერთი, რაც მას არ მოსწონს, ისაა რომ რომან აბრამოვიჩს ადარებენ და მასთან აიგივებენ: „რომანი და მე ერთმანეთისგან მაგრად განსხვავდებით. მან „ჩელსი“ იყიდა და მისი ინტერესი ფინანსური წარმატებაა. მე კი პირველ რიგში კლუბის წარმატებაზე ვფიქრობ. „გალათასარაი“ ჩემი საკუთრება არ არის და მთელი ჩემი კაპიტალის დაბანდებას ნაღდად არ ვაპირებ. და სხვათა შორის, აბრამოვიჩი ჩემზე გაცილებით სიმპათიურია...“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული