გასული სეზონის 10 აღმოჩენა

AutoSharing Option
გასულმა სეზონმა არაერთი ახალი ვარსკვლავი წარმოაჩინა, რომელთა შესახებ მთელი სეზონის განმავლობაში ვწერდით და კიდევ ბევრჯერაც დავწერთ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ. გადავწყვიტეთ, ამჯერად სწორედ ის ათი ფეხბურთელი გაგაცნოთ, რომელთა შესახებაც სხვადასხვა მიზეზების გამო დღემდე ბევრი არაფერი გვითქვამს.

მათ შორის ბევრი მართლაც გამორჩეული მოთამაშეა. მაგალითად, ერთი 100 მილიონ ევროდაა შეფასებული, მეორე გუუს ჰიდინკის უსაყვარლესი ფეხბურთელი და შოთა არველაძის შეგირდია, მესამე პატრიკ კლუივერტის მოსწავლე გახლავთ და ა.შ.

პაბლო არმერო
24 წლის, უდინეზე
ეს კოლუმბიელი ფეხბურთელი სწორედ უდინურმა კლუბმა აღმოაჩინა.
არმერო იტალიაში ზუსტად ერთი წლის წინ, „პალმეირასიდან“ გადავიდა და „უდინეზეში“ 3-5-2 ტაქტიკურ სქემაში, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს, მთელი მატჩის განმავლობაში წინ და უკან დაუღალავად დარბის და შეტევებში უაღრესად აქტიურია. იტალიის ჩემპიონატის 31 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია. სეზონის წინ ბევრს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ არმერო ჩილელ მაურისიო ისლას ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებდა, ახლა კი, პირიქითაა. გაჩნდა ცნობები, რომ არმეროს ყიდვა „ლივერპულს“ უნდა.

„პაბლომ ამ სეზონში ყველა გაგვაოცა. მან უდიდესი პროგრესი განიცადა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ახლა „უდინეზე“ მის გარეშე უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია“, - ეს არმეროს თანაგუნდელის, იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის და გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, ანტონიო დი ნატალეს სიტყვებია.

ანრი ბიენვენიუ
22 წლის, იანგ ბოიზი
ეს ფეხბურთელი ევროპაში 2010 იანვარში გადავიდა და თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ნახევარი სეზონიც ეყო. ტუნისიდან ბერნში გადასულმა ბიენვენიუმ პოტენციალი 6 თვეში გამოავლინა. ამ სეზონში კი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერმა მოთამაშემ პროგრესი განაგრძო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასრულებული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენაა. ანრი ძალიან სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეა, ორივე ფეხს იდეალურად ხმარობს და წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. გასულ სეზონში მან 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი „ფენერბაჰჩეს“ და „ტოტენჰემის“ კარებშიც შეძლო გოლის გატანა. ამასთან, ბიენვენიუ კამერუნის ნაკრების ფეხბურთელია.

ტიბო კურტუა
19 წლის, გენკი
ზუსტად ერთი წლის წინ, როცა „გენკი“ ახალი სეზონისთვის ემზადებოდა, ახალგაზრდა მეკარემ კონკურენტს დუელი მოუგო და ბელგიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. მას მერე, კურტუას ერთი წუთიც კი არ გაუცდენია და „გენკის“ სენსაციური ჩემპიონობა მისი დამსახურებაცაა. სეზონის დასრულების შემდეგ, კურტუა ბელგიის წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს და ნაკრებშიც უხმეს. 19 წლის ტიბო ევროპის ერთერთ უნიჭიერეს კიპერად მიიჩნევა. მისი ერთადერთი ნაკლი ფიზიკური სისუსტეა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. გაირკვა, რომ მას ლონდონის „ჩელსის“ სკაუტები აკვირდებიან. გერმანულ პრესაში კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურტუა „შალკესაც“ სურს.

ჰალკი
24 წლის, პორტუ
ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ცნობილია, მაგრამ ჯერ კიდევ არ აფასებენ ისე, როგორც იმსახურებს. სიახლე ის არის, რომ „პორტუს“ ხელმძღვანელებმა ჰალკი 100 მილიონ ევროდ შეაფასეს. „პორტუში“ გატარებული ორი საშუალო სეზონის შემდეგ, ჰალკმა წელს ძალიან მოუმატა – 26 მატჩში 23 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამასთან, მის ანგარიშზე 16 საგოლე პასიცაა. 24 წლის ჰალკმა ევროპის ლიგაშიც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა: 6 გოლი, 5 პასი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფალკაოსთან ერთად, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო თავდასხმას ქმნის. მოკლედ, ჰალკმა თავისი ცაციით მთელი ევროპა აალაპარაკა.

სერდარ ქესიმალი
22 წლის, ქაისერი
შოთა არველაძის ახალგაზრდა შეგირდი, რომელიც ვუპერტალში დაიბადა, ამავე სახელწოდების კლუბში თამაშობდა, მერე „კიოლნის“ ღირსებას იცავდა, ახლა კი თურქეთის ჩემპიონატში ასპარეზობს. „ქაისერისპორში“ ის 2009 წელს, თოლუნაი კაფკასმა წაიყვანა, მაგრამ ამ სეზონამდე ისეთს ვერაფერს ახერხებდა, ყურადღების ცენტრში რომ მოხვედრილიყო. არველაძის ხელში კი, ქესიმალმა უდიდესი პროგრესი განიცადა. თურქეთის ნაკრებმა გერმანიასთან 0:3 რომ წააგო, მას მერე ქესიმალი ეროვნული გუნდის განუყოფელი ნაწილია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე გუუს ჰიდინკის ერთერთი უსაყვარლესი მოთამაშეა. ქესიმალის მთავარი პლუსები ორთაბრძოლების მოგების ნიჭი და მეორე სართულზე კარგი თამაშია. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სერდარი შვიდ მილიონად „ფენერბაჰჩეში“ გაიყიდება.

დამ ნ’დოიე
26 წლის, კოპენჰაგენი
როგორც ჩანს, 26 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა ბედნიერება „კოპენჰაგენში“ იპოვნა, რადგან სწორედ ამ კლუბში გაიხსნა. ნ’დოიე დანიურ გრანდში 2009 წელს გადავიდა და პირველ ორ სეზონში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. წელს კი, დანიის ჩემპიონის ფორმით 25-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის ბადის შერხევა და საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მიიღო. ნ’დოიემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩშიც შეძლო თავის გამოჩენა და არაერთი კლუბი დააინტერესა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: დამ ნ’დოიე სენეგალის ნაკრებში ჯერ არ გამოუძახიათ.

მუსა სოუ
25 წლის, ლილი
ამ სეზონამდე მუსა სოუს „რენში“ ჩატარებული ექვსი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 12 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც, დაგვეთანხმებით, თავდამსხმელისთვის ძალიან ცუდი შედეგია. შესაბამისად, ის ხშირად პირველი გუნდის განაცხადშიც არ შეჰყავდათ. სამაგიეროდ, სოუ „ლილში“ გაიხსნა: ამ სეზონში მან 25 გოლი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „ლილმა“ კი 57-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. მუსა სოუს გადაბირებისთვის ლონდონის „არსენალი“ იბრძვის.

მატიას სილვესტრი
26 წლის, კატანია
ეს ფეხბურთელი სიცილიურ კლუბში 2008 წლიდან თამაშობს, მანამდე კი, 6 წლის მანძილზე „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში ასპარეზობდა. „კატანიას“ მცველმა ეს სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია. სილვესტრი ფიზიკურად ძლიერი, ორთაბრძოლებისთვის იდეალური და ძალიან სანდო მცველია. რაც ყველაზე საინტერესოა, არგენტინელი ისეთი უკანახაზელია, რომელიც სტანდარტული მდგომარეობების დროს მეტოქე გუნდის კართან ძალიან სახიფათოა (6 გოლი გასულ სეზონში). შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე მზადაა რომელიმე ტოპ-კლუბში გადასვლისთვის.

სილვიო
23 წლის, ბრაგა
ფეხბურთელი, რომელიც „ბენფიკას“ აღზრდილია, თუმცა ლისაბონურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და რამდენიმე საფეხურის შემდეგ „ბრაგაში“ აღმოჩნდა, სადაც თავისი ადგილი იპოვნა. შეუძლია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში, ფიზიკურად ძლიერი და ზომიერად აგრესიული ფეხბურთელია. ევროპის ლიგაში „ბრაგამ“ წარმატებით რომ იასპარეზა, ეს სილვიოს დამსახურებაცაა, რომელსაც არც ერთი წუთი არ გაუცდენია. 2010 წლის სექტემბერში 23 წლის მცველს პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მომდევნო სეზონში კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას დაიცავს.

ბიორნ ვლემინკი
25 წლის, ნიიმეგენი
რამდენიმე წლის წინ ბიორნ ვლემინკი ბელგიაში უდიდეს ტალანტად მიიჩნეოდა, იმედები კი საკმაოდ გვიან, მხოლოდ ამ სეზონშიღა გაამართლა. ბელგიის მეორე ლიგაში რამდენიმე კლუბის გამოცვლის შემდეგ ის „ნიიმეგენში“ მოხვდა, სადაც ცნობილი ჰოლანდიელი თავდამსხმელის, პატრიკ კლუივერტის ხელმძღვანელობის ქვეშ ვარჯიშობს. ვლემინკი 23 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ბელგიის ნაკრებშიც მუდმივად იძახებენ. ახალი სეზონიდან ის „ბრიუგეში“ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული