ევროპის ჩამოფასებული ვარსკვლავები

AutoSharing Option
გასულმა სეზონმა არაერთი ცნობილი გუნდი შეიწირა. თვითონ განსაჯეთ, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატების უმაღლესი ლიგებიდან ისეთი გუნდები გავარდნენ, როგორებიც არიან „ვესტ ჰემი“, ლა კორუნიის „დეპორტივო“, გენუის „სამპდორია“, რომელიც სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ცდილობდა და მიზანთან ძალიან ახლოსაც იყო და „მონაკო“.

ამ გუნდებში კი ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც მეორე დივიზიონში ასპარეზობა ნაღდად არ ეკადრებათ. მაგალითად, გამორიცხულია, რომ სკოტ პარკერმა ან დავიდ ტრეზეგემ ქვედა დივიზიონში ითამაშონ.

ფაქტია, ასეთ მოთამაშეებს ქვედა ლიგებში სათამაშოდ ვერავინ გაწირავს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი
ფასი ძალიან დაბალი იქნება.

გაინტერესებთ, რას საქმიანობს ან რას აპირებს ერთ დროს ევროპის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი ვალერონი? ან ვინ გადაიბირებს ფეხბურთელს, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა? მივყვეთ თანმიმდევრობით.

ინგლისი
ნიკოლა ჟიგიჩი
30 წლის, „ბირმინგემი“
სერბ თავდამსხმელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. როგორც კი გაირკვა, რომ გუნდი პრემიერლიგიდან ვარდებოდა, „ბირმინგემის“ ბოსმა პიტერ პანუმ თქვა, თუ რომელიმე კლუბი ჟიგიჩის სანაცვლოდ 4 მილიონს შემომთავაზებს, ვეტყვი, კარგად იყავი-მეთქი, ამ ფეხბურთელის გაყიდვაზე ფიქრს მხოლოდ 10 მილიონი ევროს შემოთავაზების შემთხვევაში დავიწყებო.

ეს საკმაოდ დიდი თანხაა თავდამსხმელისთვის, რომელიც 30 წლისაა და რომლის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა. პანუ კი ამბობს, იგივე ეხებათ „ბირმინგემის“ სხვა წამყვან მოთამაშეებსაც, როჯერ ჯონსონს, კოტ დანსა და კრეიგ გარდნერსაცო.

ლი ბოიერი
34 წლის, ბირმინგემი
„ბირმინგემ სიტის“ კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც ერთ დროს ძალიან ძლიერი „ლიდს იუნაიტედის“ წამყვანი მოთამაშე გახლდათ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც უთამაშია. ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი „ბირმინგემში“ „ვესტ ჰემისა“ და „ნიუკასლის“ გავლით მოხვდა. ჟიგიჩისგან და კომპანიისგან განსხვავებით, ბოიერს კონტრაქტი ახლავე უმთავრდება, ახლის გაფორმებას კი არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაბირება ნებისმიერ კლუბს უფასოდ შეუძლია.

ჯეიმს მაკფადენი
28 წლის, ბირმინგემი
შოტლანდიის ნაკრების თავდამსხმელს ამ სეზონში მუხლის ტრავმის გამო ექვსი თვე გაუცდა. ბოიერის დარად, მაკფადენიც უფასოა, რადგან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა „ბირმინგემში“ დარჩენასაც არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელებთან მან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართა და თუ მსურველები არსებობენ, უნდა იჩქარონ, თორემ საკმაოდ მაღალი კლასის ფორვარდი „ბირმინგემთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

რობერტ გრინი
31 წლის, ვესტ ჰემი
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 31 წლის მეკარე „ვესტ ჰემს“ დატოვებს. ინგლისური პრესა წერს, გრინი „ასტონ ვილასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებსო. „ვესტ ჰემი“ გრინის სანაცვლოდ ხუთ მილიონ ევროს ითხოვს.

სკოტ პარკერი
30 წლის, ვესტ ჰემი
ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტ პარკერიც ახალ სამსახურს ეძებს. 30 წლის სკოტის გადაბირება „არსენალს“, „ლივერპულს“, „ტოტენჰემს“ და „ასტონ ვილას“ სურთ. ყველაზე მეტად „ტოტენჰემი“ აქტიურობს - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა გადაწყვიტა, ძირითად შემადგენლობაში პარკერისთვის ადგილი გაათავისუფლოს: „ტოტენჰემი“ ჯერმეინ ჯენასს „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გაყიდვას უპირებს.

კარლტონ კოული
27 წლის, „ვესტ ჰემი“
ერთი შეხედვით, ინგლისური პრესის ცნობებიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელის გადაბირება არცერთ სერიოზულ კლუბს არ სურს. ჩვენი ინგლისელი კოლეგები კარლტონ კოულის ბედს ბოლოს „სტოკ სიტის“ უკავშირებდნენ, მაგრამ სამშაბათს კლუბის შეფმა პიტერ კოუტსმა BBჩ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, კოულის გადაბირებაზე ერთი წამითაც კი არ გვიფიქრიაო.

დემბა ბა
26 წლის, ვესტ ჰემი
„სანდეი მირორის“ ინფორმაციით, 26 წლის თავდამსხმელს კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გუნდის გავარდნის შემთხვევაში, „ვესტ ჰემიდან“ წასვლა უფასოდ შეუძლია. ამ ცნობას მყისვე მოჰყვა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ბას გადაბირება რუსულ გრანდებს სურთ, ყველაზე მეტად კი მოსკოვის „ლოკომოტივი“ აქტიურობს. ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ ბას გადაბირება „სტოკ სიტისაც“ უნდა.

მარკ ნობლი
24 წლის, ვესტ ჰემი
ახალგაზრდა ნახევარმცველით „სანდერლენდი“, „სტოკი“ და „ვულვზი“ არიან დაინტერესებულები, თუმცა ნობლი ძალიან ძვირი ღირს - „ვესტ ჰემი“ მას ექვს მილიონ ევროზე იაფად არაფრისდიდებით არ გაყიდის. 24 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

ჯეიმს ტომკინსი
22 წლის, ვესტ ჰემი
ისევე, როგორც ნობლი, ტომკინსიც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, ოღონდ, მარკისგან განსხვავებით ცენტრალური მცველია. მისი გადაბირება „ლივერპულს“ და „ტოტენჰემს“ სურთ, თუმცა 22 წლის უკანახაზელს „ვესტ ჰემში“ დარჩენა უნდა. ამას წინათ კლუბის ვებ-გვერდზე მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ტომკინსი გულშემატკივრებს პირდება, აუცილებლად დავრჩები და „ვესტ ჰემს“ პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლაში დავეხმარები, ფანების წინაშე უდიდეს ვალდებულებას ვგძრნობო.

თომას ჰიტცლშპერგერი
29 წლის, ვესტ ჰემი
ისევე, როგორც დემბა ბას, გერმანელ ნახევარმცველსაც შეუძლია, რომ კლუბი უფასოდ დატოვოს, თუმცა „ვესტ ჰემი“ ამ ცნობას არ ადასტურებს, სხვა ინგლისური გამოცემები კი წერენ, რომ გერმანელი 600 000 ევროდ გაიყიდება. გაირკვა, რომ თომასის გადაბირება მის ყოფილ კლუბს, „ასტონ ვილას“ სურს.


ესპანეთი
ნელსონ ვალდესი
27 წლის, ერკულესი
პარაგვაელმა თავდამსხმელმა, რომელიც ადრე ჯერ ბრემენის „ვერდერის“, მერე კი დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა და საქართველოს ნაკრების კარშიც აქვს გოლი გატანილი, „ერკულესში“ დარჩენა და სეგუნდა დივიზიონში თამაში კატეგორიულად გამორიცხა. კლუბის ხელმძღვანელებმა კი თქვეს, რომ ნელსონ აედო ვალდესს 3 მილიონ ევროდ შეელევიან. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, მისი ყიდვა ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ სურს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

დავიდ ტრეზეგე
33 წლის, ერკულესი
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გამოცდილი ფრანგი თავდამსხმელი, „იუვენტუსის“ ყოფილი გოლეადორი დავიდ ტრეზეგე იტალიაში დაბრუნდება, თუმცა ჯერ ცნობილი არაა, სერია A-ში რომელი გუნდის ღირსებას დაიცავს. ფრანგი ფორვარდის აგენტი ანტონიო კალიენდო ამბობს, დავიდის გადაბირება რომის „ლაციოს“ და „ნაპოლის“ სურთო, იტალიურ პრესაში კი დაიწერა, რომ ტრეზეგე სხვა, არაიტალიურ კლუბებსაც ძალიან აინტერესებთ - კიევის „დინამოსა“ და „ოლიმპიაკოსს“. აღსანიშნავია, რომ დიეგომ მარადონას ტრეზეგეს დუბაიში წაყვანა უნდა და ფრანგს შვეიცარიიდანაც აქვს შეთავაზებები. თვითონ ტრეზეგე კი უპირატესობას იტალიაში დაბრუნებას ანიჭებს.

როისტონ დრენტე
24 წლის, ერკულესი
„რეალიდან“ განათხოვრებულმა დრენტემ ახალი გუნდი უნდა ეძებოს, რადგან მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გასაგებად თქვა, დრენტე არაფერში მჭირდებაო. „სამეფო გუნდის“ პორტუგალიელ დამრიგებელს 24 წლის ნახევარმცველი მოსამზადებელ შეკრებაზეც კი არ მიჰყავს. ჰოლანდიური პრესა კი წერს, რომ როისტონი სხვადასხვა ინგლისურ და იტალიურ კლუბებს სურთ.

ხავიერ პორტილიო
29 წლის, ერკულესი
დღეს უკვე 29 წლის თავდამსხმელი ერთ დროს „რეალის“ მოთამაშე იყო, მადრიდში 4 წელი გაატარა და უდიდეს ტალანტად მიიჩნეოდა. მაგრამ ხავიერ პორტილიომ იმედები ვერ გაამართლა. გასული სეზონი მან „ერკულესში“ გაატარა და ისეთი შედეგი აჩვენა, რომლითაც თავს ნაღდად ვერავის მოაწონებს: მხოლოდ ერთი გოლი პრიმერადივიზიონის 26 მატჩში. პორტილიოს „ერკულესთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს და მისი მომავალი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

დიეგო კოლოტო
30 წლის, დეპორტივო
გამოცდილი ფეხბურთელი გალისიაში უნდა დარჩეს. „დეპორის“ პრეზიდენტმა ლენდოირომ მას ახალი, სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ლა კორუნიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის ოლტრა კი ღიად აცხადებს, რომ კოლოტოს პრიმერადივიზიონში დაბრუნებისთვის ბრძოლაში უმთავრესი როლი ექნება.

ლოპო
31 წლის, დეპორტივო
კოლოტოსგან განსხვავებით, მისი მეწყვილე ლოპო გუნდს აუცილებლად დატოვებს - მას „დეპორტივოსთან“ კონტრაქტი უმთავრდება და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს.

ხუან კარლოს ვალერონი
35 წლის, დეპორტივო
ერთ დროს ევროპის ერთერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, რომელიც ახლა უკვე 35 წლისაა, პრიმერადივიზიონის 36-ე ტურში, „ბარსელონასთან“ პაექრობისას დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ შეუძლია და თანაც, ძალიან მაღალ დონეზე. მართალია, „ბარსელონა“ ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით თამაშობდა, მაგრამ ვალერონი მოედანზე საუკეთესო გახლდათ. ხუან კარლოსი ლა კორუნიაში 2000 წლიდან თამაშობს ამ გუნდთან ერთად ბევრი კარგი თუ ცუდი გამოიარა. გადაწყვეტილია, რომ ვალერონი „დეპორტივოში“ რჩება და მომავალ სეზონში ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ლა კორუნიელები ელიტაში დააბრუნოს.


იტალია
ანჯელო პალომბო
29 წლის, სამპდორია
გენუელთა კაპიტანს საკმაოდ მაღალი ხელფასი, წელიწადში 1.5 მილიონი ევრო აქვს, რაც სერია B-სთვის ზედმეტად დიდი ფუფუნებაა. „სამპდორიას“ მომავალმა სპორტულმა დირექტორმა პასკუალე სენსიბილემ თქვა, პალომბო ჩვენი გუნდის უმთავრესი ფიგურაა, მაგრამ სერია B-ში ამხელა ხელფასს ვერ გადავუხდითო. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, პალომბოთი „ფიორენტინა“ და „ნაპოლი“ არიან დაინტერესებულები, მაგრამ ახალ მწვრთნელ ალბერტო მალეზანის მისი შენარჩუნება უნდა. სხვათა შორის, „სამპდორიაში“ დარჩენას არც თვითონ 29 წლის ფეხბურთელი გამორიცხავს, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი - პალომბო „სამპას“ ღირსებას ხომ 9 წელია იცავს.

ჯონათან ბიაბიანი
23 წლის, სამპდორია
ეს უკანასკნელი „სამპდორიაში“ ზამთარში, მილანის „ინტერიდან“ გადავიდა (პაცინის ტრანსფერს ხურდაში გააყოლეს) და მისი ფასი სეზონის წინ 7 მილიონი იყო. თუმცა გენუაში მთლად კარგად ვერ ითამაშა, რის გამოც აშკარად გაუფასურდა. ბიაბიანის მომავალი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბარეტო
25 წლის, ბარი
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ეს სეზონი ნორმალურად დაიწყო: ათი ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასი იყო. წინა სეზონში კი ბარეტომ 14 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. მისი გადაბირება „ფიორენტინას“ სურს. ბარეტოს „ბარისთან“ კონტრაქტი 2012 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.


საფრანგეთი
თორან ჰაზარდი
18 წლის, ლანსი
გვარმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ - ეს ის ცნობილი ჰაზარდი არ არის. თორანი ბელგიელი სუპერვარსკვლავის, ედენ ჰაზარდის ძმაა - ფეხბურთელის, რომელიც „ლილთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. თორან ჰაზარდის კლუბი „ლანსი“ კი პირველი ლიგიდან გავარდა, რის გამოც დიდი შანსია, რომ თორანმა კლუბი გამოიცვალოს.

მაჰამადუ დიარა
30 წლის, მონაკო
იანვარში „რეალიდან“ „მონაკოში“ გადასულმა საყრდენმა ნახევარმცველმა ფრანგულ კლუბთან, რომელიც პირველი ლიგიდან გავარდა, ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უფასოა. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. ჩვენი ფრანგი კოლეგების ცნობით, დიარა „ლიონში“ დაბრუნებაზე ფიქრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული