სამწვრთნელო კარუსელი ევროპაში: იძებნება ბევრი ახალი გვარდიოლა

AutoSharing Option
გერმანიაში სამწვრთნელო კარუსელი მაშინ დატრიალდა, როცა არავინ ელოდა და თანაც ისე ძლიერად, რომ მთელი საფეხბურთო გერმანია შეძრა. „ლელოს“ ერთგულ მკითხველს ეხსომება, რომ ბუნდესლიგაში სამწვრთნელო გადაადგილებები ორ კვირაზე დიდხანს გაგრძელდა.

სამაგიეროდ, დღეს ბუნდესლიგაში ყველა კლუბს ჰყავს დამრიგებელი და მწვრთნელების თემა აქტუალური აღარ არის და გერმანელებს შეუძლიათ, მთლიანად სატრანსფერო ბაზარზე იყვნენ კონცენტრირებულნი. აი, ევროპის სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში კი სამწვრთნელო კარუსელი სწორედ ახლა ტრიალებს. სუპერკლუბებიდან ახალ დამრიგებელს ლონდონის „ჩელსი“ ეძებს და დიდი შანსია, რომ „არისტოკრატებში“ გუს ჰიდინკი დაბრუნდეს. იმ დროს, როცა მადრიდის
„ატლეტიკოს“ ჩაბარება უკვე საკმაოდ ბევრმა სპეციალისტმა იუარა, „რომამ“ ე.წ. „მინი გუარდიოლა“ თითქმის დაითანხმა - ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ რომაულ კლუბს ლუის ენრიკე გაწვრთნის. დიდიე დეშამი კი ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ „მარსელში“ რჩება.

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების სამწვრთნელო კარუსელს.

ინგლისი
ჩელსი
ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონობა სეზონის ბოლოს, 35-ე ტურში დაკარგა, როცა კონკურენტ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგას კი ლონდონელები მეოთხედფინალში გამოეთიშნენ. გუნდის მფლობელი რომან აბრამოვიჩი ასეთმა შედეგმა ვერ დააკმაყოფილა და შესაბამისად, 22 მაისს კარლო ანჩელოტი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მაშ ასე, ვინ მიხედავს „ჩელსის“? კანდიდატებს შორის უდავო ფავორიტი გუს ჰიდინკია, რომელიც აბრამოვიჩს ძალიან უყვარს. დაბრუნდება ჰიდინკი ლონდონში? იქნებ მწვრთნელის პოსტზე მუშაობას სპორტული დირექტორობა ურჩევნია? ინგლისური პრესის ინფორმაციით, ჰიდინკს უფრო გამზრდელი მწვრთნელის ფუნქცია დაეკისრება, მისი შეგირდი კი ან მარკო ვან ბასტენი ანაც ჯანფრანკო ძოლა გახდება. თუ ლონდონელები ჰიდინკს ვერ დაითანხმებენ, „ჩელსიში“ პირველი კანდიდატი მარკ ჰიუზია.

ფულჰემი
„ფულჰემმა“ ეს სეზონი საკმაოდ სოლიდურად ჩაატარა და პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ფრით (16) და მხოლოდ 11 წაგებით მერვე ადგილი დაიკავა. თანაც, კლუბმა „ფეარ პლეის“ წყალობით ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა. მიუხედავად ამისა, „ფულჰემის“ მწვრთნელი მარკ ჰიუზი ივნისის დასაწყისში შეგირდებს გამოეთხოვა და გუნდი ახალ თავკაცს ეძებს. ჰიუზის აგენტმა თქვა, მარკმა კლუბს სეზონი კარგად ჩაატარებინა, მაგრამ უფრო დიდი ამბიციები აქვსო.

სამშაბათს „ფულჰემში“ ახალი მწვრთნელის რანგში მარტინ იოლი წარადგინეს. „ჰამბურგისა“ და „აიაქსის“ ყოფილმა დამრიგებელმა „ფულჰემთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა - კიდევ ერთი წლის პერსპექტივით. „ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს და შესანიშნავი ფანები ჰყავს. ვიყო „ფულჰემის“ ნაწილი - ეს ჩემთვის უდიდესი ნაწილია,“ - თქვა იოლმა.

ასტონ ვილა
„ასტონ ვილამ“ გასული სეზონი დამაკმაყოფილებლად ჩაატარა და ცხრილში „ფულჰემის“ ქვემოთ, მე-9 ადგილზე დამკვიდრდა. ამ სეზონში „ვილას“ ნეგატიური პიკი მეთოთხმეტედან 22-ე ტურამდე იყო, როცა გუნდმა ზედიზედ ექვსი თამაში წააგო. თუმცა მწვრთნელი ჟერარ ულიე „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელებს არ გაუთავისუფლებიათ - ის თანამდებობიდან თვითონ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადადგა.

ვინ იქნება „ასტონ ვილას“ დამრიგებელი მომავალ სეზონში? ჰმ... კარგი კითხვაა... ამბობენ, „ვილას“ მფლობელი რენდი ლერნერი კარლო ანჩელოტის ფანიაო. ამ უკანასკნელმა კი თქვა, ინგლისში დარჩენა მინდაო, მაგრამ ორი დღის შემდეგ დასძინა, მირჩევნია, ერთი წელი დავისვენოო. ჩვენი ინგლისელი კოლეგები მარკ ჰიუზს „ასტონ ვილასთან“ მიმართებაშიც ხშირად ახსენებენ ხოლმე.


ესპანეთი
ატლეტიკო
14 წაგება ესპანეთის ჩემპიონატში, მეშვიდე ადგილი - მადრიდის „ატლეტიკომ“ გასული სეზონი ევროპის სუპერთასის მოგებით, ანუ, ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე საშინლად გააგრძელა და ცუდად დაასრულა. წარუმატებელ სეზონს ისიც დაემატა, რომ გუნდის ლიდერმა კუნ აგუერომ განაცხადა, „ატლეტიკოდან“ უნდა წავიდეო, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი მადრიდულ კლუბს ხუთწლიანი ერთგულების შემდეგ დატოვებს. მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი კი გუნდს მაისის შუა რიცხვებში გამოემშვიდობა.

ახალი მწვრთნელი კი ჯერჯერობით არ ჩანს. აქამდე ტოპ-ფავორიტად „ბარსელონას“ მეორე გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნეოდა, მაგრამ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელი „რომას“ ანიჭებს უპირატესობას. „ატლეტიკოს“ შეფები რაფა ბენიტესსაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ესპანური პრესის ცნობით, „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ახლა „სევილიას“ ყოფილი დამრიგებელი გრეგორიო მანსანოა.

სევილია
„სევილიამ“ ბევრი იბრძოლა თუ ცოტა, ბილბაოს „ატლეტიკთან“ და „ატლეტიკოსთან“ ბრძოლაში - სეზონის ბოლოს სამივემ ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს - მეხუთე ადგილი დაიკავა. თუმცა სევილიელებს სხვა მიზნები ჰქონდათ და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებობდნენ. შესაბამისად, გრეგორიო მანსანოს თანამდებობა დაატოვებინეს.

...და ვინ შეცვლის მას? მარსელინო გარსია ტორალი! 45 წლის სპეციალისტმა წინა კვირას სანტანდერის „რასინგი“ ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო დატოვა და „სევილიასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებაში გაწერილი წარმატების შემთხვევაში კი კონტრაქტი ავტომატურად კიდევ ორი წლით გაგრძელდება. გარსია ტორალი, რომელიც „რასინგში“ თებერვალში დაბრუნდა, მანამდე „ხიხონს“, „უელვას“ და „სარაგოსას“ წვრთნიდა.

რეალ სოსიედადი
„რეალ სოსიედადი“ ბოლო ტურებამდე გადარჩენისთვის იბრძოდა. პრიმერადივიზიონში დარჩენა ბასკებმა მხოლოდ უკანასკნელ ტურში გაინაღდეს. მიუხედავად ამისა, შეფებმა მარტინ ლასარტე მაინც გაათავისუფლეს.

მომავალ სეზონში „სოსიედადს“ ფრანგი ფილიპ მონტანიე უხელმძღვანელებს. 46 წლის სპეციალისტი ბასკურ კლუბში „ვალანსიენიდან“ გადავიდა, სადაც 2009 წლიდან წარმატებული ანტუან კომბორე შეცვალა, გასულ სეზონში კი „ვალანსიენი“ მე-12 ადგილზე გაიყვანა.


იტალია
რომა
„ჯალოროსი“ იტალიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა, გუნდის მიზანი კი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლდათ. შესაბამისად, „რომას“ ახალი მფლობელი თომას დი ბენედეტო ძალიან უკმაყოფილო დარჩა და ლოგიკურია, რომ ვინჩენცო მონტელას აღარ ენდობა. ამ უკანასკნელმა ზამთარში კლაუდიო რანიერი შეცვალა, მაგრამ რაკი ვერაფერს მიაღწია, დი ბენედეტო მასზე უარს ამბობს.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „რომას“ ლუის ენრიკე მიხედავს - ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი, ყველასათვის კარგად ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში „ბარსელონას“ მეორე გუნდი მეორე ლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა. გუშინ ლუის ენრიკემ განაცხადა, „რომასთან“ ყველაფერზე შეთანხმებული ვარ, კონტრაქტს მხოლოდ ჩემი ხელმოწერაღა აკლიაო. მანამდე ჩვენი იტალიელი კოლეგები „რომას“ ბედს დიდიე დეშამს და მარკო ჯამპაოლოსაც უკავშირებდნენ.

ჯენოა
გასული სეზონი კახი კალაძის კლუბისთვის თავგადასავლებით აღსავსე იყო. „ჯენოამ“ სეზონი ტონის, რაფინიას, ედუარდოს, რანოკიასა და კომპანიის ტრანსფერების შემდეგ დიდი ამბიციებით დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელებმა მწვრთნელი დავიდე ბალარდინი, რომელმაც „ჯენოა“ ნოემბერში ჩაიბარა და განპიერო გასპერინი შეცვალა, სეზონის ბოლოს გაათავისუფლეს.

დიდი შანსია, რომ „ჯენოა“ ახალი სეზონისთვის ალბერტო მალეზანიმ მოამზადოს, რომელმაც „ბოლონიას“ საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარებინა და გუნდი სერია B-ში გავარდნისგან უპრობლემოდ იხსნა. „ჯენოას“ პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი ამბობს, ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი, ორი სერიოზული კანდიდატი მყავსო. თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მეორე კანდიდატმა დელიო როსიმ პრეციოზის უკვე უარი შეუთვალა.

კატანია
„კატანიას“ დეკემბერსა და იანვარში სერიოზული კრიზისი დაეწყო, რამაც გუნდის მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო შეიწირა. ეს უკანასკნელი კი არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერია A-ში გამობრძმედილმა დიეგო სიმეონემ შეცვალა, რომელმაც სიცილიური კლუბი ელიტიდან გავარდნისგან გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს სიმეონესა და „კატანიას“ გზები მაინც გაიყო - ცნობილი გახდა, რომ დიეგოს გაცილებით დიდი მიზნები აქვს და უფრო ამბიციურ კლუბში მუშაობა სურს. გაირკვა ისიც, რომ მას „ესტუდიანტესში“ ეპატიჟებიან.

...მაგრამ ვინ მიხედავს „კატანიას“? დიდი შანსია, რომ ეს ვინჩენცო მონტელა იყოს. „რომას“ ყოფილმა თავკაცმა სიცილიელებთან უკვე გამართა პირველი მოლაპარაკებები და „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები დარჩა შესათანხმებელი.


საფრანგეთი
მარსელი
ვერ ვიტყვით, რომ „ოლიმპიკმა“ სეზონი ჩააგდო, მაგრამ მეორე ადგილი საუკეთესო შედეგი არ არის - „მარსელი“ სენსაციურ ჩემპიონ „ლილს“ ჩამორჩა. ჩემპიონთა ლიგაში „ველოდრომელების“ ბოლო გაჩერება მერვედფინალი იყო, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდნენ. მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის გათავისუფლებას არავინ აპირებდა, სპეციალისტმა სეზონის ბოლოს თვითონ თქვა, გადაწყვეტილი არაფერია, არ დაგიმალავთ და „რომაში“ მეპატიჟებიანო.

თუმცა დეშამი „მარსელში“ რჩება. „მარსელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვენსან ლაბრუნმა ორშაბათს თქვა, დიდიე მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნებაო.

ბორდო
„ბორდომ“ 38 ტურში მხოლოდ 12 მატჩი მოიგო - შესაბამისად, ჟირონდელებმა მე-7 ადგილი დაიკავეს. მას მერე, რაც ჟან ტიგანა თანამდებობიდან გადადგა, გუნდი ერიკ ბედომ დროებით, მხოლოდ სეზონის ბოლომდე ჩაიბარა.

...და ვინ გაწვრთნის „ბორდოს“ ახალ სეზონში? ფრანსის ჟილო - „სოშოს“ ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც თავისი ექს-კლუბი მე-5 ადგილზე გაიყვანა და „ბორდოს“ გაასწრო. ჟილომ ჟირონდელებთან ორშაბათს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნანსი
16 მარცხი ერთ სეზონში ნაღდად მეტისმეტია. თანაც, „ნანსიზე“ მეტი წაგება საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდა. საბოლოო ჯამში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა და მხოლოდ 4 ქულით გაასწრო შავ ზონას. შესაბამისად, კლუბის შეფებმა მწვრთნელი პაბლო კორეა გაათავისუფლეს. არადა, ეს სპეციალისტი „ნანსის“ 9 წლის (!) მანძილზე წვრთნიდა.

„ნანსის“ ახალი დამრიგებელი კი ჟან ფერნანდესია - 56 წლის მწვრთნელი, რომელიც „ოსერს“, სადაც ხუთი წელი იმუშავა, წინა კვირაში გამოეთხოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული