სატრანსფერო გარღვევები

AutoSharing Option
მსოფლიოში რამდენიმე ლიგაა, სადაც ორი გამოკვეთილი ლიდერი ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს თამაშის წესებს კარნახობს. ასეთად ტრადიციულად შოტლანდია მიიჩნეოდა (“რეინჯერსისა” და “სელტიკის” ჰეგემონია აქ 1985 წლის შემდეგ გრძელდება), ბოლო წლებში რაღაც ამის მსგავსი შეიმჩნევა ესპანეთშიც (“ბარსელონა” და “რეალი” სხვებს 2004 წლის შემდეგ ჩემპიონობის შანსს არ უტოვებენ) და რაც მთავარია, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები: დონეცკის “შახტარი” და კიევის “დინამო”. 1993 წლიდან მოყოლებული სხვა კლუბი ამ ქვეყნის ჩემპიონი არ ყოფილა. აღნიშნული გუნდები ბოლო წლებში სერიოზულად ძალად ჩამოყალიბდნენ და აღმოსავლეთევროპული გუნდებიდან აშკარად ყველაზე ძლიერები არიან.
უკრაინულმა ვებგვერდმა “ბესტსპორტმა” მათ სატრანსფერო პოლიტიკას გადახედა და 2000 წლიდან მოყოლებული ყველაზე წარუმატებელი შენაძენები გაუხსენა.

შახტარი
10. ნენად ლალატოვიჩი - სერბში 1 მილიონი ევრო გადაიხადეს და გუნდში დაცვის პრობლემების აღმოსაფხვრელად უხმეს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან გუნდს მარტო მინდორზე კი არა, მინდორს მიღმაც შეუქმნა პრობლემები (მაგალითად მაშინ, როცა მსაჯზე გაიწია).

9. სტიპე პლეტიკოშა – ხორვატის ტრანსფერი 2 მილიონი დაჯდა, მაგრამ ძალიან მალე ბავშვური შეცდომების დაშვება დაიწყო.

8. მილან იოვანოვიჩი – მასში 500 ათასი ევრო გაიღეს. სერბი ფეხბურთელისა ჯიუტად სჯეროდათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შემდეგ სათამაშოდ ბელგიაში წავიდა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2010წელს კი “ლივერპულში” ამოყო თავი.

7. ემა ოკოდუვა – 1 მილიონი ევრო. “შახტარს” ოკოდუვასა და ჯულიუს აგაჰოვას დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ სულ ტყუილად. ემა საერთოდ გაქრა, როგორც ფეხბურთელი.

6. ნიკოლაი იშჩენკო – 2 მილიონი. ძნელია ითქვას, იშჩენკომ მხოლოდ იმედები ვერ გაამართლაო. მეტიც, მან რამდენჯერმე აშკარად დააღალატა გუნდი. მის საფირმო ნიშნად იქცა... მოწინააღმდეგის ფორვარდისთვის ზუსტი პასის გაკეთება, “რა თქმა უნდა” საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს.

5. ბატისტა – 3 მილიონი. დღემდე ხუმრობენ, რომ ბატისტა გუნდში იმიტომ მოხვდა, რომ მირჩა ლუჩესკუს მეგობარი იყოო. მან ერთადერთი რამით დაახსომა გულშემატკივარს თავი: გაძევებული ლაშტუვკას მაგივრად კარებში ჩადგა.

4. ელანო - 7,6 მილიონი. ეს არ იყო წარუმატებელი ტრანსფერის კლასიკური შემთხვევა, უპირველესად იმიტომ, რომ ბრაზილიის ნაკრების პირველი მოქმედი ფეხბურთელი იყო უკრაინაში, პლუს, ის საკმაოდ სარფიანად გაიყიდა. თუმცა რამდენი თავის ტკივილი მოუტანა მან დონბასელებს?

3. კონსტანტინ კრავჩენკო – 3,6 მილიონი. გადავიდა თუ არა “შახტარში” ტრავმა მიიღო და შემდეგ უკვე ვეღარ მოახერხა ძირთადში დამკვიდრება. თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი პასითა და საჯარიმოთი კი მოახერხა თავის გამოჩენა.

2. მარსელო მორენო – 9 მილიონი ევრო. სამწუხაროდ, მარსელო ის “უსახელო დიპლომატი” აღმოჩნდა, რომლის თრევა არაკომფორტულია, მაგრამ მის მიტოვებაზე მაინც გწყდება გული.

1. ნერი კასტილიო – 15 მილიონი ევრო. “შახტარის” ყველაზე თვალსაჩინო ჩავარდნა სატრანსფერო ბაზარზე. როცა მექსიკელს ყიდულობდნენ, ეგონათ, რომ “ოლიმპიაკოსიდან” სუპერვარსკვლავი მოდიოდა. თუმცა კოლოსალური თანხის გადახდის შემდეგ თავად ფეხბურთელი ვერ მიხვდა, თუ სად მოხვდა. რამდენიმე უსახური მატჩის შემდეგ მექსიკელი იჯარით ხან სად მიდიოდა, ხან სად.

დინამო
2000 წლიდან მოყოლებული კიევის “დინამომ” ერთადერთ წარმატებას მიაღწია ევროპაში, როცა 2009-ში უეფას თასის 1/2-ფინალში გავიდა. წარუმატებლობების მიზეზებზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ არასწორი სატრანსფერო პოლიტიკაა. XXI საუკუნეში კიეველებმა შემდეგი შეცდომები დაუშვეს:

10. ბალაშ ფარკაში. უნგრელმა თავისი ტალანტი ერთადერთხელ გამოავლინა, როცა 2006 წელს მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრაში “ჰამბურგს” 3 გოლი გაუტანა. შემდგომი 4 წლის განმავლობაში “დინამოს” ძირითადში 6 თამაში ჩაატარა, 2010 წელს კი კარიერა “დებრეცენში” განაგრძო.

9. კრისტიან ირიმია - 550 ათასი ევრო. ამ მეკარის შესაძლებლობათა მაქსიმუმი უკრაინის მეორე ლიგა იყო. მისგან ერთადერთი ხეირი გასხვისებისას იყო.

8. ლეანდრუ მაშადუ - 1 მილიონი დოლარი. ლეანდრუმ სადებიუტო შეხვედრაში “დინამოს” საიუბილეო მეათასე გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ ერთბაშად მოუკლო, ვერაფრით მოახერხა ზედმეტი კილოგრამების დაგდება და სამი თვის შემდეგ პორტუგალიურ “სანტა კლარაში” გადავიდა.

7. მარიან მარკოვიჩი – 2,5 მილიონი ევრო. მან “დინამოში” 3 სეზონში სულ რაღაც 37 მატჩი ჩაატარა და ორადორი გოლი გაიტანა. ამას გარდა გამართა 11 შეხვედრა ევროთასებზე და 9 - უკრაინის თასზე. სერბმა კიევში 7 წელიწადი გაატარა და აქედან 4 “დინამო 2-ში”.

6. გილერმე – 5 მილიონი ევრო. ეს ფეხბურთელი მართლა მაგარი იყო, მაგრამ მხოლოდ თავიდან. შემდეგ მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა და იქაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

5. ანდრე – 8,1 მილიონი ევრო. ბრაზილიელი კიეველი გულშემატკივრების ბოლო იმედგაცრუებაა. მასში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, თუმცა ბოლოს გუნდს შერჩა “ეზოს ფეხბურთელი”, რომელიც ვარსკვლავების ყურებით იმდენად ერთობა, რომ ყურებითვე კმაყოფილდებოდა.

4. არისტონ ოტალვარო და დემბა ტურე – ეს ფეხბურთელები “დინამომ” მხოლოდ იჯარით აიყვანა. მათ დღემდე მოიხსენიებენ როგორც “იმ ორ კოლუმბიელს”. ერთადერთი თამაში რომელიც მათ ჩაატარაეს, ეს იყო “ლიონთან” 0:3 ჩემპიონთა ლიგაში. ამ მატჩის შემდეგ ორივე სამშობლოში გააბრუნეს.

3. პაპე დიაკატე - 4,5 მილიონი ევრო. ერთადერთი შედეგი რომელიც მის ტრანსფერს მოჰყვა ეს იყო გაუთავებელი ტრავმები და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში რეგულარული ჩავარდნები. მისი მაღალი ანაზღაურების გამო “დინამოს” მასთან განშორება სურს, მაგრამ იმ ფასად, რამდენიც მასში გადაიხადეს, პაპეს გაყიდვა ნამდვილად აღარ მოხერხდება.

2. ალექსანდრ ფილიმონოვი – 570 ათასი დოლარი. ფილიმონოვი სისტემატურად ცდებოდა და თანაც ყოველთვის გადამწყვეტ მომენტებში. მისი სათამაშო დონეზე ერთადერთი რამის თქმა შეიძლება: “დინამოდან” ის “ურალანში” გადავიდა.

1. რობერტო ნანი – 3 მილიონი ევრო. არგენტინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი დიდად დაეხმარა... “დინამო2-ს”. მთავარ გუნდში კი მან თავის გამოჩენა ერთადერთხელ მოახერხა. მისი სახელმა უარყოფი დატვირთვა შეიძინა და ყოველ წარუმატებელ ტრანსფერს მას ადარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული