ჩალიქი: ციხეში რა მინდა, გერმანიაში ვარ!
„სახლში, მშობლებთან ერთად ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ერთ-ერთ თურქულ ტელეარხზე გამოაცხადეს, რომ მე თურმე დაჭერილი ვარ და ბრალი სხვადასხვა მატჩების მანიპულირებაში მედება. თავიდან ძალიან გავბრაზდი ამ ცრუ ინფორმაციის გამო, მერე კი ბევრი ვიცინე, - აცხადებს
ამასობაში, სკანდალის შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. თურქული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სკანდალის შესახებ კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა: „სამართალდამცავი სტრუქტურები იდეალურად მუშაობენ. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა დამნაშავე გამოვლინდება. ეს სკანდალი ნამდვილად გამოგვაფხიზლებს. რაც არ უნდა მწარე იყოს რეალობა, ჩვენ ის უნდა მივიღოთ, დამნაშავეები კი საკადრისად უნდა დავსაჯოთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, - ბრალდებების მხოლოდ ხუთი პროცენტიც რომ დადასტურდეს, ეს თურქეთისთვის და თურქული სპორტისთვის მაინც საშინელება იქნება.“
ყველაფრის თავი ფენერბაჰჩეა
მას მერე, რაც პოლიციამ კვირას თურქეთის 15 პროვინციაში საერთო ჯამში 49 ეჭვმიტანილი, მათ შორის „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი დააკავა, სამართალდამცავებმა კიდევ რვა პირი აიყვანეს, რომელთა ვინაობა არ გახმაურებულა. ილდირიმი, რომლის გუნდი სკანდალში სავარაუდოდ მთავარ როლს თამაშობს, თავიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან გულზე პრობლემები შეექმნა, თუმცა სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა და მალე ისევ ციხეში დააბრუნეს. პარალელურად, „ფენერის“ (გუნდი თურქეთის მოქმედი ჩემპიონია) აქციების ფასი სტამბულის ბირჟაზე ათი პროცენტით დაეცა. გუშინ, „ფენერბაჰჩეს“ სხვა ხელმძღვანელებმა მორიგი ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კლუბს არაფერი დაუშავებია და რომ „ფენერის“ ყველა ფანს შეუძლია, გუნდის სუფთა და წარმატებული ისტორიით იამაყოს.
მანიპულაციების დამტკიცების შემთხვევაში, „ფენერბაჰჩეს“ ჩემპიონობის ჩამორთმევასთან ერთად, თურქეთის სუპერლიგიდან მეორე ლიგაში დაქვეითებაც ემუქრება. აქვე შეგახსენებთ, რომ „ფენერთან“ ერთად, სკანდალში ვიცე-ჩემპიონი „ტრაბზონსპორი“, „სივასი“, „ესქიშეჰირი“, „გენჩლერბირლიგი“ და „ანკარაგიუჯუც“ არიან გარეულები. ამ კლუბებიდანაც რამდენიმე ფუნქციონერი და ფეხბურთელია დაკავებული, რომლებსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების რამდენიმე წლით აღკვეთა ემუქრებათ.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, კონკრეტული დეტალები მანამდე არ გახდება ცნობილი, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"