ვინ მოიგებს კოლუმბიაში?

AutoSharing Option
ხვალიდან კოლუმბია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 24 ნაკრები პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლებს.

სწორად შენიშნა ავსტრიელ ახალგაზრდათა თავკაცმა ანდრეას ჰერაფმა, რომ ეს ჩემპიონატი "ფეხბურთელთათვის, შესაძლოა, კარიერის გადამწყვეტი ნაწილი გამოდგეს", რომ იქ წარმატება ბევრს ვარსკვლავთა შორის გაუკაფავს გზას.

სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და, ფავორიტთა შორის იქნება კოსტა რიკის ნაკრებიც, რომელმაც საბრძოლო გამოცდა ახლახან, კოპა ამერიკაზე გაიარა, მათი ლიდერი ჯოელ კემპბელია, რომლის ყიდვა ლონდონის "არსენალს" სურს.

ჩემპიონატი ბრაზილიისა და ეგვიპტის მატჩით იხსნება, რომელიც ხვალ ბარანკვილაში გაიმართება, ეს E ჯგუფის შეხვედრაა. ბრაზილიელთა თავკაცმა ნეი ფრანკომ ნამდვილ
ვარსკვლავეთს მოუყარა თავი, ნაკრებში არის "ინტერის" ფილიპე კოუტინიო, აგრეთვე კასემირო, ოსკარი და დანილო, რომლებიც ბრაზილიის ჩემპიონატში უკვე ნამდვილი ვარსკვლავები არიან. თუმცა ბრაზილიას აკლია ამ ასაკში ორი უდიდესი ტალანტი - ნეიმარი და ლუკასი.

ტურნირი 1977 წელს დაარსდა, ახლანდელი ჩემპიონი განაა, 2009 წელს განის ნაკრებმა ქაიროში, ფინალში პენალტების სერიაში აჯობა ბრაზილიას, მას მერე, რაც თამაში 0:0 მორჩა. ტურნირის ბომბარდირი განელი დომინიკ ადია გახდა 8 გოლით. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონები არგენტინელები გახსნენ (6), შემდეგ მოდიან ბრაზილიელები (4), ორჯერ მოიგეს ტურნირი პორტუგალიელებმა.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს ჩამოგითვლით. ტურნირის მასპინძელი კოლუმბიის ათიანი "პორტუს" გარემარბი ჯეიმს როდრიგესია, ევროპის ლიგის გამარჯვებული. საფრანგეთის ნაკრებიდან გამოვარჩევთ გაელ კაკუტას, გვიდა ფოფანას, ანტუან გრიზმანს. ურუგვაის გუნდში - ადრიან ლუნას. ესპანეთის ნაკრებიდან უკვე აღარ ვიცით ვისზე შევჩერდეთ: ხულიენ ლოპოტეგის გუნდში არიან სერხიო კანალესი, დანიელ პაჩეკო, ისკო, ასევე "ბარსას" ტალანტები ბარტრა, ორიოლ რომეუ, კიკო, სერხი რობერტო და სხვები. არგენტინელები თავს ერიკ ლამელათი და ხუან მანუელ იტურბეთი იწონებენ.

ჯგუფები
A

კოლუმბია
საფრანგეთი
მალი
კორეა

B
კამერუნი
ახ. ზელანდია
პორტუგალია
ურუგვაი

C
ავსტრალია
კოსტა რიკა
ეკვადორი
ესპანეთი

D
ხორვატია
გვატემალა
ნიგერია
ს. არაბეთი

E
ავსტრია
ბრაზილია
ეგვიპტე
პანამა

F
არგენტინა
ინგლისი
მექსიკა
ჩრდ. კორეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული