ეს ამბავი ვაშინგტონის "ფედექს ფილდზე", ამხანაგურ შეხვედრაში, 81 807 მაყურებლის წინაშე მოხდა. გამარჯვების გოლი 31 წლის ვეტერანმა ფორვარდმა მაიკლ ოუენმა თამაშის დამთავრებამდე 14 წუთით ადრე გაიტანა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე ბარსელონელმა ტიაგომ შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით გაქვითა ანგარიში, შეხვედრის პირველი გოლი კი ნანიმ შეაგდო. ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუთმატჩიან ამერიკულ ტურნეში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
რასაკვირველია, როგორც
გეხსომებათ, ლიგის ფინალში "იუნაიტედის" გოლი უეინ რუნიმ გაიტანა. სწორედ რუნის შეეძლო გოლის გატანა "ფედექს ფილდზეც", მაგრამ ნანის პასს ხელსაყრელი ადგილიდან მიზანი დააკლო. შემდეგ, რაფაელი სეიდუ კეიტასთან შევიდა ორთაბრძოლაში და ისე იტკინა ფეხი, რომ ძმის, ფაბიოს შესაცვლელი გახდა. მაგრამ, ინგლისის ჩემპიონი ამ ინციდენტმა ვერ გატეხა - დენი უილბეკმა მოედნის შუაში ბურთი იხელთა, სწრაფად გადაინაცვლა წინ და "ბარსელონას" ორ მცველს შორის ნანის მიმართულებით პასი გაჭრა. ნანიმ ბურთი შეიშნო, ვიქტორ ვალდესთან პირისპირ შევიდა და მეკარეს ფეხებსშორის გაუძვრინა.
შესვენებამდე 10 წუთით ადრე იბრაჰიმ აბელაის შეეძლო დავიდ დე ხეას კართან უკეთ თამაში. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ "ატლეტიკოდან" "იუნაიტედში" ახალგადასულ დე ხეას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ ჰქონია - ამ დღეს კატალონიელებმა ის ფეხბურთი, რომლის წყალობითაც მანჩესტერელებს 2009 და 2011 წლებში ორი ფინალი მოუგეს, ვერ აჩვენა.
სამაგიეროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტიაგომ, რომელიც ამ შეხვედრაში ზოგადადაც შესანიშნავად თამაშობდა, (და ჟურნალისტებს დააწერინა, ნეტავ "ბარსელონა" სესკ ფაბრეგასისთვის თავს რატომ იკლავსო) საუცხოო გოლი შეაგდო.
თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და პენალტები ახლოვდებოდა, მაგრამ მაიკლ ოუენმა სხვა გაგრძელება მოძებნა - ტომ კლივერლის დიდებულად გაეხსნა და გამარჯვების გოლი შეაგდო. მსაჯის წამატებულ წუთებში 2001 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ჩვენში რომ იტყვიან "ცარიელ კარში" ვერ შეაგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"