“ვაალვაიკმა” ”აიაქსის” 24 წლის ყოფილი ნახევარმცველი ევანდერ სნო გადაიბირა და მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ “ბრისტოლ სიტიში” იჯარით ასპარეზობისას, 2010 წლის გაზაფხულზე ევანდერს შუა ვარჯიშისას გულის შეტევა დაემართა. რომ არა ექიმების დროული ჩარევა, ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა.
ამის შემდეგ სნო ფეხბურთს მთელი წლით ჩამოშორდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ ის ვეღარ შეძლებდა პროფესიული კარიერის განახლებას, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართა, შედეგად სნო ფეხბურთს დაუბრუნდა. და აი, მისი მდგომარეობა “ვაალვაიკის” ექიმებმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმების უფლება მისცეს.
“ალკმაარმა” “ჰერენვენის” 23 წლის შემტევ ნახევარმცველ როი ბეერენსთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სატრანსფერო თანხას მხარეები არ ახმაურებენ. როის იმედი აქვს, რომ ბერტ ვან მაარვიკი ამის შემდეგ მას მეტ ყურადღებას მიაქცევს. “ნარინჯისფრებში” აქამდე მას ერთადერთი მატჩი 2010 წელს უკრაინის ნაკრებთან აქვს ჩატარებული. “ალკმაარი” ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემს სათამაშო სტილში ჯდება. გერტიან ფერბეეკთან წლების წინაც მიმუშავია, ვიცი, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. მან ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა,” – აცხადებს ფეხბურთელი.
“ეინდჰოვენმა” “როდასთან” ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და 24 წლის მეკარე პჟემისლავ ტიტონი დაიბევა. კონტრაქტით გათვალისწინებულია ისიც, რომ თუკი ფეხბურთელის სამსახურით პსვ-ში კმაყოფილნი დარჩებიან, სეზონის ბოლოს მასთან სრულფასოვან კონტრაქტიც გაფორმდება. პოლონელი ფილიპსელთა რიგებში შვედი ანდრეას ისაკსონის შემცვლელად განიხილება, ვისი კონტრაქტიც 2012 წელს იწურება და ვინც სამომავლო თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"